სპეციალური პროგრამის ფარგლებში უკვე 1000 ჰა-ზე მეტი ჩაის პლანტაცია რეაბილიტირდა
თამარ ვეფხვაძე
19.12.2019

 სახელმწიფო პროგრამა ,,ქართული ჩაი“ გრძელდება. პროგრამის ფარგლებში აქტიურად მიმდინარეობს როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გაველურებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია. შეიძლება ითქვას, რომ დარგმა სიცოცხლის ნიშანწყალი დაიბრუნა, რასაც რეგიონებში მიმდინარე პროექტების წარმატებაც მეტყველებს.

პროგრამა ,,ქართული ჩაი“ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს „ერთიანი აგროპროექტის“ ქოლგის ქვეშ ხორციელდება. ბენეფიციარმა 8 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივმა, რომლებმაც სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით ისარგებლეს, 140 ჰა-ზე საკუთრებაში არსებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია მოახდინეს, რისთვისაც სახელმწიფოსგან, თანადაფინანსების სახით, 287 000 ლარი მიიღეს.

სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების  სააგენტოს ინფორმაციით, სამტრედიის მუნიციპალიტეტში, სახელმწიფო პროგრამის „ქართულ ჩაი“ მონაწილე 8 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს თანამედროვე სტანდარტის ტექნიკა გადაეცათ. კოოპერატივებისთვის მანქანა-დანადგარების გადაცემის პროცესს ამ რამდენიმე დღის წინ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი იმერეთის რეგიონის რწმუნებულთან, ზვიად შალამბერიძესთან ერთად დაესწრო.

სახელმწიფო პროგრამის „ქართული ჩაი” ფარგლებში, სარეაბილიტაციო სამუშაოები სამი-ოთხი წლის წინ დავიწყეთ და პირველ მოსავალს 2020 ველოდებით. დღეს თანამედროვე სტანდარტების დანადგარები გადავეცით იმ 8 კოოპერატივს, რომლებიც ჩაის სამეგრელოში, გურიასა და იმერეთში აწარმოებენ. ჩვენი მიზანია, მხარი დავუჭიროთ მეჩაიე ფერმერებს და ხელი შევუწყოთ ქართული ჩაის წარმოების ტრადიციის აღდგენას“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

დღეს ყველა თანხმდება, რომ დარგი მომგებიანია და ქვეყნისთვის დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია. პროგრამა „ქართული ჩაის“ მენეჯერის ლევან უროტაძის ინფორმაციით, კოოპერატივებს მანქანა-დანადგარები – ჩაის საღნობი დანადგარი, ჩაის საგრეხი როლერი, ჩაის საშრობი კარადა და ჩაის საფიქსაციო დანადგარი გადაეცათ. ტექნიკის შესაძენად სახელმწიფომ მხრიდან 314,000 ლარი დაიხარჯა.

,,დიდი ძალისხმევა გავწიეთ, რომ რეგიონში ჩაის კულტურა აღდგეს და განვითარდეს. პროექტს 2016 წლიდან ვახორციელებთ. ფინანსური მხარდაჭერა გულისხმობს რეაბილიტაციის თანადაფინანსებას, რომ ისინი მსხმოიარობაში შევიდნენ.  პროექტში ჩართულ კოოპერატივებს ჩაის გადამამუშავებელი ტექნიკა გადავეცით. ეს ხელს უწყობს, რომ ჩაის კულტურა განვითარდეს. ყველამ ვიცით, რა მდგომარეობაშია საქართველოში მეჩაიეობა 90-იანი წლებიდან მოყოლებული. გავერანებული პლანტაციები ხალხმა საერთოდ ამოძირკვა და სხვა კულტურებით ჩაანაცვლა. ზოგიც იმდენად განადგურებულია, რომ ტექნიკის გარეშე მისი აღდგენა შეუძლებელია და ფერმერებს დამოუკიდებლად ამის შესაძლებლობა არ აქვთ. ფაქტობრივად, ტრადიცია მოიშალა. ცხადია, ქართველი კაცისთვის ჩაი მხოლოდ მოსავალთან არ ასოცირდება, მთელი რიტუალია,  ტრადიციული კულტურაა და მისი გადარჩენა ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს“, - აცხადებს ლევან უროტაძე

მისი თქმით, საქართველოში 5 000 ჰა-მდე ჩაის პლანტაცია რეაბილიტაციას ექვემდებარება. 

რაც შეეხება ექსპორტს,  დიდია მოთხოვნა ჩინეთში, ასევე მონღოლეთში, რუსეთში, ბალტიიისპირეთის ქვეყნებსა და ევროკავშირის ბაზრებზეც, თუმცა დეფიციტის გამო ექსპორტზე მცირე რაოდენობითაა წარმოდგენილი.

,,ყველა ბენეფიციარის ვალდებულებაა, რომ გადამამუშავებელი საწარმო მოაწყოს. კოოპერატვებს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო ჩაის გადამუშავებისთვის საჭირო ყველა მანქანა-დანადგარს უსასყიდლოდ გადასცემს, ხოლო იურიდიული პირები ამ ვალდებულებას თავისით ასრულებენ. ერთ წელში უკვე იწყება ის პერიოდი, როდესაც ყველა კომპანია ვალდებული იქნება, რომ საწარმო შექმნას და სახეზე გვექნება რამდენიმე ათეული ახალი ჩაის გადამამუშავებელი კომპანია, რომლებიც ხარისხიანი ჩაის წარმოებაზე იქნებიან ორიენტირებული. 

ჩვენი პროექტი გათვილილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას,“ - აცხადებს ლევან უროტაძე ,, "რეზონანსთან“ საუბრისას.

,,ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სრული ციკლისთვის მინიმუმ 2 წელია საჭირო, მაგრამ მეორე წელს პლანტაციები არაკომერციულ, მაგრამ გარკვეული რაოდენობის მოსავალს უკვე იძლევა, შესაბამისად, რამდენიმე ბენეფიციარმა სატესტო ჩაი უკვე გამოუშვა და ცდილობს მის ექსპორტზე გატანას“.

ჭიათურაში მდებარე რკ ,,ქვაციხის ჩაის თაიგული“ დამფუძნებელი ტარიელ ჩუბინიძე იხსენებს, რომ ჩაი მისთვის ბავშვობასთან ასოცირდება, როცა სოფელში ეს კულტურა მასიურად იყო გაშენებული და დიდ-პატარა პლანტაციებში მუშაობდა. 90-იანი წლებიდან ჩაი უყურადრებოდ დარჩა და პლანტაციებიც თანდათან გავერანდა. როგორც ფერმერი ამბობს, სოფლის მოსახლეობის ნაწილმა ჩაი მთლიანად ამოძირკვა და თხილით ან ხეხილით ჩაანაცვლა, ზოგიც - გაველურდა. ამასობაში კი დარგის მნიშვნელობა და ტრადიციაც მიივიწყეს.

,,ჩაის პლანტაციის რეაბილიტაცია მოვახდინეთ და სოფელმაც ამოისუნთქა. ეს არის არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ფერმერის დახმარება, არამედ მთელი სოფლის საჩუქარი, ხალხს შემოსავალი გაუჩნდა. წლების განმავლობაში ქვაციხის მოსახლეობა ჩაიზე იყო დამოკიდებული, ერთადერთ შემოსავალს წარმოადგენდა და 90-იან წლებში ეს კულტურა ფაქტობრივად გაქრა. ახლა სახელმწიფო დაფინანსების საშუალებით მოხერხდა, რომ თითქმის მივიწყებული ტრადიცია აღვადგინოთ და დოვლათი შევქმნათ. მინი ქარხანა გვაქვს აშენებული, სადაც სეზონზე 80 ადამიანია დასაქმებული, ხოლო 15-ს მუდმივი სამუშაო აქვს. გარდა იმისა, რომ გავერანებული პლანტაციის რეაბილიტაცია მოვახდინეთ, პროექტების მართვის სააგენტო  ტექნიკა-დანადგარის შეძენაშიც დაგვეხმარა. თითო როლერი ერთ ჯერზე დაახლოებით 50 კგ. ჩაის დამუშავებას ახდენს, ვაპირებთ, რომ შევიძინოთ მეორე დანადგარი, რათა სიმძლავრე გავაძლიეროთ. რაც შეეხება რეაბილიტირებულ ფართობ, 10 ჰა-ია , საიდანაც 2-3 წელიწადში 5-6 ტონა მოსავალს მივიღებთ. გარდა ამისა, 2,5 ჰა საკუთარი სახსრებით აღდგენილი პლანტაციაა, რომელიც პროგრამაში არ არის ჩართული. 

საბოლოო ჯამში, ყველა წინაპირობაა, რომ საქართველოში მეჩაიეობის სექტორი მოწინავე დარგი გახდეს. სოფელში მეტი პოტენციალია და გვინდა, რომ არ დაიკარგოს, ამ მიზნით პროექტში ჩავერთვებით სამომავლოდაც, როგორც კი ამის შესაძლებლობა მოგვეცემა. თანდათან მეტი მოთხოვნაა, გვინდა, რომ ჩაის კულტურა ჭაიათურაში აუთვისებელი არ დარჩეს. 

რაც შეეხება ექსპორტს, ჩვენი პროდუქტი უკვე გავიდა თურქეთსა და ჩეხეთში, იქაური მეწარმეები დაინტერესდნენ ქვაციხის ჩაით და თანამშრომლობას სამომავლოდაც გეგმავენ. ძალიან დიდი საქმე გაკეთდა. ცხადია, მიგრაციასაც შეეწყობა ხელი, რადგან  ხალხი ჩაის საკრეფად თურქეთში გარბოდა. ახლა ადგილზე დასაქმების შესაძლებლობა გაჩნდება და მუშახელი ქვეყნიდან არ წავა. ამით სოფელსაც ეშველება და ქვეყანასაც“, - ამბობს ტარიელ ჩუბინიძე.

 საბჭოურ პერიოდში ჩაის კულტურა მაღალ დონეზე განვითარდა სამეგრელოშიც, თუმცა მისგან დღეს თითქმის არაფერი დარჩა. სოფლებში ჩაი მასიურად ჩანაცვლდა თხილით ან მხოლოდ საკარმიდამო ნაკვეთებში შემორჩა, სადაც ხალხი პირადი საჭიროებისთვის კრეფდა და გაყიდვაზე საუბარიც ზედმეტი იყო.

სახელმწიფო თანადაფინანსების პროექტებში სამეგრელო ერთ-ერთი პირველი ჩაება და ჩაის პლანტაციებს  სიცოცხლის ნიშანწყალი დაეტყო. მეტიც, ადგილობრივი ფერმერები მაქსიმალურად ცდილობენ სახელმწიფო პროექტებში ჩართვას და წარმოების აღდგენა-გაძლიერებას. ერთ-ერთი ასეთი მაგალითია წალენჯიხაში ჩაის კოოპერატივი „ლესა“ რომელიც სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ახალი მანქანა-დანადგარებით აღიჭურვა.

რაც შეეხება რეაბილიტირებული ფართობის მოცულობას, ,,ლესას“ დამფუძნებლის, ფერმერ გონერი სალიას ინფორმაციით, 150 ჰა-ს მოიცავს და ეს მოცულობა ყოველწლიურად გაიზრდება.

,,გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიცირებულ პროექტებში ჩვენი მონაწილეობა ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. 150 ჰა-მდე ფართობის რეაბილიტაცია მოვახდინეთ, რასაც დამოუკიდებლად ვერ შევძლებდით. ამაზე ოცნებაც კი წარმოუდგენლად გვეჩვენებოდა. აქედან მსხმოიარობაში 160 ჰა-ია, რომელსაც 2020 წელს კიდევ 50 ჰა მიემატება. 1 ჰა-ის ხარჯი 2500 ლარია, საიდანაც მხოლოდ 1000 ლარი გადავიხადეთ, დანარჩენი ნაწილი სახელმწიფომ დაგიფინანსა. ,,ლესა“ არის ჰოლდინგში შემავალი საწარმო, რომელსაც 47 500 ლარად ღირებული ტანამედროვე დანადგარი - ჩაის გადამამუშავებელი ტექნიკა გადაეცა. ხარისხიან პროდუქტს ვუშვებთ და ეს ფასზეც აისახა, რაც მთავარია, ხალხი მადლიერია და დასაქმების შესაძლებლობა გაჩნდა“, - ამბობს "რეზონანსთან" ფერმერი.

,,ლესას“ პროდუქციის დიდი ნაწილი ჩინეთსა და თურქეთში გადის. გონერი სალია ამბობს, რომ საექსპორტო არეალი გაფართოვდება და უახლოეს წლებში რამდენიმე ახალი ბაზრის ათვისებას შეძლებენ.

,,მაქსიმალურად ხარისხზე ვართ ორიენტირებული, ვცდილობთ, სახელმწიფოს ნდობა გავამართლოთ და ეს ჯერჯერობით კარგად გამოგვდის. 3 წელია, რაც ჩაი ჩინეთში გაგვაქვს. ჩაის ვყიდით თურქეთშიც, ნაწილიც - ადგილობრივ ბაზარზე რეალიზდება. 1 კგ ხარისხიანი პროდუქტის ფასი 25 ლარია. ასეთ პროდუქტს სეზონზე 50 ტონის ფარგლებში ვაწარმოებთ, საშუალო ხარისხის ჩაის წარმოება 200 ტონამდეა. რაც შეეხება დასაქმებას, სეზონზე 300 კაცია დასაქმებული. ვაპირებთ, რომ წარმოება ყოველწლიურად გავზარდოთ, რის შესაბამისად მოიმატებს სამუშაო ადგილებიც და ხალხს მეტი შემოსავალი გაუჩნდება“, - ამბობს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს პროგრამის ბენეფიციარი.

საქართველოს მაშტაბით, პროგრამა „ქართული ჩაიში“ 49 პროექტის დამტკიცებული. სარეაბილიტაციო პლანტაციების ჯამური ფართობი 1,024 ჰექტარს შეადგენს, ხოლო ჯამური ინვესტიცია 2,551,642 ლარია, საიდანაც 1,775,488 ლარი სახელმწიფო თანადაფინანსებაა.

პროგრამა „ქართული ჩაი“ 2016 წლიდან ხორციელდება და მისი მიზანია საქართველოში არსებული ჩაის პლანტაციების პოტენციალის ეფექტიანი გამოყენება, ადგილობრივი ჩაის (მათ შორის, ბიოჩაის) წარმოების ზრდის ხელშეწყობა, თვითუზრუნველყოფის დონის ამაღლება და საექსპორტო პოტენციალის გაზრდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×