„ხელისუფლებას სრულიად ჩამოყალიბებული, ცალსახა პოზიცია აქვს, რაც შერეულ საარჩევნო სისტემას ითვალისწინებს. მოლაპარაკებები იქნება მოლაპარაკებებისთვის, რადგან საერთაშორისო თანამეგობრობა მოითხოვს მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ," - აცხადებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე დიპლომატიური კორპუსის ჩართულობით, ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდის შესახებ საუბრისას, რომელიც 20 დეკემბერს გაიმართება.
ვახტანგ ძაბირაძე: არ იქნება არანაირი შედეგი, უბრალოდ ამ საუბარში დრო გავა და შეხვედრების მთელი ანატომია იქნება ის, რომ საბოლოო ჯამში, ვერ შეთანხმდებიან. ოპოზიციამ, რაც არ უნდა წარადგინოს, ხელისუფლებისთვის მაინც მიუღებელი იქნება. საუბარი შეიძლება იყოს დამკვირვებლებზე, ფინანსებზე, დროზე და ა.შ., ასეთ წვრილმან საკითხებში შესაძლოა ხელისუფლება დათმობებზე წავიდეს, მაგრამ სხვა დათმობებზე არ წავა.
„რეზონანსი": ამერიკელი კონგრესმენების განცხადებაზე რას იტყვით, რომელიც ძირითადად პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას კრიტიკას მოიცავდა?
ვ.ძ: თავად ის ფაქტი, რომ ოპოზიციის და ხელისუფლების მოლაპარაკებებში ჩვენი დასავლელი მეგობრების ჩარევა იმას მიანიშნებს, რომ პროცესში აქტიურად ჩაერთვნენ, რადგან ხედავენ, რომ ყველაფერი საკმაოდ ხისტი დაპირიპირებისკენ მიდის. გარდა იმისა, რომ ხელისუფლებამ სიტყვა წაიღო უკან, ისინი (საერთაშორისო პარტნიორები) ასეთ ვითარებაში ყოველთვის ერეოდნენ. ასე იყო შევარდნაძის დროს და სააკაშვილის დროსაც.
ძირითადად მოლაპარაკება ხელისუფლებასთან მიდის, რადგან გადამწვეტი ხელისუფლებაა. აპრიორი ხელისუფლება ყოველგვარ დათმობაზე ან კომპრომისზე წასვლას უარყოფს. ზეწოლა გაძლიერდება და თუ რაიმე შეიძლება აქედან გამოდნეს, მხოლოდ იმ ფონზე, როგორი და რა მასშტაბის იქნება ზეწოლა, ასევე ხელისუფლება რამდენად გაითვალისწინებს ამას.
ზეწოლა ალბათ გაძლიერდება, მაგრამ რა დოზით იქნება და რამდენად იქნება ეს საკმარისი, რომ ხელისუფლება რაიმე კომპრომისზე წავიდეს, თქმა რთულია. ჯერჯერობით ალბათ კომპრომისზე არ წავა. არჩევნების შემდეგ რა იქნება, ეს არის პრობლემა ჩვენთვისაც და ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვისაც.
„რ": საერთაშორისო პარტნიორების თვალში როგორია დღეს „ქართული ოცნების" რეიტინგი?
ვ.ძ: როგორიც იყო შევარდნაძის რეიტინგი და როგორიც იყო სააკაშვილის რეიტინგი ბოლო პერიოდში. ტყუილია იმაზე ლაპარაკი, რომ ქართულმა „ენჯეოებმა" რაღაც არასწორი ინფორმაცია გადასცეს, ყველა ხელისუფლება ამას ლაპარაკობს.
„რ": და, 14 დეკემბერს „ქართული ოცნების" მიერ ორგანიზებული აქცია რისი გამოხატულება იყო?
ვ.ძ: ხელისუფლებას უნდოდა ეს აქცია წარმოეჩინა „ქართულ ოცნების" მხარდამჭერი აქტივისტების მიერ ორგანიზებულად და თავად გვერდზე დარჩენილიყო, მაგრამ ინფორმაცია „გასკდა". ამის შემდეგ „ოცნება" იძულებული გახდა ეთქვა, რომ ეს თითქოს ახალგაზრდული ფრთის ინიციატივა იყო და თავის მხარდამჭერებს და ძირითადად სახელმწიფო რესურსის წარმომადგენელებს მობილიზება მან გაუკეთა. უნდოდა ძალა ეჩვენებინა, მაგრამ არ მგონია, ამან იმოქმედოს. ყველა ხელისუფალი ბოლოს ცდილობს, რომ თქვას თუ რამდენი მხარდამჭერი ჰყავს, ზოგი სტადიონს ავსებს, ზოგი მოედნებს.
თუმცა აქედან არაფერი გამოდის და არც გამოვა. ხელისუფლება, როგორიც არ უნდა იყოს, იმის რესურსი ნამდვილად აქვს, რომ 100 ათასი კაცი ან მეტი დედაქალაქში ჩამოუყვანოს და ჩაატაროს მიტინგი. თავისუფლების მოედანზე შეკრებილები, არ მგონია ყველა „ქართული ოცნების" მხარდამჭერი იყოს. არჩევნების დროს ისინი სხვა არჩევანს გააკეთებენ.