2020 წლის 1-ლი იანვრიდან მძღოლებისათვის ტექდათვალიერება აღარ გამკაცრდება. ცვლილება აპრილამდე გადაიდო და გამარტივდა მისი შინაარსიც. სრულად მოიხსნა მოთხოვნა ე.წ. კატალიზატორებზე ქვეყანაში უკვე არსებული სატრანსპორტო საშუალებებისათვის. ფაქტია ხელისუფლება საარჩევნოდ მოსახლეობის განაწყენებას მოერიდა და ამიტომაც შეცვალა დადგენილება.
ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ტექნიკურ რეგლამენტში ცვლილებები შევიდა, რომელიც 2020 წლის პირველი აპრილიდან ამოქმედდება. სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მიხეილ ხმალაძის ინფორმაციით, ავტომფლობელებს მიეცათ გონივრული ვადა, ხარვეზიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესაკეთებლად და ამავე დროს, გამკაცრდა ისეთი ნორმები, რომლებიც მიმართულია გზებზე უსაფრთხოების ნორმების გასაუმჯობესებლად.
ცვლილების თანახმად, კატალიზური კონვერტორის (კატალიზატორის) არსებობის ვალდებულება მხოლოდ იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე გავრცელდება, რომლებიც საქართველოში პირველად რეგისტრაციას 2020 წლის პირველი აპრილიდან გაივლიან.
მიხეილ ხმალაძის განცხადებით, უკვე ჩატარებული ინსპექტირების შედეგებმა აჩვენა, რომ ავტოპარკის სიძველიდან გამომდინარე, ავტოსატრანსპორტო საშუალებების საკმაოდ დიდი ნაწილი კატალიზატორის არსებობის ვალდებულებას ვერ დააკმაყოფილებს.
გარდა ამისა, 2021 წლის 31 დეკემბრამდე გადაიწია M1 და N1 ტიპის მსუბუქი ავტომობილებისთვის ცეცხლმაქრის, ამრეკლავი სამკუთხედის, სამედიცინო სააფთიაქო ყუთის ქონის და ხმაურის დონის განსაზღვრის ვალდებულებამ. მიხეილ ხმალაძის განცხადებით, მათი არსებობა მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებაზე, ხოლო რაც შეეხება სატვირთო და სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებებს, მათთვის აღნიშნული საშეღავათო პირობები ისედაც არ ვრცელდება.
ცვლილება შედის მარჯვენასაჭიანი ავტომობილების ინსპექტირების პროცესშიც. მიხეილ ხმალაძის განცხადებით, იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, რომელთაც 2018 წლის პირველი იანვრის შემდგომ გადატანილი აქვთ საჭე და 2020 წლის პირველ აპრილამდე გაიარეს ან გაივლიან პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას, არ გავრცელდება რეგლამენტით დადგენილი შეზღუდვა ინსპექტირების აკრძალვასთან დაკავშირებით და პერიოდული ტექნიკური ინსპექტირებას დაექვემდებარებიან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. რაც შეეხება 2020 წლის პირველ აპრილს, ამ თარიღიდან რეგლამენტით დადგენილი შეზღუდვა ამოქმედდება.
,,რეზონანსი” ზუსტად ერთი კვირის წინ წერდა ამ თემაზე. მაშინ, ოფიციალური უწყებების წარმომადგენლები, დაბეჯითებით ირწმუნებოდნენ, რომ რეგლამენტი უნდა ამოქმედებულიყო. როგორც ჩანს, ცვლილების გადავადების და კატალიზატორების ვალდებულების მოხსნაზე მოახლოებულმა არჩევნებმაც იმოქმედა. ქვეყანაში სატრანსპორტო საშუალებების დიდი ნაწილი ძველია და არ აქვს გამონაბოლქვის კატალიზური გარდამქმნელი, შეასაბამისად, ხელისუფლება სწორედ ამ მრავალრიცხოვანი ელექტორატის განაწყენებას მოერიდა.
სამაგიეროდ, 2020 წლის პირველი იანვრიდან ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე განთავსებული თხევადი აირის აირბალონისა და მისი სისტემის ტექნიკური ინსპექტირება ყველა ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე სავალდებულო გახდება.
ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად, ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელები, რომლებსაც დამონტაჟებული აქვთ თხევადი აირის აირბალონი და სისტემა, 2020 წლის 1-ლი იანვრიდან ვალდებულები იქნებიან ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების დროს, თან თხევადი აირის აირბალონისა და შესაბამისი სისტემის ტექნიკური გამართულობის შესახებ ინსპექტირების სერტიფიკატი იქონიონ. აღნიშნული სერტიფიკატი გაცემული უნდა იყოს აკრედიტებული შესაბამისობის შემფასებელი პირის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე აირბალონიანი მოწყობილობის განთავსების, ტექნიკურ მოთხოვნებთან მისი შესაბამისობის შეფასებისა და უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის შესაბასად.
სფეროს სპეციალისტები რეფორმის ამოქმედების დღიდანვე ეწინააღდეგებიან ტექნიკური დათვალიერების არსებულ და დაანონსებულ წესებს. "ჰაბ ჯორჯიას” დამფუძნებელი ვასო ურუშაძე "რეზონანსთან" ამბობს, რომ ხელისუფლება მოერიდა საარჩევნოდ მოსახლეობის განაწყენებას და ამიტომაც შეცვალა რეფორმის არსი. მისი აზრით, აპრილში ასამოქმედებელი რეგულაცია კვალავ გადაიდება, უკვე გაურკვეველი დროით.
"ისედაც ცხადი იყო და ვამბობდით კიდეც, რომ ეს რეგულაცია გადაიდებოდა. ამისათვის არავითარი მოსამზადებელი პერიოდი არ ჩატარებულა. თავის დროზე, როცა დაუწყო ამ რეფორმის დაგეგმვა და განხორციელება, გაუაზრებლად იყო ყველაფერი. ჩვენ, არაერთხელ გვქონდა კომუნიკაცია ხელისუფლებალსთან სადაც მივმართავდით, რომ პროცესის დაწყებამდე ჩატარებულიყო კვლევები.
ხელისუფლებას ჰქონდა ერთადერთი ამოცანა, რომ უბრალოდ, აღდგენილიყო ტექდათვალიერება, რადგან ეს ევროკავშირთან ნაკისრი ხელშეკრულების ერთ-ერთი დირექტივაა. როგორც ჩანს, ბოლო დროს დაინახეს, რომ ძალიან დიდი პრობლემის წინაშე დადგებოდნენ, ამიტომ შეცვალეს პოზიცია.
თავიდანვე კი არ შეიმუშავეს ტექდათვალიერების რამე ახალი, ინოვაციური და ქართულ რეალობას მორგებული მექანიზმი, არამედ აიღეს და გადმოიტანეს ძველი, გაუარესებული პარამეტრებით, 90-იან წლებშიც კი გამონაბოლქვის სტანდარტი იყო 0.3-0.5-მდე, ამათმა კი გაზარდეს 0.8-მდე, ანუ თითქმის ორჯერ გააუარესეს მაჩვენებელი. ეს მათ შეფუთეს იმით, რომ ერთი წელი უნდა ყოფილიყო გარდამავალი პერიოდი. გავიდა ეს დროც და 2020 წლიდან უნდა შესულიყო ძალაში ახალი რეგლამენტი, თუმცა ხელისუფლება ეტყობა მოიერიდა 1 მლნ 100 ათასი ადამიანის განაწყენებას, ამიტომაც გადადეს 1 აპრილამდე. ჩემი აზრით, კიდევ გადაიდება. რეალურად ჩვენ მივიღეთ რეფორმა, რომელსაც საზოგადოებრივი სიკეთე არ მოუტანია და არ ემსახურება მის მთავარ მიზანს. ეს არის ფორმალური ტექდათვალიერება", -აღნიშნა "რეზონანსთან" ურუშაძემ.
"ჰაბ ჯორჯიას" დამფუძნებელი ავტოიმპორტის დროს კატალიზატორის შემოწმების ასამოქმედებლ წესსაც ეხმიანება და ამბობს, რომ ეს იქნება ტექნიკურად რთულად შესამოწმებელი პირველ ეტაპზე. ამიტომ მანქანების შემოყვანის, განბაჟების და ტექდათვალიერების შემდეგ, მძღოლებს ექნებათ საშუალება, ახალშემოყვანილი მანქანის კატალიზური გარდამქმნელი თავისუფლად გაყიდონ, მით უფრო, რომ ის საკმაოდ ძვირი ღირს.