თამარ შუკვანი
18.12.2019

 „თუ ეს პროექტი განხორციელდა, საქართველო ამაში მონაწილეობას მიიღებს. განიხილებოდა პროექტი, რომლითაც გათვალისწინებული იყო გაზის ტრანსპორტირება აზერბაიჯანიდან უკრაინის მიმართულებით, მათ შორის საქართველოს გავლით," - აცხადებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე სამხეთ კორიდორის გაფართოების შესაძლებლობის შესახებ საუბრისას, რომლის განხილვასა და შესწავლას აზერბაიჯანი და უკრაინა აპირებს.

უკრაინის პრეზიდენტი ვლაიმერ ზელენსკი მეუღლესთან ერთად ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში იმყოფებოდა, რომლის ფარგლებშიც უკრაინის პირველი პირი აზერბაიჯენელ კოლეგა ჰეიდარ ალიევს, სხვა მაღალაჩინოსნებსა და ასევე ბაქოში უკრაინული სათვისტომოს წარმომადგენლებს შეხვდა. პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ეს მისი პირველი ოფიციალური ვიზიტია ბაქოში.

ზელენსკიმ ბაქოში ვიზიტისას განაცხადა, რომ უკრაინა და აზერბაიჯანი შეისწავლიან გაზის სამხეთ კორიდორის გაფართოების შესაძლებლობებს. მისივე თქმით, ეს გაფართოება მნიშვნელოვანია გაზის ევროპაში ტრანსპორტირების დივერსიფიკაციისთვის.

იმ შემთხვევაში, თუკი აღნიშნული პროექტი განხორციელდება, ჩიტაძე ამბობს, რომ მასში მონაწილეობას მიიღებს საქართველოც, რაც ქვეყნის გეოპოლიტიკურ და ეკონომიკურ მნიშვნელობას გაზრდის.

„პროექტი თავის დროზე ფინანსური პრობლემების გამო არ განხორციელდა. საქართველო-უკრაინის პროექტთან დაკავშირებით, საუბარი იყო დაახლოებით 20 მილიარდ კუბურმეტრის ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებაზე. ამ პროექტის განხორციელება თეორიულად შესაძლებელია, თუმცა, აუცილებელია მასში ჩართული იყვნენ მსოფლიოს წამყვანი ენერგეტიკული კომპანიები, რომლებიც ამ პროექტში შესაბამის ინვესტიციებს დააბანდებენ.

„ამ შემთხვევაში საქართველოს სატრანზიტო ფუნქცია გაიზრდება და გაზის ტრანსპორტირებიდან ქვეყანა დამატებით შემოსავალს მიიღებს. ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენიდან საქართველო კონკრეტულ სატრანზიტო საფასურს იღებს და შეღავათ ფასად შეისყიდის ბუნებრივ აირს, - დაახლოებით 500 მილიონი კუბურიმეტრის ფარგლებში, ამ შემთხვევაში კი შედარებით დაბალ ფასად შეისყიდის. ასევე შესაძლებელი იქნება უკრაინიდან ევროპის მიმართულებით აზერბაიჯანული გაზი იყოს მოწოდებული და არა რუსული, გააჩნია რა მოცულობა და გამტარუნარიანობა ექნება გაზსადენს.

„ამ შემთხვევაში პროექტს საქართველოსთვის ეკონომიკურ მნიშვნელობასთან ერთად, გეოპოლიტიკური მნიშვნელობაც ექნება, რადგან დასავლეთის ინტერესები საქართველოს მიმართ კიდევ უფრო გაიზრდება. უკრაინამ უნდა მიიღოს ალტერნატიული გაზი, ის დიდი ხნის განმავლობაში გაზის მოთხოვნილებას რუსული გაზის ხარჯზე იკმაყოფილებდა.

„თუ აზერბაიჯანი მიაწვდის შესაბამისი მოცულობის გაზს უკრაინას, შესაძლებელია პირველ რიგში უკრაინის მოთხოვნა გაზზე დაკმაყოფილდეს. აზერბაიჯანში დამატებითი ბუნებრივი აირის აღმოჩენისა და უკრაინის მიმართულებით მისი შემდგომში ტრანსპორტირების შემთხვევაში, შესაძლებელია იქნება ევროპაში ტრანსპორტირება, თუმცა, დღეს ეს საკითხი არ დგას დღის წერსიგში," - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×