რეზონანსი
20.12.2019

(რეზონანსი) 15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული გამომძიებელი, მარიანა ჩოლოიანი საავადმყოფოდან პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს, - ამის შესახებ დაკავებულის ადვოკატმა, თეონა გვაზავამ განაცხადა.

მისი თქმით, დაკავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა და ის უკვე პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული.

ამასთან, თეონა გვაზავს განცხადებით, დაცვის მხარემ უკვე ჩაიბარა ჩოლოიანისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების განჩინება, რომელსაც 48 საათის განმავლობაში გაასაჩივრებს.

ბრალდებულ გამომძიებელს, მარიანა ჩოლოიანს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გუშინ შეუფარდა. აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობა სასამართლოს გადაწყვეტილებით, კლინიკაში გაიმართა.

მარიანა ჩოლოიანს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ორ ეპიზოდში წარედგინა, რაც მოხელის მიერ ჩვენების მიცემის იძულებას გულისხმობს. გამოძიებას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური აწარმოებს.

15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი 17 დეკემბერს დააკავეს. იმავე საღამოს ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიდან კლინიკაში გადაიყვანეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×