სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი საკუთარი გუნდის წევრებს და კიდევ სხვა პირებს ორაზროვან მუქარანარევ გაფრთხილებას უგზავნის და ის სოციალურ ქსელში საკმაოდ საინტერესო განცხადებას აკეთებს. გოგაშვილი ხელისუფლებას აფრთხილებს, რომ დროზე დასრულდეს პანკისში მომხდარი სპეცოპერაციის და თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის ირგვლივ დაწყებული გამოძიება. წინააღმდეგ შემთხვევაში ის ამბობს, რომ იტყვის ბევრ რამეს და შოკისმომგვრელ ინფორმაციას გაავრცელებს.
რას და ვის გულისხმობს პირადად, გოგაშვილი არ აკონკრეტებს. თუმცა, მალხაზ მაჩალიკაშვილი „რეზონანსთან“ საუბრისას მის მიერ გაჟღერებული ინფორმაციის მიხედვით ორ ვერსიაზე საუბრობს. ერთის მიხედვით, მაჩალიკაშვილი არ გამორიცხავს, რომ გოგაშვილი მის წინააღმდეგ რამეს გეგმავდეს. ხოლო მეორე ვერსიით, შესაძლოა გოგაშვილის დაკავებაც იგეგმებოდეს და ის ამ ფორმით მათ გაფრთხილებას ცდილობდეს.
მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ გოგაშვილმა ბევრი რამ იცის და უკვე დიდი ხანია ამით როგორც სუს-ის მაღალჩინოსნებს, ასევე პოლიტიკოსებსაც აშანტაჟებს.
„პირადში ძალიან ბევრი უცხო ადამიანი მწერს და საჭიროდ ჩავთვალე განმარტება გავაკეთო, მეგობრებმა და ახლობლებმა ისედაც იცით იმის მიზეზი რაზეც ქვემოთ დავწერ:
„მოკლედ,მწერენ ძალიან ბევრნი და მეკითხებიან,რატომ არაფერს არ ვამბობ, რატომ ვარ ჩუმად, დამნაშავე ვარ, არა ვარ, რატომ არ ვხსნი იმას, თუ რა მოხდა სალოსის ქუჩის და პანკისის (არა მარტო) სპეცოპერაციის დროს.
„მინდა ყველამ იცოდეთ, რომ ჩემი დუმილი ნაყიდი არაა! მე ძალიან ბევრი მაქვს სალაპარაკო და ბევრ რამეს შემიძლია ავხადო ფარდა, რაც არ იცის საზოგადებამ და რაც არ ჩანს ყველასთვის, მაგრამ იქამდე, სანამ პროკურატურა არ დაასრულებს გამოძიებას და არ დაიდება დასკვნა ( იმედია მალე!), მე არანაირ განმარტებას და კომენტარს არ გავაკეთებ, რადგან ხელი არ შევუშალო ამ საქმის მსვლელობას.
„დამერწმუნეთ, რომ არაა მარტივი აიტანო ის სიბინძურე და ცილისწამება, რომელსაც ანთხევენ უღირსი და სულიერად, თუ ხორციელად ყოვლად გახრწნილი ბინძური სულის ადამიანები ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების მიმართ. თქვენ ყველა ძალიან მალე დარწმუნდებით ჩემს სიმართლეში, სისუფთავეში და ერთგულებაში ქვეყნის მიმართ.
„ის ხალხი რომელიც ამას კადრულობს, ისეთ დღეში ჩავარდებიან, რომ რუსთაველზე კი არა, ვერსად ვერ გამოყოფენ თავს! ამ ხალხში არიან, როგორც დაინტერესებული და დავალებამიღებული პერსონები, ასევე „გუნდის“ წევრებიც. ასე რომ, დაველოდოთ, მალე გაიგებთ სიმართლეს. ბევრისთვის ეს შეიძლება შოკისმომგვრელიც კი იყოს, მაგრამ სიმართლე სიმართლეა! და ეს სიმართლე ქვეყანას არ დააზიანებს. პირიქით, უთქმელობა აზიანებს ქვეყანას“, - წერს გოგაშვილი სოციალურ ქსელში.
მალხაზ მაჩალიკაშვილი კი მას „რეზონანსის“ მეშვეობით მიმართავს და მოუწოდებს, თქვას ღიად რა უნდა და გამოაქვეყნოს თუ მის წინააღმდეგ რამე აქვს. მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ ნახევარი წლის წინ, სოსო გოგაშვილმა მას შუამავალი გაუგზავნა და შეხვედრა სთხოვა. თუმცა ბოლოს, მისთვის გაუგებარი მიზეზების გამო, შეხვედრაზე უარი განაცხადა.
მაჩალიკაშვილი არ გამორიცხავს, რომ ის სიმართლის მოყოლას აპირებდა, რეალურად რა მოხდა თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის დღეს. ის არ გამორიცხავს, რომ გოგაშვილის გაწირვას და მასზე ხელის შეხოცვას აპირებენ, ამიტომაც მან გამაფრთხილებელი განცხადება გააკეთა.
„გოგაშვილი ხომ ჩემი მტერია, მაგრამ მივმართავ, რომ გამოაქვეყნე თუ რამე გაქვს და ერთხელ და სამუდამოდ დაისვენე შენც და მეც. მაინტერესებს პროკურატურა ამ განცხადების შემდეგ ამ კაცის ნათქვამით რატომ არ ინტერესდება. იქნება და რა აქვს?! ძალიან ბევრი რომ იცის, ეს ხომ ნათელია. 7 წლის განმავლობაში ამ კაცის ხელში ყველაფერი იყო. ის იყო სუს-ის უფროსის მოადგილე და ყველა სიბინძურე მის ხელთ არის.
„ამ განცხადების უკან გოგაშვილის ჩანაფიქრის ორი ვერსია შეიძლება იყოს. ერთი ის, რომ შესაძლოა ჩემზე აქვს რაღაც. გამოაქვეყნოს, არაფერის მეშინია. მეორე - მისი დაკავება იგეგმება და ეს ინფორმაცი მას აქვს, ამიტომაც ვიღაცეებს აფრთხილებს.
„სიმართლე გითხრათ, ეს ადამიანი მუდმივად რაღაცას ხლართავს და რაღაც აბდაუბდას ლაპარაკობს. მაგრად არიან გახლართულები და ახლა ერთმანეთს ემუქრებიან. ნახევარი წლის წინ მან შუამავალი გამომიგზავნა. ჩემთან შეხვედრა და საუბარი უნდოდა. თუმცა, მოულოდნელად გადაიფიქრა.
„მე ვფიქრობ, რომ მას რაღაცის თქმა უნდოდა. ელოდება -თუ ხელი ყველაფერში მას შეაწმინდეს, მგონია, რომ ბევრ რაღაცას იტყვის. თუმცა, მაინც ჩემი შვილის მკვლელობის მთავარი ფიგურანტები სოსო გოგაშვილი და ანტიტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელი ჩიმაკაძე არიან. დღემდე საქმის შეთხვზა უნდათ და არ გამოსდით. ციხეში პანკისში სპეცოპერაციის დროს დაკავებულებთან მიდიან და თემირლანის დასახელებას სთხოვენ. მოლოდინი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში რაღაც უნდა მოხდეს. გოგაშვილი ისე არაფერს დაწერდა“, - აცხადებს მაჩალიკაშვილი „რეზონანსთან“.