როგორც მოსალოდნელი იყო ვალუტამ მკვეთრი გამყარება შეწყვიტა და 2.90-ს გადასცდა
გვანცა წულაია
18.12.2019

 ეროვნული ვალუტის გამყარების თვალსაზრისით დაწყებული პოზიტიური ნიშნები დროებითი აღმოჩნდა. 2,84-ის ნიშნულამდე პოზიციების გაუმჯობესება ეროვნულმა ვალუტამ 2 დღეზე მეტი ვერ მოახერხა და ახლა კვლავ 2.90-ს გადასცდა. როგორც "რეზონანსი" რამდენიმე დღის წინ წერდა, წელს მკვეთრი გამყარება მოსალოდნელი არ არის და კურსი 2,88-2,91-ის ფარგლებში იმერყევებს.

რამდენიმე დღეში ეროვნული ვალუტის ასეთი რყევები ბაზარზე არასტაბლურობის განცდას იწვევს. იმპორტიორები ამბობენ, რომ თუ ლარი 2.70-ზე არ ჩამოვა, პროდუქტებზე ფასი არ დაიწევს. საბანკო სფეროს სპეციალისტი ლია ელიავა აცხადებს, რომ სებ-ს ეროვნული ვალუტის გამყარების რესურსი გააჩნია, თუმცა ამისთვის ნაბიჯებს არ დგამს. შესაძლოა სებ-ი დაინტერესებულია კურსის მკვეთრი მერყეობით, ხელმძღვანელი პირების პირადი გამორჩენის მიზნით.

“ეროვნულ ბანკს შეუძლია ლარი გაამყაროს, მაგრამ, სამწუხაროდ, ამას არ აკეთებს. აუცილებელი იყო პრემიერ-მინისტრის საყვედური იმისთვის, რომ ეროვნული ბანკი გონს მოგებულიყო და ლარი გაემყარებინა. იმედია, შემდგომაც ასე მოიქცევა. საქართველოს ეკონომიკა ლარის უაზრო მერყეობით საკმაოდ ზარალდება. სწორედ ამიტომ, ეროვნულმა ბანკმა წინ უნდა დააყენოს თავისი გონივრული პოლიტიკა. სამწუხაროდ, სებ-ს ამას უმეტესად არ აკეთებს და ალბათ, საჭიროა ხელმძღვანელობისათვის თითის დაქნევა, რომ გონს მოეგონ და შეასრულონ მათზე კანონით დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობები. 

ეროვნულ ბანკს სავალუტო რეზერვები გატანილი აქვს საზღვარგარეთ და დაფანტული გაურკვეველი წარმოშობილის ფასიან ქაღალდებში. ეს მან გააკეთა სავალუტო ფონდის რეკომენდაციების საფუძველზე და ამ რეზერვების დახარჯვა ლარის კურისის სიმყარის უზრუნველსაყოფად, პრაქტიკულად, შეუძლებელია. ამიოტმ იყო, რომ ეროვნული ბანკი ხელებს ასავსავებდა - ჩვენ ამ შემთხვევაში არაფრის გაკეთება არ შეგვიძლიაო. არც იმას გამოვრიცხავ, სებ-ში დაინტერესებულნი არიან ლარის კურსის მკვეთრი მერყეობით. ეს ძალიან რთული დასასაბუთებელია და დასამტკიცებელია, თუმცა ვიზუალურად ხელისგულზე ჩანს. 

გარდა ამისა, შესაძლოა საქმე გვქონდეს, ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობის გულგრილობასთან და თავის შეუწუხებლობის პოლიტიკასთან, რომელიც გულისხმობს იმას, რომ მათ არ ადარდებთ ორგანული კანონების მოთხოვნების შესრულება იმის გამო, რომ მათ პასუხის მომკითხავი არავინ არის. ეს დაუსჯელობის სინდრომი – ვაკეთებ რაც მინდა, განაპირობებს იმას, რომ სებ-ი ფაქტობრივად, აზარალებს საქართველოს ეკონომიკას და არ აძლევს მას განვითარების საშუალებას”, - განაცხადა “რეზონანსთან” ლია ელიავამ. 

იმპორტიოტრები, ადგილობრივი პროდუქციის წარმომადგენლები და მოსახლეობა ლარის გამყარებას მოითხოვს, თუმცა ეროვნული ვალუტა უკუსვლას განაგრძობს. კომპანიები თავის დაზღვევას, მოსახლეობა კი თანხის ზედმეტად დახარჯვას ერიდება, რაც ეკონომიკაში არასტაბიულურობას იწვევს. 

“ლარის შესუსტებისას, ბაზარზე, როგორც გამყიდველების, ასევე მყიდველების საქციელი არის ურთიერთსაწინააღმდეგო, გამყიდველები, ანუ ფირმები, რომლებიც აწარმოებენ საქონელსა და მომსახურებას, ცდილობენ დაიზღვიონ თავი, ლარის შემდგომი ვარდნისაგან და ზრდიან ფასებს, თანაც არა მარატო ლარის მიმდინარე კურსის შესაბამისად, არამედ გარკვეული მარაგით. 

რაც შეეხება მომხმარებლებს, ისინი ცდილობენ ფულს რაც შეიძლება მეტად ხელი მოუჭირონ, ზემდეტი არ დახარჯონ და მომავალი გაჭირვებული მდგომარეობისათვის შემოინახონ. შესაბამისად, ასეთ სიტუაციაში მომხარება მცირდება. მოსახლეობა ნაკლებს მოიხმარს, ხოლო ბიზნესი ნაკლებს ყიდის. ასე იწყება ეკონომიკური დაკნინება და შემგდომ ეკონომიკური კრიზისი. სწორედ ეროვნული ბანკისა და ლარის კურსის ასეთი მერყეობის გამო, ეკონომიკაში ერთობლივი მოხმარება მცირდებს, რაც ბიზნესის ნაკლებ შემოსავლებს და ეკონომიკურ სტაგნაციას ნიშნავს”, - განაცხადა “რეზონანსთან” ლია ელიავამ. 

მმართველი პარტიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა ლარის არასტაბილურობაა. ეკონომისტი აკაკი ცომია აცხადებს, რომ ლარის ასეთი მოკლევადიანი რყევების ახსნა შეუძლებელია. 

“ამ თემაზე პასუხები ეკონომისტებს უკვე აღარ გვაქვს. ნათელმხილველები თუ გვიპასუხებენ. ლარის ასეთი მოკლევადიანი რყევების ახსნა შეუძლებელია. ერთადერთი რისი თქმაც შემიძლია ისაა, რომ ლარის გამყარება გამოწვეულია ორი ფაქტორით. ერთია მონეტალური პოლიტიკის გამკაცრება და მეორე - ფულადი გზავნილები, რომელიც წინასაახალწლო პერიოდში, ფაქტობრივად, ლარში კონვერტირდება, რაც ეროვნული ვალუტის გამყარებას ხელს უწყობს. 

ვინ ახურდავებს დოლარს ლარში და შემდგომ რა მოტივაციით ახურდავებენ ლარს დოლარში, ამის ახსნა შეუძლებელია. ვერ გავიგებთ, ადამიანის ქცევის და მოტივაციის ახსნა თუ რატომ აკეთებს ამას. 

თუ ეროვნულ ბანკს სურს ინფლაციის დონე გაუთანაბროს მიზნობრივ მაჩვენებლს, ამ შემთხვევაში ლარი უფრო მეტად უნდა გამყარდეს, სხვა შემთხვევაში ფასები ქვევით არ ჩამოვა. ამდენად, თუკი ეროვნულ ბანკს ექნება მტკიცე მონეტარული პოლიტიკა, მაშინ დროთა განმავლობაში ლარი უნდა გამყარდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ასე არ მოხდება. წინასწარი პროგნოზის გაკეთება იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოუვა ლარს შეუძლებელია”, - აღნიშნა “რეზონანსთან” აკაკი ცომაიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×