თამარ შუკვანი
22.12.2019

 საქართველოს კთალიკოს-პატრიარქმა ილია II-მ 17 ნოემბერს ოფიციალური წერილით მიმართა რუსეთის პატრიარქ კირილს, სადაც ორ საკითხზე ამახვილებდა ყურადღებას - შეშფოთებას გამოთქვამდა მოსკოვის საპატრიარქოს მიერ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსი მღვდელმსახურების ოფიციალურად გაგზავნის გამო და რუსული ეკლესიის წინამძღვარს დახმარებას სთხოვდა ცხინვალში პატიმრობაში მყოფი ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებაში. 20 დეკემბერს დე ფაქტო სასამართლომ ქართველ ექიმს მაქსიმალური შესაძლო ვადით - 1 წლითა და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ილია II-ის წერილზე პასუხი კი მოსკოვის საპატრიარქოდან საერთოდ არ მოსულა.

ეს პრაქტიკულად უპრეცედენტო შემთხვევაა ეკლესიების ურთიერთობებში, როდესაც ერთი ეკლესიის მეთაურის ოფიციალურ წერილს ადრესატი ეკლესიის მეთაურმა ფორმალურადაც კი არ გასცა პასუხი. ამას ცაგერის და ლენტეხის მიტროპოლიტი, მეუფე სტეფანე „რეზონანსთან" საუბრისას იმით ხსნის, რომ „ეტყობა, უხერხულ მდგომარეობაში არიან და არ იციან, რა პასუხი გაგვცენ."

„ბატონ ვაჟასთან დაკავშირებით, ყოველთვის გვექნება ყურადღება და იქნება პოზიცია, რომ აუცილებლად უნდა გაანთავისუფლონ. ყველა ბერკეტი, რაც კი შესაძლებელია, იქნება გამოყენებული," - ამბობს მიტროპოლიტი.

დადგება თუ არა დღის წესრიგში, როგორც ვაჟა გაფრინდაშვილის, ასევე ოკუპირებულ რეგიონებში რუსი სასულიერო პირების შესაძლო გაგზავნის საკითხი - მეუფე სტეფანე პასუხობს, რომ ეს საკითხები განხილული იქნება სინოდის სხდომაზე.

მას უჭირს იმაზე საუბარი, ექნებოდა თუ არა რაიმე შედეგი რუსეთის ეკლესიის, ან პირადად პატრიარქ კირილის ჩარევას ვაჟა გაფრინდაშვილის საქმეში.

„ვერ გეტყვით იქნებოდა თუ არა სხვა შედეგი. შეიძლება შეეცადნენ კიდეც, არ გამოვრიცხავ. ვიცი, რომ მათ გარკვეული გავლენა აქვთ. რა გააკეთეს და რას გააკეთებენ, არ ვიცი. რუსეთის საპატრიარქო როგორ მოიქცევა, ჩვენთვის ძნელია პროგნოზირება.

„რა თქმა უნდა, პრობლემა არის და სინოდზე ეს საკითხი იქნება ერთ-ერთი. იქამდე რა მოხდება, ვერ გეტყვით. რაც მოხდება, ეს ყველაფერი გათვალისწინებული იქნება.

„ჩვენ პრინციპული პოზიცია გვაქვს, რომ უკანონოდ არცერთი მღვდელი არ შეიძლება მოქმედებდეს საქართველოს კანონიკურ ტერიტორიაზე, ის წერილიც ამას ასახავს. ბატონ ვაჟასთან დაკავშირებით უკანონო დაკავებაა და რა თქმა უნდა, ამაზე უბრალოდ თანადგომას ვთხოვთ. რა შეუძლიათ, არ ვიცი.

„ეს საკითხები დღის წესრიგში ყოველთვის იქნება. არასდროს არ არის საქართველოს ეკლესიის ყურადღებიდან გასული ის საკითხები, რომელიც ჩვენ კანონიკურ ტერიტორიაზე არაკანონიკურ ქმედებას ეხება. რამდენად შეგვიძლია რამის შეცვლა, ეს ჯერჯერობით სხვა საკითხია, ჩვენ ვრეაგირებთ ამაზე," - განაცხადა მიტროპოლიტმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×