თამთა ჩაჩანიძე
20.12.2019

 „როგორც ჩანს, დღეს ვითარება შეიცვალა იმათ სასარგებლოდ, ვისაც მიაჩნია, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის ფიგურით უნდა მთელს მსოფლიოს დაუმტკიცოს, რომ არსებობს ასეთი სახელმწიფო „სამხრეთ ოსეთი" - ასე აფასებს „რეზონანსთან" ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე, ოკუპირებული ცხინვალის მიერ „საზღვრის უკანონო კვეთისთვის" დაკავებულ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილისთვის 1 წლით და 9 თვით პატიმრობის შეფარდებას.

მანამდე არეშიძემ „რეზონანსთან" განაცხადა, რომ მის ხელთ არსებული ინფრმაციით, ექიმი გაფრინდაშვილი დიდი ალბათობით უახლოეს მომავალში, კერძოდ ახალ წლამდე გათავისუფლდებოდა.

ამჯერად არეშიძემ „რეზონანსთან" თქვა, რომ მისი განცხადება გამომდინარეობდა იქიდან, რომ როგორც მოსკოვში, ასევე ცხინვალში ვაჟა გაფრინდაშვილის თემაზე დაპირისპირებაში ისინი იმარჯვებდნენ, ვისაც სიტუაციის გამწვავება არ სურდა.

„ჩვენ გვქონდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ იქ სერიოზული დაპირისპირება და სხვადასხვა აზრის ჭიდილი იყო და უფრო იმარჯვებდნენ ისინი, ვინც თვლიდნენ, რომ მდგომარეობის გამწვავება არ ღირდა, ასეთი განწყობები შეიმჩნეოდა, როგორც მოსკოვში ასევე ცხინვალში.

„როგორც ჩანს დღეს ვითარება შეიცვალა იმათ სასარგებლოდ, ვისაც მიაჩნია, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის ფიგურით უნდათ მთელს მსოფლიოს დაუმტკიცონ, რომ არსებობს ასეთი სახელმწიფო „სამხრეთ ოსეთი" - განაცხადა არეშიძემ.

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის პატიმრობის გახანგრძლივებაზე ინფორმაცია ჯერ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა გაავრცელა, ხოლო შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ოფიციალური განცხადება გააკეთა.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით მოქმედი „ცხელი ხაზით" მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ადასტურებს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში საქართველოს მოქალაქე ვაჟა გაფრინდაშვილისთვის უკანონო პატიმრობის გახანგძლივებას.

„ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობა წარმოადგენს უკანონო პოლიტიკის ნაწილს, რაზეც სრული პასუხისმგებლობა საოკუპაციო რეჟიმს ეკისრება. აღნიშნული გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ოკუპირებულ რეგიონში ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის და ადგილზე უსაფრთხოების კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობას.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, მუდმივ რეჟიმში გააგრძელებს ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად მუშაობას და აღნიშნულ უკანონო გადაწყვეტილებაზე საერთაშორისო ორგანიზაციების და საქართველოს პარტნიორი ქვეყნების ინფორმირებას" - აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×