„ზამთარში გრიპი იქნება, მაგრამ გართულებას არ ველით," - ასე პასუხობს „რეზონანსთან" დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პაატა იმნაძე საზოგადოებაში გაჩენილ პანიკას, რომელიც ბათუმში H1N1-ის ვირუსის პირველი შემთხვევის დაფიქსირების შემდეგ საზოგადოებაში გაჩნდა.
მისი შეფასებით, ზამთრის სეზონზე ვირუსის გართულებები მოსალოდნელი არაა, თუმცა სახელმწიფო მზადყოფნაშია.
„გრიპი გრიპია გინდა მაიმუნის, გინდა აქლემის, გრიპის შემთხვევების ნახევარზე მეტი B ტიპისაა, დანარჩენი გრიპის შემთხვევების ნახევარი H3 -ია , ნახვარი H1-ია, ვირუსების სეზონი არის, მაგრამ ამ ვირუსებში გრიპი არაა წამყვანი.
„90 ათასი ადამიანი მაღალი რისკის ჯგუფებში, მარტო სახელმწიფო პროგრამითაა აცრილი, კერძო სექტომა კი 40 ადამიანი აცრა ასე, რომ მზადყოფნა არის, ყველაფერი არის, ზამთარი გინახავთ გრიპი რომ არ ყოფილიყოს?
„ზამთარში გრიპი იქნება, მაგრამ გართულებას არ ველით," - აცხადებს იმნაძე.
დაავადებათა კონტროლის ცენტრი საზოგადოებას გრიპისგან დასაცავად რეკომენდაციებს სთავაზობს.
ცენტრის რეკომენდაციით, უმჯობესია მოქალაქეებმა ჩაიტარონ აცრები; რეგულარულად დაიბანონ ხელები; ნუ შეეხებიან ხელით თვალებს, ცხვირსა და პირს; მოერიდონ დაავადებულთან მჭიდრო კონტაქტს; ავადობისას კი დარჩნენ სახლში.
„თვალები, ცხვირი და პირი - გრიპის ვირუსის ორგანიზმში მოხვედრის ყველაზე სავარაუდო გზაა. შესუნთქულ ჰაერში გრიპის გამომწვევის არსებობის გაკონტროლება შეუძლებელია, მაგრამ შეგიძლიათ შეამციროთ დაავადების რისკი თუ არ შეეხებით ხელებით სახეს. თუ ეს ძალიან საჭიროა, თვალებს, პირსა და ცხვირს შეეხეთ ერთჯერადი ცხვირსახოცით ან წინასწარ საპნით დაბანილი ხელებით. თუ გრიპით ხართ ავად, თქვენ საფრთხეს უქმნით ირგვლივ მყოფთ. განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ არიან ისეთი ქრონიკული დაავადების მქონენი როგორიცაა კიბო, გულის დაავადებები, აივ ინფიცირებულები. ირგვლივ მყოფთა კონტაქტების დროული შეზღუდვის გადაწყვეტილება ხელს შეუშლის გრიპის შემდგომ გავრცელებას და შესაძლოა გადაარჩინოს ვინმეს სიცოცხლე," - ნათქვამია დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.