რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მიზანშეწონილად მიიჩნევს ჩეჩნეთის გავლით რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით გზის მშენებლობას, თუმცა, აღნიშნავს, რომ ეს პროექტი ტრანსპორტის სამინისტროს პრაქტიკულ გეგმებში არ შედის. ამის შესახებ პუტინმა მოსკოვში გამართულ მასშტაბური პრესკონფერენციის დროს ისაუბრა.
მაგისტრალის მშენებლობა, რომელიც ჩეჩნეთის მაღალმთიანი იატუმ-კალეს რაიონიდან საქართველოში ახმეტის რაიონამდე მიემართება, გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში დაიწყო, თუმცა საქართველოს ხელისუფლებამ 1998 წელს მშენებლობა დააკონსერვა.
ჩეჩნეთის პრეზიდენტი რამზან კადიროვი ბოლო რამდენიმე წელია ყველანაირად ცდილობს ამ გზის მშენებლობის განახლებას, თუმცა უშედეგოდ.
„საქართველოსთან კომუნიკაციის საკითხებში ნამდვილად გვაქვს პრობლემები, განსაკუთრებით ზამთარში, როდესაც ყველაფერი თოვლით არის დაფარული. რა თქმა უნდა, ჩვენ ეს ვიცით. რაც თქვენ თქვით, კარგი იდეაა, მაგრამ ჯერჯერობით ეს არ არის ტრანსპორტის სამინისტროს პრაქტიკულ გეგმებში. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს იდეა მისაღებია," - განაცხადა პუტინმა პრესკონფერენციის დროს ჩეჩენი ჟურნალისტის კითხვაზე პასუხისას, თუ რამდენად არის შესაძლებელი ჩეჩნეთის გავლით საქართველოში გზის მშენებლობა.
პუტინმა აღნიშნა, რომ ამჟამად რუსეთის სამხრეთით, მათ შორის ჩეჩნეთის რესპუბლიკაში, არსებობს ინფრასტრუქტურის განვითარების რამდენიმე პროექტი და ყველა მათგანი შესწავლილია.
„მე ვიცი ამ გეგმების შესახებ. ახლახანს ისაუბრეს მთავრობაშიც - ჩეჩნეთის რესპუბლიკის კრასნოდართან და შავი ზღვის სანაპიროებთან დამაკავშირებელ სხვადასხვა ვარიანტებზე," - ამბობს ვლადიმირ პუტინი.
მანამდე რუსეთის პრეზიდენტის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ კრასნოდარიდან გროზნოში ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობის თემა წამოიჭრა.
ცნობისათვის, 13 ნოემბერს ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ ის ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის საავტომობილო გზის მშენებლობას აუცილებლად მიიჩნევს. კადიროვი გზის მშენებლობაზე შარშანაც საუბრობდა, თუმცა მაშინ თქვა, რომ შექმნილი პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, ასეთი პროექტის განხორციელება რთული იქნება.
მიმდინარე წლის ივნისის მოვლენების დროს კი კადიროვი საქართველო დაემუქრა და განაცხადა, რომ ჩეჩნეთიდან თბილისამდე სულ რაღაც 200 კილომეტრია.