თამთა ჩაჩანიძე
20.12.2019

 „მოლაპარაკებები მინიმუმ იქამდე უნდა გაგრძელდეს, სანამ ოპოზიციის მიერ ეუთოს კომისიაში გადაგზავნილი კანონპროექტის პასუხი ჩამოვა, ამის შემდეგ უკვე სხვა რეალობა იქნება," - ასე აფასებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი და კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ ოპოზიციისა და ხელისუფლების მორიგ შეუთანხმებლობას.

მისივე თქმით, საარჩევნო სისტემაზე ხელისუფლების ბოლო შეთავაზება გარკვეულწილად სიტუაციას შეცვლის თუმცა გერმანულ მოდელზე გაცილებით უარესი ვარიანტია.

„100 დეპუტატი პროპორციული და 50 მაჟორიტარი, რა თქმა უნდა გარკვეულწილად სიტუაციას ცვლის, მაგრამ ეს გაცილებით უარესი ვარიანტია, ვიდრე გერმანული მოდელი, აღარაფერს ვლაპარაკობ წმინდა პროპორციულზე.

„როგორც ჩანს, ხელისუფლება იძულებულია რაღაც ნაბიჯები გადადგას და ამ ვითარებაში რაღაც დათვალეს, თუმცა ეს გაცილებით უკეთესია ვიდრე დღევანდელი არსებული მოდელი, მაგრამ ამასაც საკონსტიტუციო შესწორება უნდა. ესწრება, რომ საკონსტიტუციო შესწორება მოხდეს? ან ეს გარანტირებულია, რომ ამ ვარიანტს მაჟორიტარებმა მხარი დაუჭირონ? აქედან გამომდინარე, ეს კარდინალურად სურათს არ ცვლის, მაგრამ უკეთესია, ვიდრე არსებული სისტემამ" - აცხადებს იგი.

ძაბირაძე მიიჩნევს, რომ უმჯობესია ოპოზიციამ მოლაპარაკებები გააგრძელოს, ვიდრე დაუმორჩილებლობა გამოაცხადოს, რადგან მოლაპარაკებებში დასავლელი პარტნიორებიც ჩართულები არიან და ყველაფერს აკვირდებიან.

„მიუხედავად იმისა დაუმორჩილებლობა გამოუცხადეს თუ არა, ჯერ ერთი ეს დასაზუსტებელია, რას გულისხმობს ოპოზიცია, მე 30 წელია ლაპარაკი მესმის დაუმორჩილებლობაზე, მაგრამ რეალურად ეს როგორ უნდა განხორციელდეს, ან რას ნიშნავს ჯერ არავის არ უთქვამს, ყველას თავისი წარმოდგენა აქვს.

„მე დაუმორჩილებლობა ასე მესმის, რომ ხელისუფლების ორგანოებს არ ემორჩილებიან მასობრივად, მათ შორის არც პოლიციას და არ აღიარებენ ხელისუფლებას, ამას საზოგადოების იმდენად მაღალი მობილიზება უნდა. თუ ასეთ პოზიციამდე ხარ მისული, არსებული სისტემითაც მშვენივრად მოიგებ არჩევნებს ყოველგვარი დაუმორჩილებლობის გარეშე, თუ დაუმორჩილებლობა ეს აქციების ჩატარებაა, ეს დაუმორჩილებლობა არაა, ეს 30 წლის განმავლობაში უკვე იყო. მეორეც აქ საუბარი ხომ არაა ხელისუფლებასა და ოპოზიცხიაზე, აქ საუბარია იმაზე, რომ მოლაპარაკებებში ჩართული არიან ჩვენი დასავლელი პარტნიორები, როდესაც უარს ამბობ ამ დისკუსიაში მონაწილეობაზე, ფაქტიურად ნიშნავს იმას, რომ დასავლეთი შენდამი არცთუ ისე დადებითად განაწყო და ეს რაში აწყობს ოპოზიციას არ მესმის," - აცხადებს იგი.

მგონია, რომ მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს, ხელისუფლებამ თავისი ვარიანტი შესთავაზა, გასაგებია, რომ ისეთი ვარიანტი არაა, მაგრამ მოლაპარაკებები მინიმუმ იქამდე უნდა გაგრძელდეს, სანამ ოპოზიციის მიერ ეუთოს კომისიაში გადაგზავნილი კანონპროექტის პასუხი ჩამოვა, ამის შემდეგ უკვე სხვა რეალობა იქნება, დრს კი ისეთი რეალობაა, რაც აქამდე იყო, ამიტომ ამ ვითარებაში მოლაარაკების მაგიდის მიტოვება, არამგონია, რომ სწორი გადაწყვეტილება იყოს.

პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციას ახალი საარჩევნო სისტემის ვარიანტი შესთავაზა, რის გამოც ოპოზიცია ისევ უარზეა და დაუმორჩილებლობაზეც კი ალაპარაკდა.

„პოლიტიკურ სპექტრს ჩვენ ვთავაზობთ ინიციატივას, შევინარჩუნოთ მოქმედი შერეული საარჩევნო სისტემა, თუმცა 2/3-მდე გავზარდოთ ამ სისტემაში პროპორციული წილი. ამ ინიციატივაზე შეთანხმების შემთხვევაში, პროპორციული წესით ავირჩევთ 100 დეპუტატს,ნაცვლად 77-ის, ხოლო მაჟორიტარული მანდატები 50-მდე შემცირდება. შესაბამისად, იქნება 100 პროპორციული მანდატი მომავალ პარლამენტში და 50 მაჟორიტარული მანდატი, თუ ეს შეთანხმება შედგა", - განაცხადა თალაკვაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×