ტატა შოშიაშვილი
21.12.2019

 „ცხადია, ყველა თავისას ცდილობს... მაგრამ, ვერ ვხვდები, ხოლმე ეგეთ რაღაცებს. წარმოდგენა არ მაქვს, რამდენად რეალურია ეგ", - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას უმრავლესობის დეპუტატი რევაზ არველაძე „ფეისბუკის" მიერ 400-ზე მეტი ქართული ანგარიშის დაბლოკვას.

აღსანიშნავია, რომ, „ფეისბუკის" ადმინისტრაციის ინფორმაციით, ეს ანგარიშები - 39 პროფილი, 344 გვერდი, 13 ჯგუფი და 22 „ინსტაგრამ" ანგარიში საქართველოს ხელისუფლებასთან იყო აფილირებული და მათი ადმინები ხელისუფლების ნარატივს ავრცელებდნენ.

„ფეისბუკის" ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ, როგორც წესი, აღნიშნული „ფეისბუქპოსტები" სამთავრობო პოლიტიკას, არჩევნებს, მაღალჩინოსნებს ეხებოდა და, გარდა ამისა, აკრიტიკებდა ოპოზიციის წარმომადგენლებსა და ადგილობრივი აქტივისტების ჯგუფებს:

„ეს გვერდები პოზიციონირებდნენ, როგორც ახალი ამბების სააგენტოები და იმიტირებდნენ პოლიტიკურ პარტიებს, საჯარო პირებსა და მედიებს. გვერდების ადმინასტრატორები და ანგარიშების მფლობელები, როგორც წესი, ადგილობრივ ახალ ამბებსა და პოლიტიკურ საკითხებზე პოსტავდნენ, მაგალითად, როგორიცაა არჩევნები, სამთავრობო პოლიტიკა, მაღალჩინოსნები, ოპოზიციისა და ადგილობრივი აქტივისტური ჯგუფების კრიტიკა.

„მიუხედავად იმისა, რომ ამ ანგარიშების უკან მდგომი ადამიანები ცდილობდნენ, დაეფარათ თავიანთი იდენტობა და კოორდინირებული მუშაობა, ჩვენი გამოძიებით ეს აქტივობები საქართველოში მოქმედ სარეკლამო კომპანია „პანდასა" და „ქართული ოცნების" ხელისუფლებას უკავშირდება," - წერია განცხადებაში

„ქართული ოცნების" დეპუტატი რევაზ არველაძე „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ „ფეისბუქზე" პირადად ის ძირითადად ხელისუფლების სალანძღავი პოსტების მეტს ვერაფერს კითხულობს:

„ვერ ვხვდები ხოლმე ეგეთ რაღაცებს. წარმოდგენა არ მაქვს, რამდენად რეალურია ეგ, რამდენად შეამოწმა ვინმემ, რომ ეს მოხდა, არ ვიცი. „ფეისბუკზე" მე რომ ვუყურებ ჩემს გვერდს ან სხვა გვერდებს, ხელისუფლების ლანძღვის მეტი არაფერი იწერება და პირიქით როგორ უნდა იყოს, ვერ გავიგე.

„თავისთავად ცხადია, ყველა თავისას ცდილობს, მაგრამ, ხომ იცით, გამოთქმაა - „მიზანი ამართლებს საშუალებას". ეს მოგონილია პოლიტიკოსებისთვის. თუმცა, ჩემი აზრით, ყველა სიბინძურე მიზნის მისაღწევად არ უნდა იყოს მისაღები საზოგადოებისთვის", - განაცხადა რევაზ არველაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×