თამარ შუკვანი
19.12.2019

 15 დეკემბერს „ქართული ოცნებისა" და ოპოზიციის შეხვედრის მესამე რაუნდის დასრულების შემდეგ, ორივე მხარემ სრულიად საპირისპირო განცხადებები გააკეთა საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით. ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ მრავალმანდატიან ოლქებზე მოხდა შეთანხმება, თუმცა, ხელისუფლება კვლავ აღნიშნავდა, რომ „გერმანული მოდელის" ვარიაციებით, რაშიც მრავალმანდატიანი ოლქებიც შედის, არჩევნები არ ჩატარდება.

„ახალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ვაშაძე „რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ „ქართულ ოცნებასთან" შეთანხმება რეალურად არ მომხდარა, ხელისუფლებამ ითხოვა დრო და შემდეგ შეხვედრაზე იქნება საუბარი იმის შესახებ, თუ რას შესთავაზებს მმართველი გუნდი ოპოზიციას ახალი საარჩევნო სისტემის შესახებ. მისივე თქმით, 15 დეკემბერს მხარეები ვერ შეთანხმდნენ მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქებზე, თუმცა, შეთანხმება მოხდა იმის შესახებ, რომ საარჩევნო სისტემა აუცილებლად შესაცვლელია.

„ქართულ ოცნებას" უნდა მოეტანა მრავალმანდატიან ოლქებზე თავისი მოსაზრება. სამწუხაროდ, მათ არაფერი მოიტანეს და ითხოვეს დრო პარასკევამდე. ამან დიპლომატიური კორპუსის სერიოზული აღშფოთება გამოიწვია, რადგან მათ კვლავ დაარღვიე პირობა და მივეცით ვადა პარასკევამდე თავისი მოსაზრებები მოიტანონ. ველოდებით „ქართულ ოცნებისგან", უნდა გადაწყვიტონ რა შემოთავაზება ექნებათ.

„ჩვენ ჩვენი შეთავაზება - „გერმანული მოდელი" მრავალმანდატიანის ჩათვლით უკვე გაკეთებული გვაქვს და ველოდებით მათი მხრიდან პოზიციას. მათ ნაცვლად ფიქრს ვერ დავიწყებთ, თუ რას შემოგვთავაზებენ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. ყველა ვთანმხდებით იმაზე, რომ საარჩევნო სისტემა უნდა შეიცვალოს. როგორ და რანაირად, თვითონ ითხოვეს დაფიქრება და დრო," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ცნობისათვის, 15 დეკემბერს ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრა გაიმართა, რომელსაც დიპლომატიური კორპუსიც ესწრებოდა. ეს რიგით მესამე შეხვედრა იყო, სადაც მხარეები კვლავ ვერ შეთანხმდნენ საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით. შემდეგი შეხვედრა, პარასკევს, 20 დეკემბერს გაიმართება.

2020 წლის არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი მმართველმა პარტიამ პარლამენტში 14 ნოემბერს ჩააგდო, რასაც საპროტესტო აქციები მოჰყვა. პროცესი მალევე პარლამენტის პიკეტირებასა და „დაბოქლომებაში" გადაიზარდა. პროპორციული სისტემის კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ ე.წ გერმანულ მოდელზე გადასვლის იდეა სამოქალაქო სექტორმა გააჟღერა, რასაც ოპოზიციამაც დაუჭირა მხარი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×