ბოლო თვეებში გაუფასურებულმა ლარმა, უძრავი ქონების ბაზარზე პრობლემები შექმნა. წელს ბინებზე ფასმა მოიმატა, მსყიდველთუნარიანობა კი - დაეცა. სპეციალისტები 2019 წელს არსებულ ვითარებას ცუდად აფასებენ, დეველოპერები ფინანსურ კრიზისში აღმოჩნდნენ.
სამშენებლო სფეროს ზრდის ტემპი წლიდან წლამდე იკლებს. 2018 წლის მეორე კვარტალში სექტორის ბრუნვამ მხოლოდ 4.5%-ით გაიზარდა და 1.76 მლრდ ლარი შეადგინა მაშინ, როცა 2017 წლის მეორე კვარტალში 21%-მდე ზრდა იყო, 2016 წელსკი - 42.3%. მენაშენთა ასოციაციაში ამბობენ, რომ მიმდინარე წლის პირველ ნახევარში უძრავი ქონების ბიზნესს საბანკო რეგულაციებმა დიდი დარტყმა მიაყენა. ასოციაციის ხელმძღვანელი, ირაკლი როსტომაშვილის თქმით, გაისადაც იგივე ვითარება იქნება.
"საბოლოო ჯამში კი, ეს წელი უძრავი ქონების ბაზრისთვის მძიმე იყო, რაც ინვესტიციების შემცირებაზე აისახა კიდეც. მშენებლობების შემცირება კი, პირდაპირ აისახება სამუშაო ადგილებზე. საგაისოდაც ძალიან ცუდი მოლოდინი მაქვს. არსებული ვითარება, არავითარ პოზიტიურ პერსპექტივას არ აჩენს. საბანკო რეგულაციების მხრივ არაფერი არ ხდება, თითქოს, ოდნავ შეარბილეს, მაგრამ ამ რეგულაციებმა ძალიან ცუდი როლი შეასრულა. ახალი ობიექტის დაწყება დიდი ხნის პროცესია და საკმაოდ შრომატევადიც. გაფუჭებული საქმის აღდგენა კი ურთულესია.
მე რა შეხებაც მაქვს უცხოელებთან, მივხვდი, რომ ჩვენი ქვეყნის მიმართ ნდობა აბსოლუტურად ნულოვანი აქვთ. საქმეს დაიწყებენ, მერე გამოვლენ და იტყვიან, რომ ხვალიდან რეგულაციები შემოაქვთ. ასეთი რაღაცები კი, უძრავ ქონებას საკმაოდ აზარალებს. მშენებლობა რამდენიმე წლიანი პროცესია, ამიტომ აქ უნდა ხდებოდეს პროგნოზირების გაკეთება. საპროცენტო განაკვეთს ხან აწევენ, ხან დაწევენ, ასეთი რამ არ შეიძლება.
ბინები ფასებმა ოდნავ მოიმატა, თუნდაც ამ რეგულაციების გამო. ადრე დამტკიცებული პროექტები გაყიდვაში ჯერ არ ჩაშვებულა, ახლა იწყება მშენებლობა. ჩემი აზრით, ბინებზე ფასის აწევა შიშის და რაიმე ცუდის მოლოდინის გამო ხდება.
რაც შეეხება მსყიდველთუნარიანობას, ძალიან დაბალია, რადგან ჩვენი ბიზნესი დამოკიდებულია კარგ შემოსავლიან, შეძლებულ მოქალაქეებზე. მათი რაოდენობა კი, მცირდება. შესაბამისად ცხადია, რომ მსყიდველთუნარიანობა წლიდან წლამდე მცირდება”, - აღნიშნა “რეზონანსთან” როსტომაშვილმა.
ახლა სამშენებლო სექტორი ჭაობშია – ბინებზე ფასები გაიზრდა, მოსახლეობის ფინანსური მდგომარეობა კი გაუარესდა. ლარის გაუფასურებამ, შემოღებულ რეგულაციებთან ერთად, სამშენებლო სფეროს დიდი დარტყმა მიაყენა.
საბანკო რეგულაციები ის მთავარი მიზეზია, რამაც უძრავი ქონების ბიზნესი დააზარალა. სამშენებლო სამართლის სპეციალისტის, უჩა ზაქაშვილის განცხადებით, ახლა უკვე რეგულაციების გადახედვა გამოსავალი არ არის და ბაზარაზე წელს შექმნილ მძიმე ვითარებას არ გამოასწორებს. გაისადაც ამ მიმართულებით დადებით ტენდენციას ვერ ხედავს.
"პირველ რიგში, ყველაზე მნიშვნელოვანი და თვალში საცემი რაც არის, ეს თბილისის ახალი გემგეგმაა, რომელმაც ბევრი სამშენებლო მიწის ნაკვეთი, უბრალო მიწის ნაკვეთად აქცია. სამშენებლო შეზღუდვა ბევრ კერძო მესაკუთრეს შეეხო. ზოგმა ჯერაც არ იცის, რომ ასეთ დღეში არიან, არ დაინტერესებლან და არ შეუმოწმებიათ. ეს ეხება ცარიელ მიწის ნაკვეთებს, ან რომელიც უკვე განაშენიანებულია, თუმცა სამომავლოდ რაიმე სამშენებლო სამუშაოების პერსპექტივა დაკარგული აქვს. იყო საუბარი, რომ ახალი გენგეგმა გაითვალისწინებდა რაიმე შეღავათებს და კომპენსაციებს, თუმცა საკუთრების დაცვის ვერანაირი მექანიზმი ვერ მივიღეთ.
საბანკო რეგულაციებმა ძალიან შეამცირა გაყიდვები და შეზღუდა გრძელვადიანი განვადებები და ა.შ. ბინის ფასების მომატება განპირობებულია გარკვეული მიზეზებით იმის მიუხედავად, რომ ბაზარზე განსაკუთრებული არაფერი არ ხდება. თვითონ მშენებლობის თვითღირებულება გაიზრდა, რაც ავტომატურად აძვირებს ბინის ღირებულებას.
ახლა უკვე რეგულაციების გადახედვა გამოსავალი არ არის. რაც მოხდა ძალიან ცუდია, ფაქტობრივად, ერთი წელი დაიკარგა. ის, რომ რეგულაციები ხვალ გაუმჯობესდება, პოზიტივად არ ჩაითვლება. თბილისში უკვე მოქმედებს ახალი სამშენებლო კოდექსი, რომელიც არანაირად არ არის ჰარმონიზირებული დედაქალაქის გენგეგმასთან, ანუ გვაქვს რაღაც რეგულაციები, რომლის გამოყენებაც არ ვიცით, რადგან ერთმანეთს ეწინააღმდეგება. ამიტომ, პოზიტიური პროგნოზების გაკეთებისგან თავს შევიკავებ.
ბიზნესი იმ შემთხვევაშია წარმატებული, როდესაც არ აქვს ბიუროკრატული შეზღუდვები. ჩვენ ახლა სწორედ ასეთი შეზღუდვები გვაქვს, როგორც მშენებლობაზე, ასევე მყიდველებზე დაწესებული. ცხადია, ეს იწვევს უარყოფით შედეგებს ყველაფერში და ყოველთვის”, - აცხადებს უჩა ზაქაშვილი “რეზონანსთან”.