პრემიერის უშუალო დავალება ფინანსთა მინისტრის შემდეგ, არც სებ-ის პრეზიდენტმა აიტაცა
თამარ მუკბანიანი
18.12.2019

200 000-ლარიანი საკრედიტო ზღვრის დაწევა, მინიმუმ, გაზაფხულამდე გადაიდო. პრემიერ-მინისტრის განცხადების მიუხედავად, კითხვის ნიშნის ქვეშაა ისიც მოხდება თუ არა ამ მოცულობის შემცირება საერთოდ. ფინანსთა მინისტრის შემდეგ, ახლა უკვე ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ამბობს, რომ შესაძლოა, ზღვარი არ შეიცვალოს. არადა ეს ცვლილება ლარის გამყარების ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად მიიჩნევა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ფინანსთა მინისტრს დაავალა განიხილოს, რამდენად არსებობს დაკრედიტების 200 ათას ლარიანი ზღვრის 100 ათას ლარამდე შემცირების შესაძლებლობა. გახარიამ აღნიშნა, რომ ეს ეკონომიკური ზრდის დაჩქარების უზრუნველსაყოფად კეთდება. აღნიშნული შეზღუდვა, რომლის თანახმადაც, 200 ათას ლარამდე სესხების გაცემა მხოლოდ ლარშია შესაძლებელი, მიმდინარე წლის იანვრიდან მოქმედებს.

პირველი მინიშნება, რომ სესხის მოცულობის ზღვარი უცვლელი დარჩებოდა, პრემიერის განცხადებიდან რამდენიმე დღეში ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა გააკეთა. ახლა კი უკვე ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე აცხადებს, რომ უცხოურ ვალუტაში დაკრედიტების 200 ათას ლარამდე ზღვრის შემცირებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. 

"კომუნიკაცია გვქონდა ამ საკითხთან დაკავშირებით. როგორც ვიცი, ჯერჯერობით გადაწყვეტილება მიღებული არაა. განხილვა და ანალიზი მიმდინარეობს ფინანსთა სამინისტროში," - აღნიშნა გვენეტაძემ.

მთავრობის განცხადებები ურთიერთგამომრიცხავია. საბოლოო გადაწყვეტილება ეროვნულმა ბანკმა უნდა მიიღოს და ვერც ერთი მთავრობის წარმომადგენელი მათზე კომპეტენტურ განცხადებას ვერ გააკეთებს. საზოგადოებამ ვერც სებ-ისასგან გაიგო რას უნდა ველოდეთ და რა მოხდება რეალურად, შემცირდება თუ არა, ერთი წლის წინ გაზრდილი ზღვარი. 

"საზოგადოება და ბანკების” დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე ამბობს, რომ არც ეს და სხვა, არც ერთი ხელოვნური ნაბიჯი  არ იქნება გრძელვადიან პერსპექტივაში ეკონომიკის გამაჯანსაღებელი.

"ზოგადად, რაც ნაკლები რეგულაცია იქნება და მეტი თავისუფლება ექნება ბიზნესს, მით უკეთესია. ეს გადაწყვეტილება მაშინ მიიღეს, როდესაც ლარი მკვეთრად უფასურდებოდა და ალბათ უფრო პოლიტიკურ დატვირთვას ატარებდა. 100 000 ლარამდე შეზღუდვა სრულიად საკმარისია გარკვეული შედეგის მისაღებად. რაც შეეხება ლარიზაციასთან ამის კავშირს, საბოლოო ჯამში, როგორც ვხედავთ, ხელოვნური პროცესი გამოდის. 

ცოტა ხნის წინ ეროვნულ ბანკს მოუწია სარეზერვო მოთხოვნის შემცირება. მთავრობაც თავისივე გადაწვეტილებებს ცვლის, გადის დრო და ქვეყანა წინ ვერ მიდის ეკონომიკურად. გასაგებია, რომ ყველაფერს და მათ შორის ამ ცვლილებასაც აქვს ორი მხარე, რომელიც ძალიან კარგად უნდა აწონ-დაწონოს როგორც ეროვნულმა ბანკმა, ისევე მთავრობამაც. 

შეიძლება შემცირება გარკვეული რისკების შემცველი იყოს. სამწუხაროდ, დეპოზიტების დოლარიზაციის მაჩვენებელი არ მცირდება, ეს კი ზრდის ზეწოლას ლარზე. 

მთავარი მაინც გრძელვადიანი და სტაბილური, მიზნობრივი პოლიტიკაა, როგორ უნდა უზრუნველვყოთ, ლარი იყოს უფრო პოპულარული დაგროვების საშუალება. ხელოვნურად ნაბიჯები კი ვერ იქნება გრძელვადიან პერიოდში ეფექტური”, - განუცხადა კეპულაძემ ,,რეზონანსს”. 

საბანკო ასოციაციის პრეზიდენტის ალექსანდრე ძნელაძის აზრით, კონკრეტული ზღვარის შემცირება და სებ–ის რეგულაციების გადახედვა, ლარის კურსის დასტაბილურებას ხელს ნამდვილად შეუწყობს, მაგრამ ეს გაზაფხულამდე ვერ მოხერხდება

"ეს გადაწყვეტილება რომც მიიღონ, რეგისტრაციიდან მინიმუმ თვენახევარი სჭირდება ფორსირებულ რეჟიმში განიხილონ და დაამტკიცონ. გამომდინარე იქედან, რომ საშემოდგომო სესიები მორჩება სულ მალე, მინიმუმ კიდევ ერთი თვე ვერ დარეგისტრირდება ეს ცვლილება. 

არადა, მნიშვნელოვანია, რომ შემცირდეს ეს ზღვარი და მაღალშემოსავლიან პირებზე, ვალუტის სესხზე მოთხოვნები უნდა შეიცვალოს სესხთან მიმართებაშიც და უზრუნველყოფასთან მიმართებაშიც, რათა მაღალშემოსავლიანი პირებისთვის, რომლებიც მოწყვლადები არ არიან, უცხოურ ვალუტაში სესხის აღების შესაძლებლობა გაიზარდოს, რადგან ისინი უფრო მეტად არიან გათვითცნობიერებულნი, ფინანსური ცოდნა გააჩნიათ და შეუძლიათ, თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, რამდენად სურთ სავალუტო რისკების აღება", –აღნიშნა ძნელაძემ რეზონანსთან" საუბრისას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×