ია აბულაშვილი
17.12.2019

 "მუდმივი არსატაბილურობა არა მხოლოდ "ქართული ოცნებისთვის" არის ცუდი, არამედ ქვეყნისთვის. ამ კრიზისის პროვოცირება თავად ხელისუფლებამ მოახდინა, თავისი გადაგდება-გადმოგდებით, მაგიდაც თვითონ ააყირავა, ამიტომ მუდმივმა რყევამ კი არა, ერთმა წვეთმა შეიძლება კედელი დაანგრიოს" - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ქვეყანაში შექმნილ ვითარებას.

"ყოველდღე ვისმენთ, როგორ მკაცრდება ტონი დასავლეთიდან, ვაკვირდებით დინამიკას და ვხედავთ, რომ დიპლომატიური ენის ფარგლებს ცდება. კომენტარები კი, რომელიც ხელისუფლებისგან მოვისმინეთ საერთაშორიოს შეფასებებთან მიმართებაში, არის ძალიან არადეკვატური. ხელისუფლებას თუ იმის ილუზია აქვს, რომ რასაც თვითონ იტყვის, იმას შეაჭმევს ვაშინგტონს, ან იმის იმედი აქვს, რომ "ოცნებაში" იპოვიან ისეთ ბიჭებს, რომლებიც მოახერხებენ დაარწმუნონ საერთაშორისო საზოგადოება თავის სიმართლეში, ძალიან სცდებიან. ამიტომ, როდის დადგება ეს კრიტიკული მომენტი ხელისუფლებისთვის არავინ იცის.

რა თქმა უნდა, ხელისუფლების შესანარჩუნებლად ყველაფერზე მიდიან, კომპრომატებით მართავენ ქვეყანას, თუნდაც ბოკერიას საქმე. მართალია მე ამ საქმეს სამართლებრივად ვერ შევაფასებ და ვერც იმას ვიტყვი, არის თუ არ ბოკერია დამნაშავე, მაგრამ თვითონ სურათია შემაშფოთებელი, რომ ქვეყანა კომპრომატებით იმართება. აღძრავენ საქმეს და შეინახავენ, იმ იმედით, რომ ხმას არ ამოიღებს, მაგრამ თუ ხმას ამოიღებს, აამუშავებენ. სად იყვნენ აქამდე, 5 წლის წინ არ აღძრეს ეს საქმე? ამიტომაც მიანიშნებს პოლიტიკურ მოტივებზე, რაც არის ძალიან ცუდი და ქვეყანას დადებითს ვერაფერს შესძენს.

ხელისუფლებას ოპოზიციის კი არ უნდა ეშინოდეს, რადგან ოპოზიციაც ვერ გამოიყურება წელში გამართული, მაგრამ თუ მხოლოდ იმის იმედად არიან, რომ კუნთების თამაშით მოერევიან და ჭიდაობით, ეს საკითხი ვერ მოგვარდება. ბიძინას მთავარი პრობლემა ოპოზიცია კი არ არის, თავად ბიძინაა. რა თქმა უნდა, არასტაბილური ვითარება გაგარძელდება, მუდმივი არასტაბილურობა კი მხოლოდ "ოცნებისთვის" არ იქნება ცუდი, ქვეყნისთვის არის ცუდი. მუდმივამ რყევებმა კი არა, შეიძლება ერთმა წვეთმა კედელი დაანგრიოს. მაგრამ, ამ კრიზისის პროვოცირება თავად ხელისუფთლებამ მოახდინა, თავისი გადაგდება-გადმოგდებით და მაგიდაც თვითონ ააყირავა," - განაცხადა "რეზონანსთან" გია ხუხაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×