ბოლო დღეებში ერთმანეთის მიყოლებით მომხდარმა რამდენიმე თვითმკვლელობამ და თვითმკვლელობის მცდელობამ საზოგადოებაში ნამდვილი შოკი გამოიწვია. ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ ამის ერთ-ერთ მიზეზი შესაძლოა 17 დეკემბერს თვითმკვლელობის მცდელობის შედეგად თბილისში 15 წლის ლუკა სირაძის დაღუპვის ფაქტის ერთგვარი რომანტიზება იყოს. კვლევების მიხედვით, თვითმკვლელობების შემთხვევები მატულობს, როცა სუიციდის ფაქტი ფართო განსჯის საგნად იქცევა.
6 თვეში საქართველოში 11 არასრუწლოვანმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. თუმცა ბოლო ერთი თვის განმავლობაში ქვეყანაში თვითმკვლელობის 4 ფაქტი დაფიქსირდა, ხოლო 2 არასრუწლოვანს ამის მცდელობა ჰქონდა. სპეციალისტები „რეზონანსთან“ საუბრობენ, რომ თვითმკვლელობებს არასრულწლოვნებში მიმბაძველობის და რომანტიზმის სახე ეძლევა, ამიტომაც მედიას და საზოგადოებას მოუწოდებენ, რომ მსგავსი ტრაგიკული შემთხვევების გაშუქები დროს მეტი სიფრთხილე გამოიჩინონ. მათი თქმით, მოზარდების ნაწილი სუიციდის ოჯახის, სკოლის და მეგობრების დასაშანტაჟებლადაც იყენებენ, რათა რაიმე სახის სარგებელი ნახონ, რაც ხშირად ფატალურადაც სრულდება.
აბაშაში 17 წლის მოზარდმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გოგონა ჩამომხვრჩვალი 19 დეკემბერს სახლში იპოვეს. სიკვდილის წინ მან ოჯახს წერილი დაუტოვა, რომელიც თვითმკვლელობის ადგილზე იპოვნეს. არასრულწლოვანი ოჯახს და მეგობრებს ბოდიშს უხდის.
სკოლის ადმინისტრაციაში „რეზონანსს“ განუცხადეს, რომ გოგონა საკმაოდ მხიარული და კონტაქტური იყო. პირიქით, წინა დღისით სკოლის საახალწლო კარნავალისთვის ემზადებოდა. მის ოჯახს არც ეკონომიკური პრობლემები ჰქონია და მშობლებთანაც კარგი ურთიერთობა ჰქონდა. ცეკვაზე დადიოდა და სკოლაშიც კარგად სწავლობდა. თვითმკვლელობამდე მას და მის თანაკლასელებს დირექტორიც კი გაესაუბრა, რადგანაც ისინი 15 წლის ლუკა სირაძის თვითმკვლელობის გამო დათრგუნულები იყვნენ. სკოლაში ამბობენ, რომ გოგონა ამ ფაქტს ძალიან განიცდიდა.
„გიღირდათ კედელი სიცოცხლის ფასად?“ - ეს არის ბოლო პოსტი, რომელიც გოგონამ სიკვდილამდე სოციალურ ქსელში დაწერა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
18 დეკემბერს ბათუმში ახალგაზრდა მამაკაცმა თავი მოიკლა. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი 23 წლის ნიკუშა ბუაძეა. როგორც „რეზონანსს“ მისი მეგობრები უყვებიან ბუაძის გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პირობები გამხადრიყო. მათი თქმით, ახალგაზდას ბანკმა სახლი გაუყიდა და ის ოჯახთან ერთად ქირით ცხოვრობდა. ვერ შოულობდა სამსახურს და მძიმე ეკონომიკურ პირობებში იყო. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ თვითმკვლელობამდე მან შეყვარებულთან იჩხუბა. სავარაუდოდ, ახალგაზრდამ თავი ჩამოიხრჩო. მეგობრები ამბობენ, რომ ის საკმაოდ მხიარული და პოზიტიური ადამიანი იყო, თუმცა მის გარშემო შექმნილ მძიმე პირობებს ვეღარ გაუძლო.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ფაქტზე გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.
ამავე დღეს თბილისში 11 წლის მოზარდმა დედასთან კონფლიქტის გამო თვითმკვლელობა სცადა. ის ფანჯარაზე ავიდა და გადმოხტომას ცდილობდა. მოზარდის ფანჯრიდან ჩამოყვანა ბებიამ შეძლო. ადგილზე პოლიცია და სოციალური მუშაკი გამოიძახეს.
ასევე საზოგადოებისთვის ყველაზე მძიმე და შოკისმომგვრელი 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალება იყო, რომელმაც 11 დეკემბერს თვითმკვლელობა სცადა და 9-სართულიანი კორპუსიის სახურავიდან გადმოხტა. ის სიცოცხლისთვის რამდენიმე დღე იბრძოდა და 17 დეკემბერს იაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.
ოჯახი მის თვითმკვლელობამდე მიყვანაში პოლიციას ადანაშაულებს, რომელმაც ის 10 დეკემბერს დაკითხა და მასზე გარკვეული მუქარა და ფსიქოლოგიური ძალადობა განახორციელა. ფაქტზე ერთი გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანია დაკავებული.
ამავე ფაქტის გამო, ლუკას უახლოესმა მეგობარმა გოგონამ ვენები გადაიჭრა და თვითმკვლელობა სცადა. სავარაუდოდ, გოგონას მეგობრის წინააღმდეგ ჩვენება მიაცემინეს, რამაც ბავშვში მძიმე ემოციური მდგომარეობა გამოიწვია. სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ აღნიშნული ფაქტი დადასტურა და განაცხადა, რომ გამოძიება დაიწყო.
ბავშვთა ფსიქოლოგი, მაია ცირამუა „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ მსაგვსი თემების გაშუქება და სუიციდის ფაქტის რომანტიზება განსაკუთრებით უარყოფითად მოზარდებზე მოქმედებს. ფსიქოლოგის თქმით, მედიამ არ უნდა დაუშვას, რომ სუიციდის მსხვერპლის ოჯახი საზოგადოების განკითხვის ობიექტად იქცეს, რადგან კვლევების მიხედვით, თვითმკვლელობების შემთხვევები მატულობს, როცა სუიციდის ფაქტი ფართო განსჯის საგნად იქცევა.
ცირამუა ამბობს, რომ ეს არის ეპიდემიასავით გადამდები დაავადება, რომლის წახალისებაც ასევე საზოგადოების მხრიდან ხშირად ხდება.
„ყველაზე საშიში მოზარდის მორალისტური განსჯაა, შემთხვევის რომანტიზება და დრამატიზება. საშიშია, როცა სუიციდი მიეწოდება აუდიტორიას, როგორც „გამოსავალი“ მძიმე ვითარებიდან, როგორც პროტესტი რაღაცის ან ვიღაცის მიმართ.
„ეს ყველაფერი უარყოფითად მოქმედებს ბავშვებსა და მოზარდებზე, რადგან მათთვის ეს პერიოდი ამბოხისა და პროტესტის ასაკია. განსაკუთრებით სახიფათოა, როდესაც თვითმკვლელობა „სცენად“ გადაიქცევა და სუიციდის მსხვერპლი მოვლენების მთავარი გმირი ხდება.
„ეს ყველაფერი ძალიან მიმზიდველი ხდება მოზარდისთვის. შესაბამისად, დიდია რისკი იმისა, რომ ვინმემ მსგავსი გაიმეოროს, მიბაძოს და თავი მოიკლას. ბოლო კვირაში მომხდარი რამდენიმე ფაქტიც ამაზე მეტყველებს“, - აღნიშნავს ცირამუა „რეზონანსთან“.
ფსიქოლოგი თამუნა ბოკუჩავა „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ მართალია სუიციდის და ფსიქიკური აშლილობის კავშირი დიდი ხნის დადასტურებულია, მაგრამ სპეციალისტების აზრით, თვითმკვლელობა ხშირად ძალიან იმპულსურადაც ხდება, სტრესის, ემოციური კრიზისის გამო.
მისი თქმით, მიზეზი შეიძლება სხვადასხვა იყოს: ფინანსური პრობლემები, ძალადობა, დისკრიმინაცია, ალკოჰოლზე ან ნარკოტიკზე დამოკიდებულება, შეყვარებულთან დაცილება, ქრონიკული ტკივილები და ა.შ. ჯერჯერობით ყველაზე დიდ რისკფაქტორად წარსულში თვითმკვლელობის მცდელობა რჩება.
ბოკუჩავა ამბობს, რომ მართალია არასრუწლოვნები ყველაზე მოწყვლადი ფენაა, მაგრამ დაუშვებელია ბოლო დღეების განმავლობაში მედიის და საზოგადოების მხრიდან იმაზე საუბარი, რომ მოზარდი პოტენციური თვითმკვლელია. ეს ყველაფერი კი მათში რომანტიზმის და გმირობის ტოლფასი ხდება.
„საერთოდ, სუიციდი იმდენად საფრთხილო თემაა, რომ მედიის მხრიდან ძალიან დელიკატურად უნდა იყოს გაშუქებული. შესაძლებელია საქმე მიმბაძველობასთან გვქონდეს და არსებობს კიდეც ფსიქოლოგიაში მსგავსი პრეცედენტები.
„ყველა სიტუაციაში ამბის გადმოცემა ახსნა-განმარტების და სპეციალისტების კომენტარების გარეშე რისკს შეიცავს. საზოგადოებამაც სოციალურ ქსელში თავი უნდა შეიკავოს ამ ფაქტის ასე რომანტიზებისგან და იმ ფრაზების ღიად გავრცელებისგან, მაგალითად, როგორიც ეს ლუკა სირაძის შემთხვევაში მოხდა. ფაქტობრივად ასეა, როდესაც ადამიანი რაღაცას ხშირად ვუყურებთ და ვუსმენთ, ამას შემდეგ ნორმად ვღებულობთ.
„შესაძლოა ადამიანი სოციალურად საკმაოდ ჩართული და აქტიური პიროვნება იყოს და არაფერი ეტყობოდეს, მაგრამ მან სუიციდი განახორციელოს. აბაშაში მომხდარი ფაქტი ამის ნათელი მაგალითია.
„სუციდი შესაძლოა აფექტის მდგომარეობაში ჩაიდინოს ადამიანმა, შესაძლოა რაიმე ფსიქიკური დაავადება არსებობდეს, ან სოციალურმა ფაქტორმა განაპირობოს. აუცილებლად სათქმელია ის გარემოებაა, რომ ეს არ არის ჯანსაღი ქცევა და მედიამ საზოგადოებას ინფორმაცია ამ მიმართულებით უნდა მიაწოდოს“, - აცახდებს ფსიქოლოგი „რეზონანსთან“.
მისივე თქმით, ამ მიმართულებით ქვეყანაში ძალან ბევრია სამუშაო, რადგანაც ფსიქიკური ჯანმრთელობა დაბალ დონეზეა დაყვანილი. ბოკუჩავა ამბობს, რომ ბოლო დღეებია ტოლობის ნიშანი დაისვა მოზარდებსა და თვითმკვლელობას შორის. ანუ ვაპელირებთ იმაზე, რომ ყველა მოზარდმა შეიძლება თვითმკვლელობა სცადოს, რაც მათ წახალისებას ან მიმბაძველობას ხელს კიდევ ერთხელ ვუწყობთ.