ელზა პაპოშვილი
21.12.2019

რა მოხდა რეალურად გალის ქუჩაზე და ვინ არიან პირები, რომლებიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ პირველი პრეზიდენტის შვილის ცოტნე გამსახურდიაზე თავდასხმის გამო დააკავა. ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით ერთი პირი, მისივე უბნელი დააკავეს, ხოლო 4 პირიდან, რომელსაც გამოძიება დანაშაულის შეუტყობინლებლობას ედევაება, 3 ასევე გალის ქუჩის მცხოვრებლები არიან, ერთი კი გამსახურდიას ბავშვობის მეგობარი პეტრე ყუფარაძეა. მას გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. 

ყუფარაძე დანაშაულს არ აღიარებს. ასევე ის იყო ერთ-ერთი პირი, რომელმაც სასწრაფო დახმარება გამოიძახა და დაჭრილ მეგობარს საავადმყოფოში გაყვა. 

რა მოხდა 19 დეკემბერს გალის ქუჩაძე? ადგილობრივები „რეზონანსთან“ ყვებიან, რომ ბრალდებულები მათი ქუჩის მცხოვრებლები არიან. მათივე ინფორმაციით, გამსახურდიასა და მის უბნელებს შორის დაპირისპირება თავდაპირველად მეზობლის სახლში დაიწყო, რომელიც გარდაცვლილი ძმის დაბადების დღეს აღნიშნავდა. თუმცა, დაპირისპირების მიზეზი რა იყო, მათ ამაზე საბარი უჭირთ. 

მეზობლები ამბობენ, რომ კონფლიქტი მასპინძელმა განმუხტა და გამსახუდია სახლში წავიდა. სავარაუდოდ, სწორედ სახლში წასულ ექს-პრეზიდენტის შვილს ისინი უკან გაყვნენ. ხოლო სახლიდან კვლავ გამოსულს ჭიშკართან დახვდნენ და ჩხუბიც ამის შემდეგ გაგრძელდა. 

რაც შეეხება გამსახურდიას დაკავებულ მეგობარს, სავარაუდოდ, ის ჩხუბის ხმაზე მეგობრის დასახმარებლად მივიდა და მათ გაშველებას ცდილობდა. 

4 პირი პოლიციამ მაშინ დააკვა, როდესაც ისინი სარფის საბაჟოს გავლით ქვეყნის დატოვებას აპირებდნენ. 

ცოტნე გამსახურდიას ოჯახი კი იმედოვნებს, რომ მკვლელობის მცდელობის მუხლით ერთი პირის გარდა დანარჩენი სამი პირის ბრალელულობაც გამოიკვეთება და მუხლი გადაკვალიფიცირდება. მათი თქმით, წარმოუდგენელია, რომ ორ მეტრამდე სიმაღლის და კარგი ფიზიკური მონაცემების მქონე გამსახურდიას ერთი პირი ამდენ დაზიანებას აყენებდა და ნარჩენი სამი კი მას უყურებდა.

ცოტნე გამსახურდიას ადვოკატის თქმით, საქმის მასალებზე წვდომისთვის მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას ელოდებიან. ამირან გიგუაშვილი „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ სახელმწიფოს ინტერესებში უნდა იყოს, რათა ცოტნე გამსახურდიას დაჭრის საქმეში კითხვის ნიშნები არ დარჩეს. ადვოკატი საქმეში სახალხო დამცველის ჩართვას ითხოვს და იმედოვნებს, რომ დანარჩენ სამ პირთან დაკავშირებითაც მუხლის გადაკვალიფიცირება მოხდება. 

ადვოკატი ვარაუდობს, რომ ცოტნე გამსახურდიაზე თავდასხმაში ერთზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა და მათი პასუხისმგებლობის საკითხიც უნდა დადგეს.

„ცოტნე გამსახურდია არის ფიზიკურად ძლიერი ადამიანი, ექსტრემალურ სიტუაციებში გამოცდილი, ამიტომ ცოტა ძნელი წარმოსადგენია, რომ ერთ ადამიანს შეეძლო მისთვის ასეთი დაზიანებების მიყენება. ჯერჯერობით საქმის მასალებს არ ვიცნობ. თუმცა ველოდები, რომ გამსახურდიას დაზარალებულის სტატუსი მიანიჭონ და ამის შემდეგ უფრო ზუსტად შევძლებ დეტალებზე ვისაუბრო. 

„ჯერ რაც ვიცი, ეს არის მხოლოდ მათი პირველადი დაკითხვის დროს მიცემული ჩვენებები. დაჭრაზე პასუხისმგებლობას მხოლოდ ერთი პირი იღებს. ვნახოთ, იმედი გვაქვს მუხლი გადაკვალიფიცირდება,“ - განაცხადა გიგუაშვილმა „რეზონანსთან“. 

ცოტნე გამსახურდიას საქმეზე დაკავებული მისი ბავშვობის მეგობარი პეტრე ყუფარაძე კი წარდგენილ ბრალს- დანაშაულის შეუტყობინებლობას - არ ეთანხმება. „რეზონანსთან“ მისი ადვოკატი ვაჟა არობელიძე ამბობს, რომ მან თავის დაცვის ქვეშ მყოფი მოინახულა, რომელიც ამბობს, რომ მას თავდამსხმელები არ დაუნახავს და მათი იდენტიფიცირება ვერ მოახერხა. ის მეგობრის დასახმარებლად როდესაც მივიდა, თავდამსხმელები გაიქცნენ და მათი ამოცნობა ვერ მოასწრო. 

„პეტრეს ვესაუბრე და მან იცის რა მუხლით დააკავეს. ამ მუხლს არ დავეთანხმებით. ის წაყენებულ ბრალს კატეგორიულად არ ეთანხმება. ცოტნე საავადმყოფოში მან წაიყვანა. ადგილზე პოლიცია რომ მივიდა, იქ იყო. გამსახურდია საკაცეზე პეტრემ დააწვინა და საავადმყოფოშიც გაყვა. 

„მას უშუალოდ დაჭრის ფაქტი არ უნახავს. თქვა, რომ ჩხუბი იყო და გასაშველებლად რომ მივიდა, გაიქცნენ. იხსენებს, რომ ცოტნეს ხელი რომ მოჰკიდა, ჩაიკეცა. სისხლი მოსდიოდა თავიდან და ბეჭიდან. თავად დაჭრის ფაქტი არ უნახავს და არც იცის ვინ დაჭრა. როდესაც მან ჩხუბის ხმა გაიგონა იქით გაიქცა, ადგილზე მისულს კი უკვე დაჭრილი მეგობარი დახვდა. თავდამსხმელები კი გაიქცნენ“, - განაცხადა „რეზონანსთან“ ადვოკატმა.

მისივე თქმით, პეტრე ყუფარაძე მხოლოდ ერთ დაკავებულს იცნობს, რომელიც ასევე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით არის დაკავებული და ცოტნე გამსახურდიას მეზობელია.

ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა კი ამ ეტაპისთვის კვლავ უცვლელია, ღამის განმავლობაში რაიმე გართულებას ადგილი არ ქონია. ამის შესახებ განცხადება მისმა მკურნალმა ექიმმა მედიასთან გააკეთა:

„ღამის განმავლობაში რაიმე გართულებას ადგილი არ ქონია, უტარდება დაგეგმილი მოცულობის მკურნალობა და მეთვალყურეობა. არსებითი ცვლილებები არ გახლავთ, დაახლოებით იგივე სიმძიმის პაციენტად რჩება, როგორიც იყო წინა ეტაპზე,“ - აცხადებს ექიმი. 

გამსახურდიას დაჭრაზე კი განზრახ მკვლელობის მცდელობის და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით და 376-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, ფაქტზე დაკავებულია 5 პირი. 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული ტ.ღ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ხოლო ოთხი პირი – 1990 წელს დაბადებული თ.ქ., 1991 წელს დაბადებული გ.ს., 1982 წელს დაბადებული პ.ყ. და 1973 წელს დაბადებული კ.ჩ. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს.

„ამ ეტაპზე, გამოძიებით დადგენილია, რომ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულმა ტ.ღ.-მ მიმდინარე წლის 19 დეკემბერს, თბილისში, გალის ქუჩაზე, ცოტნე გამსახურდიას, საკუთარი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო მომხდარი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბასრი საგნის გამოყენებით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბორცვაძემ. 

მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულ პირს 7-დან 15 წლამდე ვადით, ხოლო ამავე დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებულ პირებს კი 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×