თამარ შუკვანი
17.12.2019

 თბილისის საკრებულოს წევრმა „ქართული ოცნებიდან" ერეკლე კუხიანიძემ თავისი ფეისბუქპოსტის გამო ბოდიში მოიხადა, თუმცა ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივისტების ნაწილი მოითხოვს ხელისუფლებამ კუხიანიძეს მანდატი დაატოვებინონ, რაც, საპარლამენტო უმრავლესობის ნუკრი ქანთარიას თქმით, ხელისუფლების გადასაწყვეტი არ არის და ეს გადაწყვეტილება თავად კუხიანიძემ უნდა მიიღოს.

ხმაური და დაპირიპირებაა დღეს თბილისის საკრებულოში. „ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე და „ევროპული საქართველოს" წევრი ელენე ხოშტარია თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს, გიორგი ტყემალაძეს ხვდებიან. შეხვედრა ცოტა ხნის წინ დაიწყო. ოპოზიციის წარმომადგენლები ითხოვენ, რომ დეპუტატ ერეკლე კუხიანიძეს უფლებამოსილება შეუწყდეს.

ქანთარიას თქმით, „ქართული ოცნება" თბილისის საკრებულოს წევრის განცხადებას ემიჯნება და მსგავსი გამოსვლა მისთვის მიუღებელია. რაც შეეხება ოპოზიციის მოთხოვნას, მისი განცხადებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ" არსებული ვითარებით ისარგებლა.

„თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით, შეიძლება ეს საკითხი დადგეს, რომ მან შეურაცხყოფა მიაყენა და ზოგადად შეურაცხყოფები უნდა დამთავრდეს. აზრის გამოხატვა არ არის დასჯადი ქმედება. შეურაცხყოფაზე ბოდიში მან უკვე მოიხადა. უმრავლესობა არის საკრებულოში და თვითონ გადაწყვეტენ. საკრებულოს წევრის მანდატის დატოვება არ არის უმრავლესობაზე დამოკიდებული. ეს პირადი გადაწყვეტილება უნდა იყოს. რას და როგორ გააკეთებს, ამას თვითონ გადაწყვეტეს.

„ეს საკითხი გამოყენებული იქნა არეულობის, საკრებულოში აჯიოტაჟის, წივილ-კივილისათვის, რომელიც აბსოლუტურად არ არის მიმზიდველი და ნაკლებად შეიძლება ადარდებთ, თუმცა, ამ ფაქტს ჩაებღაუჭა ოპოზიციის და აქტივისტების ნაწილი. ვხედავთ ხუშტარია, დეკანოიძე და ვიღაცები როგორ ურბენენ გარშემო საკრებულოს. საკრებულოს წევრის მანდატს ვერავინ დაატოვებინებს თვითონ თუ არ უნდა," - აღნიშნა ქანთარიამ.

დეპუტატი ემიჯნება კუხიანის პოზიციას და აცხადებს, რომ მსგავსი განცხადებები მიღებელია:

„ერეკლე კუხიანიძე 80-იან წლებში პოპულარული ადამიანი იყო, 80-იანელების სახეც იყო. ნოდარ მანაგაძის ფილმში გურამ რჩეულიშვილს თამაშობს. არ არის რიგითი გამვლელი. ჩემთვისაც გასაკვირია, რატომ გააკეთა მან ასეთი განცხადებები და განსაკუთრებით გინება, რომელიც აბსოლუტურად შეუსაბამოა. მთელი გუნდი ვამბობთ, რომ ეს მიუღებელია. დანარჩენი, გარკვეული შეხედულებები, მისი პირადი მოსაზრებებია, რომელსაც ჩვენ არ ვიზიარებთ. კატეგორიულად ვემიჯნები შეურაცხყოფას," - ამბობს დეპუტატი.

ცნობისათვის, კუხნიანიძემ შეურაცხმყოფელად მოიხსენია ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი. კრიტიკული პოსტი მან პირად „ფეისბუქგვერდზე" მას შემდეგ დაწერა, რაც გაფრინდაშვილის ოჯახმა „ქართული ოცნების" მიერ დაანონსებულ ღონისძიებაზე თქვა, რომ ზეიმის დრო არ არის.

შეგახსენებთ, ვაჟა გაფრინდაშვილის „სასამართლო პროცესი" ცხინვალის რეგიონში 13 დეკემბერს გაიმართა და ის დე ფაქტო რეჟიმმა „პატიმრობაში" დატოვა. გაფრინდაშვილის შვილის თქმით, სასამართლო სხდომა ერთი კვირით გადაიდო, რის მიზეზადაც ექიმის ჩვენების არშეცვლა სახელდება, გაფრინდაშვილი ე.წ. საზღვარს არ აღიარებს.

ექიმი საოკუპაციო ძალებმა 9 ნოემბერს ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით დააკავეს. ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე ავადმყოფი ქალის დასახმარებლად გადავიდა, რომელიც თბილისში სამკურნალოდ ვერ ჩამოდიოდა.

ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრები 60 წლის ქალი ჭაში ჩავარდა და დაზიანებები მიიღო, თუმცა თბილისში ვერ გადაიყვანეს, რადგან საოკუპაციო რეჟიმს ე.წ. გამშვები პუნქტი ჩაკეტილი ჰქონდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×