„რადგან ატყდა ამბავი და ვეუბნებით, რომ „გამოუშვით," არ უშვებენ. შემდეგ იტყვიან, რომ „კეთილი ნებით" გამოუშვებენ. ცხინვალის დე-ფაქტო მთავრობა, რა თქმა უნდა, არაფერ შუაში არ არის," - ასე აფასებს „რეზონანსთან" საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია საოკუპაციო რეჟიმის „სასამართლოს" მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილისთვის 1 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთას.
დეპუტატი იმედს გამოთქვამს, რომ საოკუპაციო რეჟიმი გადაწყვეტილებას შეცვლის და „კეთილი ნებით" მისი განთავისუფლება მოხდება. მისივე თქმით, კრემლი ძალის დემონსტრირებას ახდენს.
„ეს არის ძალის დემონსტრირება, რაც არ არის პირველი შემთხვევა, განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებთან, რომელთა სიდიდე კარგად იცის, - ვგულისხმობ ჩვენნაირ პატარა ქვეყნებს. იგივეს აკეთებს უკრაინასთან და ევროპის სხვა ქვეყნებთანაც. მაინც იმედი მაქვს, რომ ეს არის რაღაც გარკვეულ პერიოდამდე.
„შემდეგ თავის ნათქვამს (რუსეთი) გადახედავს-ხოლმე. დარწმუნებული ვარ, ეს ერთი წელი და ცხრა თვე არ გაგრძელდება. გარკვეულ ხანში ალბათ მოხდება მისი განთავისუფლება, მაგრამ ეს მათი პოზიცია - „თქვენ მთხოვთ, მაგრამ ამას არ ვაკეთებ," შემდეგ „აი, ჩვენ თვითონ ვაკეთებთ ამასი"-ით შეიცვლება. რაღაც მსგავსი აქვთ ჩაფიქრებული. არც მათ სჭირდებათ ადამიანი იჯდეს არაფრის გულისთვის," - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.
ცნობისათვის, საოკუპაციო რეჟიმის ე.წ სასამართლომ ვაჟა გაფრინდაშვილს 1 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
„ეს კიდევ ერთხელ არის იმის დასტური, რომ მისი დაკავება იყო შეგნებული პროვოკაცია," - აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი.
მინისტრის თქმით, აუცილებლად ამოქმედდება ის გეგმა, რომელიც ცუდი სცენარის განვითარების შემთხვევისთვის იყო გათვალისწინებული.
შეგახსენებთ, ექიმი საოკუპაციო ძალებმა 9 ნოემბერს ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით დააკავეს. ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე ავადმყოფი ქალის დასახმარებლად გადავიდა, რომელიც თბილისში სამკურნალოდ ვერ ჩამოდიოდა. ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრები 60 წლის ქალი ჭაში ჩავარდა და დაზიანებები მიიღო, თუმცა თბილისში ვერ გადაიყვანეს, რადგან საოკუპაციო რეჟიმს ე.წ. გამშვები პუნქტი ჩაკეტილი ჰქონდა.
(სტატიის მომზადებაში მონაწილეობდა ნინო შიოშვილი)