თამთა ჩაჩანიძე
20.12.2019

 „დაუმორჩილებლობა ნიშნავს იმას, რომ ფაქტობრივად შენ ალტერნატიული ხელისუფლების ცენტრები შექმნა, რომ დააბალანსო ხელისუფლების ბერკეტები და მოახდინო ხელისუფლებაში მოსვლა" - ასე განმარტავს „რეზონანსთან" ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია საყოველთაო დაუმორჩილებლობას, როგორც პროტესტის ფორმას, რომელიც ოპოზიციამ სააჩევნო სისტემაზე მოლაპარაკებების მესამე რაუნდიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

ხელისუფლების მიერ შეთავაზებული ახალი საარჩევნო მოდელით უკმაყოფილო ოპოზიცია, მმართველ გუნდს „განკითხვის დღის მოწყობით" ემუქრება.

მაისაია აცხადებს, რომ ასეთი რამ ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის დროს განხორციელდა, რომელიც ქვეყნის ისტორიას შავ ლაქად დაეტყო.

„დაუმორჩილებლობა ჯერ კიდევ პირველ პრეზიდენტს მაშინდელმა ოპოზიციამ მოუწყო, როდესაც პარალელური სახელისუფლებო სტრუქტურები შეიქმნა, ეს იყო ეროვნული კონგრესი და პარალელური ტელევიზია, სახელმწიფო ტელევიზიის დაკავება მოხდა, მაშინდელი გვარდია ოპოზიციის მხარეს გადავიდა. იმედია, რომ ჩვენ ამ ტრაგიკულ სცენარს აღარ გავიმეორებთ, ეს იყო იმდროინდელი პოლიტიკური ავანსცენის შავი ლაქა.

„დაუმორჩილებლობა ნიშნავს იმას, რომ შენ არ ემორჩილები და არ ექვემდებარები იმ ხელისუფლების წესებს, სამართლებრივ რეგულაციის ფორმებს, მათ შორის ძალოვანი სტრუქტურების მიერ განხორციელებულ ქმედებას და ხელისუფლების ლეგიტიმაციას ეჭვის ქვეშ აყენებ, ფაქტიურად ალტერნატიულ ხელისუფლებას ქმნი, რომ დააბალანსო ხელისუფლების ბერკეტები, მოახდინო ხელისუფლებაში მოსვლა.

„თუმცა დაუმორჩილებლობის სხვა ფორმაც არსებობს, როდესაც შენ ეკონომიკური და მაკროეკონომიკური სტრუქტურების პარალიზებას ახორციელებ, ასეთი ფაქტები იყო როდესაც აღმოსავლეთ ევროპაში ფერადი რევოლუცია მოხდა, ასეთი ფაქტები იყო პოლონეთში, უნგრეთში და ა.შ. ეს ევროპული მომენტია, როდესაც შენ უცხადებ დაუმორჩილებლობას და არ ქმნი ალტერნატიულ სტრუქტურებს.

„აზიურ-აღმოსავლური ვარიანტით კი, ხელისუფლების ალტერნატიულ სტრუქტურებს და ორხელისუფლებიანობას ქმნი, დღევანდელი ოპოზიცია რომელ ვარიანტს აირჩევს, ეს მათი განხილვის საკითხია," - აცხადებს იგი.

მისივე თქმით, ხელისუფლების ნდობა და მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება, რაც მოასწავებს იმას, რომ კრიტიკულ ზრვარზე ვიმყოფებით.

„ყოველდღიურად უარყოფთი და დამძიმებული თემები შემოდის, მაგალითად ბოლო დროს ლუკა სირაძის ტრაგიკული სიკვდილი, ცოტნე გამსახურდიას მუხანათურად დაჭრა,ხვალ კიდევ რა გამოწვევის წინაშე ვიდგებით არავინ არ იცის, თანდათანობით ჩვენ კრიტიკულ ზღვარს ვუახლოვდებით, ასეთ ვითარებაში, როდესაც მმართველი ძალის ნდობის ფაქტორი ეცემა, ამას ემატება საგარეო გამოწვებიც, მაგალითად გუშინ პუტინმა თითქოს საქართველოზე არაფერი არ თქვა, მაგრამ ერთგვარი ფარული მესიჯები დააფიქსირა, მაგალითად პანკისის მიმართულებით გრძელ გზაზე თქვა, რომ ის მიესალმება ამ გზის მშენებლობას, თუმცა ფედერალური ხელისუფლება აქ არაფერ შუაში არააო.

„იგივე მარია ზახაროვას პრესკონფერენცია, რომელიც ქართულენოვანი „სპუტნიკზე" ტელეხიდი იყო, კრემლის ხელისუფლებას გააჩნია გარკვეული ინტერესები საქართველოს ხელისუფლების მიმართ, ამას ემატება თურქული ინტერესის გაზრდა, საქართველოში ერდოღანის ვიზიტს ველოდებით, რომელმაც არაორაზროვნად მიანიშნა თურქი მესხების პრობლემის გადაწყვეტა და ფაქტიურად შესაძლოა ფარული ულტიმატუმიც წამოაყენა, მითუმეტეს აშშ-ის ხელისუფლების პოზიციებიც არაერთგვაროვანია, სულ მცირე სამი ქვეყნის გავლენის ცენტრის ინტრესები ჩვენს ქვეყანაში უკვე პირდაპირ იკვეთება.

„ამ ყველაფერმა შესაძლოა ჩვენ კატასტროფულ შედეგებამდე მიგვიყვანოს, ბუნებრივია დღევანდელ ოპოზიციას საზოგადოების მხარდაჭერა არ აქვს, სანამ „ნაცმოძრაობის" ნარატივის ქვეშ იქნებიან, ისინი ამას ვერც მიაღწევენ,

„თუ ადრე გარე მოთამაშე აქტორების ჩართულობა კარგად არ იყო გამოკვეთილი, დღეს უკვე საკმაოდ კარგად გამოიკვეთა. ამის ფაქტებიც არსებობს. ამას ემატება ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხიც, რაც უფრომეტად ამძიმებს სიტუაციას," - აცხადებს მაისაია.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მათი ინიციატივაა, შემდეგი არჩევნები ჩატარდეს შერეული საარჩევნო სისტემით, რომელშიც 100 დეპუტატს პროპორციული წესით, 50-ს კი მაჟორიტარული წესით აირჩევენ, რაც ოპოზიციისთვის კატეგორიულად მიუღებელი აღმოჩნდა და საყოველთაო დაუმორჩილებლობაზე და რევოლუციაზე ალაპარაკდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×