თამარ შუკვანი
20.12.2019

 ოპოზიცია „ქართული ოცნების" შემოთავაზებას არ იღებს, რომლის მიხედვითაც, ხელისუფლება ოპოზიციურ პარტიებს სთავაზობს, არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემით ჩატარდეს, რომელშიც 100 დეპუტატს პროპორციული წესით, 50-ს კი მაჟორიტარული წესით აირჩევენ. ოპოზიცია მმართველ გუნდს საყოველთაო დაუმორჩილებლობას უცხადებს. როგორც ოპოზიციონერი ლიდერი გიორგი ვაშაძე „რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, ხელისუფლებას „განკითხვის დღეს" მოუწყობენ.

„გამორიცხულია. ეს არის აბსოლუტურად არაადეკვატური პასუხი ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე. ისინი („ქართული ოცნების" წარმომადგენლები) ერთადერთი რამისთვის იბრძვიან, რომ ძალაუფლება როგორმე შეინარჩუნონ ისეთი მოდელით, რომელიც არ არის სამართლიანი და საზოგადოების მოთხოვნებს არ ასახავს. ღრმა კრიზისშია ქვეყანა. ეკონომიკურად, კრიმინალის კუთხით და მზად ვართ, ეს პასუხისმგებლობაც ავიღოთ, დავალაგოთ ეს ყველაფერი ქვეყანაში. რაც არ უნდა ეცადონ ძალაუფლების შენარჩუნებას, არცერთ შემთხვევაში არ გამოვა.

„უნდა დავიწყოთ საერთო ეროვნული წინააღმდეგობის მოძრაობა და ხელისუფლებას მოვუწყოთ მართლაც განკითხვის დღე. სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ, თუმცა, მოლაპარაკების ფორმატი შენარჩუნდება დიპლომატების თხოვნით. არ ჩავშლით ამას, რადგან მნიშვნელოვანია საერთაშორისო მხარდაჭერა, რაც ყოველდღე უფრო მძლავრია. ველოდებით ეუთოს დასკვნას, რაც ძალიან მნიშვნელოვანი წყალგამყოფი იქნება ამ შემთხვევაში. გარდა ამისა, ჩვენს სტრატეგიას მივყვებით," - ამბობს ვაშაძე.

პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ 20 დეკემბერს ბრიფინგზე განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუკი ოპოზიცია ამ შემოთავაზებას არ დასთანხმდება, მოლაპარაკებები მომავალი წლის იანვრიდან განახლდება.

კითხვაზე, მომავალ თვეში რა შეიცვლება და რამდენად წავა „ქართული ოცნება" დათმობაზე, ვაშაძე აცხადებს, რომ „წარმოვა, მოუწევს."

ცნობისათვის, 20 დეკემბერს „ქართულ ოცნებისა" და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის რიგით მეოთხე შეხვედრა გაიმართა, სადაც მთავარი განხილვის თემა კვლავ ახალი საარჩევნო სისტემა იყო. შეხვედრას ესწრებოდა დიპლომატიური კორპუსი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×