„მართლა ისე ნუ წარმოვიდგენთ, რომ ამერიკა არის მთელი მსოფლიოს მოსამართლე," - ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რევაზ არველაძე The Wall Street Journal-ს სარედაქციო საბჭოს მიერ საქართველოს შესახებ გამოქვეყნებულ სტატიას, სადაც ბოლო თვეების განმავლობაში, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებია შეფასებული.
ამერიკულ გამოცემა წერს, რომ აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეუძლია მცირედის ფასად საქართველო დემოკრატიის გზაზე დააყენოს და ამ მცირედში პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ გარკვეულ სანქციებია დასახელებული, რაშიც ივანიშვილის ქონების ყადაღა იგულისხმება.
რევაზ არველაძე „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ თუკი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ივანიშვილის წინააღმდეგ გარკვეული შეზღუდველი ვერ განხორციელდება.
„მანდ თუ იურიდიული საფუძველი არ არის, ეს ამერიკის ნათქვამზე ვერ გაკეთდება. ხშირად ვართ მოწმე, რომ მედიაში ისეთი ინფორმაცია გაჟონავს-ხოლმე, რომელიც ახლოსაც არ არის სინამდვილესთან.
„რანაირად შეიძლება ამერიკამ რამე დააყადაღოს? რა შუაშია ამერიკასთან ბიძინას ქონება? - მოდით, მართლა ისე ნუ წარმოვიდგენთ, რომ ამერიკა არის მთელი მსოფლიოს მოსამართლე," - ამბობს დეპუტატი.
სტატიაში მოკლედ არის შეჯამებული საქართველოში ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების" მმართველობის ბოლო შვიდი წელი: „უკანასკნელი შვიდი წლის განმავლობაში ქვეყანა ეფექტურად იმართება ბიძინა ივანიშვილის მიერ, რომელიც საქართველოს ყველაზე მდიდარი მოქალაქე და მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" ლიდერია. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ივანიშვილმა და მისმა მოკავშირეებმა შეარყიეს ქვეყნის დამოუკიდებელი ინსტიტუტები და ძალადობივად დაარბიეს საპროტესტო აქციები," - წერია პუბლიკაციაში.
სტატიაში ხაზგასმულია საქართველოს მმართველი პარტიის განცხადებები იმის შესახებ, რომ ქვეყანას სურს ითანამშრომლოს ვაშინგტონთან, ასევე გაერთიანდეს ევროკავშირსა და ნატოში, თუმცა „მმართველმა პარტიამ საქართველოს უბიძგა კვლავ მოსკოვის გავლენის ქვეშ დაბრუნებისკენ."
„მმართველმა პარტიამ საქართელოს პარლამენტში დაპატიჟა რუსეთის დუმის დეპუტატები. რუსი პოლიტიკოსის სპიკერის სკამზე დაჯდომამ კი ბევრი ქართველი აღაშფოთა... დემონსტრაციების ჩასახშობად კი ივანიშვლის მთავრობა ხალხს საარჩევნო რეფორმას დაპირდა," - ნათქვამია სტატიაში.
ამერიკული გამოცემის სარედაქციო ჯგუფი წერს, რომ აშშ-ს მეტის გაკეთება შეუძლია. სტატიაში განხილულია ბიძინა ივანიშვილის ქონებაც, რომელიც მან 90-იან წლებში რუსეთში დააგროვა და რომელსაც დიდი რაოდენობით ფასიანი ქაღალდები აქვს დასავლეთშიც.
სტატიის დასასრულს ვკითხულობთ, რომ ამერიკას არ შეუძლია უკარნახოს საქართველოს, როგორ უნდა განვითარდეს ქვეყანაში მოვლენები, თუმცა მას შეუძლია უბიძგოს მმართველ პარტიას უფრო დემოკრატიულად იმოქმედოს და საქართელოს პოლიტიკურ მოძრაობას ახალი სიცოცხლე შესძინოს, რომლის შემდეგაც საქართველო ვაშინგტონსა და ბრიუსელს ამჯობინებს მოსკოვის ნაცვლად.