უახლოესი 10 დღე 12-13 გრადუსი სითბო ნავარაუდევი და ასეთი ტემპერატურის შემდეგ, უცაბედი აცივება არც არის მოსალოდნელი
რეზონანსი
19.12.2019

 სამთო-სათხილამურო კურორტებზე წლევანდელი ტურისტული სეზონი უკვე ჩავარდნის პირასაა. თეთრი ტურიზმის სტარტი გაურკვეველი დროით გადაიდო. მეტეოროლოგები თოვლს მინიმუმ 10 დღით არ ელიან. უახლოეს დღეებში 12-13 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი, ამიტომ  ნაკლებად სავარაუდოა შემდეგ მალევე ნალექი იმ დოზით მოვიდეს, რომ სამთო-სათხილამურო კურორტზე დასვენება თოვლის მოყვარულებისთვის სასურველი იყოს.  ამინდის პროგნოზი საკურორტო ბიზნესზეც მძიმედ აისახება. სასტუმროს მეპატრონეები ძალიან ნერვიულობენ. 

ტურისტული სეზონი წელს ერთხელ უკვე გადაიდო და როდემდე გაგრძელდება, ამაზე პასუხი არავის აქვს, მეტეოროლოგები გრელვადიან ამინდის პროგნოზში უხვ ნალექს და თოვას საერთოდ არ აანონსებენ, მომავალი ერთი კვრის მანძილზე იქ, სადაც ზამთრის კუროტებია 8-12 გრადუსია ნავარაუდები.

გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის დოდო გვაზავას ინფორმაციით, სტეფანწმინდასა და სამცხე-ჯავახეთში უახლოეს 7-8 დღის განმავლობაში მაღალი ტემპერატურაა. მომავალი ერთი კვირა 10-12 გრადუსამდე გათბება ჰაერი, რასაც თოვა და ნალექი მალევე არ მოჰყვება. 

„თოვლი მინიმუმ ერთი კვირა არ იქნება და საერთოდაც იშვიათად, რომ 10-12 გრადუსს მოჰყვეს მკვეთრი აცივება და თოვა. ასე არ არის ხოლმე. რთულია გრძელვადიანი პროგნოზის გაკეთება თუმცა იმის თქმა დანამდვილებით შემიძლია, რომ მინიმუმ ერთი კვირა არანაირი თოვლი არ იქნება“, - განაცხადა დოდო გვაზავამ „რეზონანსთან“ საუბრისას.

სწორედ ამიტომ ბაკურიანსა და გუდაურში 10-15 დეკემბერს დაანონსებული სეზონის გახსნა, თბილი ამინდების გამო, მინიმუმ ერთი კვირით  გადაიდო. ამჟამად, მთის კურორტები ტურისტებს ვერ იღებენ. 

მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნური გათოვლიანების სისტემა ჩართულია, თბილი ამინდის გამო სათხილამურო  ტრასა არ იყინება.  ზამთრის კურორტი ბუნებრივი თოვლის იმედადაა დარჩენილი.

მიუხედავად იმისა, რომ მთის კურორტი ინფრასტრუქტურულად მზადაა დამსვენებლებს უმასპინძლოს, სეზონის გახსნა კიდევ ერთი კვირით გადაიწევს. თუმცა, მისი გახსნის შემდეგ კი კურორტი ბაკურიანი ზამთრის სეზონს სამი ახალი საბაგიროთი და ახალი სასრიალო არეალებით შეხვდება. ახალი საბაგიროები  გათვალისწინებულია 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის. დიდველზე კი 10 ახალი გონდოლა დამონტაჟდა, რომელიც ერთ საათში,  დაახლოებით  350-400 კაცით მეტს გაატარებს და რიგს მნიშვნელოვნად განტვირთავს.

მიუხედავად სრული მზაობისა სასტუმროს მეპატრონეები და მენეჯრები „რეზონანსთან“ საუბრისას უნალექობის გამო შექმნილ პრობლემებზე და ჩავარდნილ სეზონზე საუბრობენ.

გუდაურში მდებარე ერთ-ერთი ყველაზე დიდი სასტუმროს მენეჯერი, რომელიც ანონიმურობას ითხოვს, „რეზონანსთან“არ მალავს, რომ ბიზნესი  ფაქტობრივად გაუნახევრდა, საუბარია როგროც ჯავშნებზე, ასევე შემოსავალზე. ასე გაგრძლების შემთხვევაში ელემენტარულად კომუნალური გადასახადის გადახდაც კი გაუჭირდებათ.

„ჯავშანი თუ არ გვექნება და ხალხი თუ არ მოვა, გამოდის, რომ მთელი დეკემბერი სასტუმრო ტყუილად ვამუშავეთ. თვის ბოლოს დასაფარი ხარჯი რომ დავითვალეთ, იმასაც კი ვერ ავუდივართ, ამ ოთხი-ხუთი სტუმრისგან შემოსული თანხით“, - განაცხადა „რეზონანსთან“ საუბრისას მენეჯერმა.

გუდაურსა და ბაკურიანში  ხელოვნური გათოვლიანების პირველი ფაზა 2014 წელს დაიწყო. მისი მიზანია, საკურორტო სეზონის დაწყება-დასრულება მხოლოდ ბუნებრივ ამინდზე არ იყოს დამოკიდებული. მიეხედავად ამისა, ზამთრის შესაბამის ამინდს, როგორ ჩანს, მაინც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

სასტუმრო "ალპინას" წარმომადგენელი „რეზონანსთან“ საუბრისას ჯავშნების გაუქმებაზე არ საუბრობს, თუმცა ადასტურებს, რომ უთოვლობის გამო ნამდვილად აღარ ჰყავთ იმდენი დამსვენებელი რამდენის მოლოდინიც ჰქონდათ.

„სტუმრების ოდენობამ იკლო. აშკარად არ გვყავს იმდენი დამსვენებელი რამდენსაც ველოდით და არც ჯავშენბზე გვაწუხებენ ხშირად. დღეისთვის რამდენი ჯავშანი გაუქმდა ამაზე ვერ ვისაუბრებ, რადგან ასეთ მონაცემებს ცალკე დეპარტამენტი ამუშავებს, თუმცა ბიზნესს რომ კარგი მდგომარეობა არ ექნება, ეს აქედანვე ნათელია. იმედია, მალე ითოვებს და როგორც დამსვენებლები, ასევე ჩვენც კმაყოფილები ვიქნებით,“ - განაცხადა „რეზონანსთან“ საუბრისას „ალპინას“ წარმომადგენელმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×