
(რეზონანსი) ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ხალხი, ტერორისტები თავისუფლად დასეირნობენ ევროპის დედაქალაქებში, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა პრესკონფერენციაზე ზელიმხან ხანგოშვილის შესახებ დასმულ კითხვაზე განაცხადა.
ჟურნალისტმა ვლადიმერ პუტინს შეახსენა მისივე სიტყვები, რომ რუსულმა მხარემ დააყენა ხანგოშვილის პირის გადმოცემის საკითხი, ასევე გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის, ჰორსტ ზეეჰოფერის განცხადება, რომ გადაცემაზე არანაირი მოთხოვნა არ ყოფილა რუსული მხრიდან.
კითხვაზე, ვინ არის მართალი - ვლადიმერ პუტინი თუ გერმანიის შს მინისტრი, პუტინმა უპასუხა, რომ ორივე მათგანი მართალია, რადგან ეს საკითხები სპეცსამსახურების დონეზე განიხილებოდა.
„პროკურატურის მხრიდან ოფიციალური მოთხოვნა არ ყოფილა, რადგან ჩვენმა კომპეტენტურმა ორგანოებმა ჩათვალეს, რომ აზრი არ ექნებოდა, რადგან მათ მიახვედრეს, რომ პასუხი იქნებოდა უარყოფითი. კიდევ ერთხელ შეგახსნებთ, რაც ვთქვი პარიზში, პრესკონფერენციის დროს. ის იყო სისხლიანი მკვლელი. კავკასიაში მხოლოდ ერთ აქციაზე მან 98 ადამიანი მოკლა. დაფიქრდით ამ ციფრზე. ბევრ ქვეყანაში ამაზე ნაკლებ ადამიანზე საყოველთაო გლოვას აცხადებენ. ის მონაწილეობდა მოსკოვის მეტროს ტერაქტის ორგანიზებაში და ეს სრული ჩამონათვალი არ არის", - აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.
საქართველოს მოქალაქე, 40 წლის ზელიმხან ხანგოშვილი გერმანიის დედაქალაქში 23 აგვისტოს მოკლეს. რამდენიმე დღეში გერმანიის პოლიციამ რუსეთის 49 წლის მოქალაქე დააკავა.
4 დეკემბერს გერმანიამ ორი რუსი დიპლომატი გააძევა. მიზეზად ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა დაასახელეს. გერმანიის მთავრობა მიიჩნევს, რომ აღნიშნულ მკვლელობასთან რუსეთის ხელისუფლებაა დაკავშირებული. რუსეთში ამ ბრალდებას უარყოფენ.