რეზონანსი
19.12.2019

(რეზონანსი) გუშინ ბათუმში, პატრულ-ინსპექტრი ოთარ თავართქილაძე მეწყვილესთან ერთად ჭავჭავაძის ქუჩაზე პატრულირებდა, რა დროსაც ფეხით მოსირაულე მოქალაქემ ეკიპაჟი გააჩერა.

პოლიციელებს ეგონათ, რომ ის დახმარებას ითხოვდა, თუმცა მოულოდნელად 35 წლამდე მამაკაცმა ავტომობილიდან გადასულ ოთარ თავართქილაძეს დანით კისრის არეში ორი ჭრილობა მიაყენა და გაქცევა სცადა. თავდამსხმელს ოთარის მეწყვილე, ავთანდილ მჟავანაძე გაეკიდა და ადგილზევე დააკავა, რა დროსაც დაკავებულმა ისიც ფეხის არეში დაჭრა.

41 წლის რაულ თებიძე ბათუმში ხელოსნად მუშაობს. ის ამ დანაშაულს სრულიად შემთვევით შეესწრო, თუმცა თავად დაჭრის ფაქტზე არანაკლებ იქვე მყოფი საზოგადოების რეაქციამ გააოგნა.

„შევესწარი, რომ შველას ითხოვდა პატრული, თუმცა რა მნიშვნელობა აქვს პატრული იყო თუ ვინმე სხვა, ყველა ხომ ადამიანია. ხალხი იდგა გარშემო და უბრალოდ უყურებდნენ - გეგონება კონცერტი იყო, არავინ ცდილობდა ხელის შეშველებას. ღობიდან გადავხტი და მაშინვე არტერიაზე მოვუჭირე ხელი, ვცდილობდი მაქსიმალურად შემეჩერებინა სისხლდენა. ჩავსვათ მანქანაში და წავიყვანოთ რესპუბლიკურ საავადმყოფოშითქო - დავიყვირე. სხვა შემთხვევაში აზრი აღარ ჰქონდა, სანამ „სკორი" მოვიდოდა დაიღუპებოდა ეს ბიჭი. აჭარის პოლიციის უფროსი მოვიდა უცებ ადგილზე, მე და მან გადავიყვანეთ მანქანით. უკან ჩავსვით დაჭრილი და რაც შეიძლება ვუჭერდი არტერიაზე, რომ სისხლი შემეჩერებინა. გზად უკვე გონს კარგავდა, ხრიალებდა და მითხრა - ჩემს ოჯახს დაეხმარეო. ალბათ, მეც თანამშრომელი ვეგონე და ოჯახზე ეფიქრებოდა.

მე ხელოსანი ვარ, სამუშაოდან მოვდიოდი, იმ დროს მოხდა ეს ამბავი. ჩემგან დაახლოებით 30 მეტრში. ვხედავ, რომ ერთი პატრული გაქცეულს გაეკიდა და დააკავა, ეს ბიჭი კი ჩაიკეცა და შველას ითხოვდა. ხალხის მოქმედებამ გამაოგნა - იდგნენ და უყურებდნენ, როგორ იცლებოდა ადამიანი სისხლისგან. ეს არანაირ ადამიანობაში არ წერია, არ ვიცი რა დაგვემართა ამ ქართველებს, აქ ხომ ადამიანის სიცოცხლეზეა საუბარი. მე რაც შემეძლო გავაკეთე, ჩემი მოქალაქეობრივი ვალი მოვიხადე.

ოპერაციის დასრულებამდე დაველოდე საავადმყოფოში, რომ თქვეს გადაიტანა კარგად და გადარჩაო, წამოვედი. მერე უფრო იმოქმედა ამ ყველაფერმა ადამიანურად. გამოსვლისას აჭარის პოლიციის უფროსმა მადლობა გადამიხადა პოლიციელის სიცოცხლის გადარჩენისთვის, სახელი და გვარი მკითხა, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს, ყველა ნორმალური ადამიანი, თუ გული აქვს, ასე უნდა იქცეოდეს. ეს ხომ ჩვეულებრივი ამბავია".

„პრაიმტაიმი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×