"რა თქმა უნდა, ეს არის ისევ შერეული სისტემა, უბრალოდ შეიცვალა პროპორციები, მაგრამ ამასაც დასჭირდება კონსტიტუციის გადახედვა და 113 დეპუტატის მხარდაჭერა. აქ მთავარი არის, დარჩება თუ არა ისევ ნულოვანი ბარიერი, რადგან 3%-იანი ბარიერის შემთხვევაში პატარა პარტიები, 3-4-ის გარდა პარლამენტში ვერ შევა" - აცხადებს კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი ხელისუფლების მიერ ოპოზიციისთვის შეთავაზებულ წინადადებასთან დაკავშირებით.
ხელისუფლება ოპოზიციას სთავაზობს მომავალი არჩევნები ჩატარდეს შერეული სისტემით, რომელშიც 100 დეპუტატი პროპორციული წესით, 50 კი მაჟორიტარული წესით აირჩევა. ხელისუფლების ამ შეთავაზებას ოპოზიცია არ თანხმდება და საერთო საყოველთაო დაუმორჩილებლობას აცხადებს.
"ეს იგივეა, რაც იყო შერეული სისტემა, ოღონდ შეიცვალა პროპორციები. ამ ცვლილებასაც სჭირდება კონსტიტუციის გადახედვა და 113 ხმა. აქ მნიშნელოვანი მომენტი არის, რჩება თუ არა იგივე ბარიერი, ანუ ნულოვანი ბარიერი; ვინაიდან ოპოზიციის დიდი ნაწილი იმის იმედად არის, რომ ბარიერი დაბალი იქნება, ან საერთოდ არ იქნება. 3%-იანი ბარიერის შემთხვევაში, პატარა პარტიები საერთოდ ვერ შევლენ პარლამენტში, 3-4 პარტიის გარდა.
რა თქმა უნდა, ეს არის ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური ნაბიჯი, თუმცა ოპოზიციისთვის დიდად არაფერი იცვლება. ალბათ ხელისუფლებამ წინასწარ იცოდა, რომ ოპოზიცია არ დათანხმდება და ამიტომაც შესთავაზა. დაველოდოთ, მოლაპარკების შემდგომ რაუნდს. რაც შეეხება ოპოზიციის განაცხადს საყოველთაო დაუმორჩილებლობასთან დაკავშირებით, რას გულისხმობენ ვერ გეტყვით, რადგან საყოველთაო დაუმორჩილებლობა ნიშნავს კონსტიტუციის ფარგლებს გარეთ გასვლას. ეს არის კანონის არშესრულება, პიკეტირება ან სახელმწიფო ორგანოების ბლოკირება, გადასახადების არ გადახდა, რაც სამოქალქაო დაპირისპირების წინაპირობაა. ეჭვი მეაპარება, რომ ოპოზიციას ამის რესურსი გააჩნია, ან საყოველთაო დაუმორჩილებლობას ოპოზიციაშიც ყველა დათანხმდეს, მაგრამ ყველა შემთხვევაში განმარტება უნდა გააკეთონ, რას გულისხმობენ საყოველთაო დაუმორჩილებლობაში"- განაცხადა "რეზონანსთან" ავთანდილ დემეტრაშვილმა.