თამარ შუკვანი
23.12.2019

ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარების ფონზე, რაზეც საერთაშორისო პარტნიორები პასუხისმგებლობას საქართველოს ხელისუფლებას აკისრებენ, დასავლეთის მხრიდან მმართველ ძალაზე ზეწოლა და კრიტიკა დღითიდღე იზრდება. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი პროგნოზირებს, რომ, როგორი საარჩევნო სისტემაც არ უნდა იყოს, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში უპირატესობა ოპოზიციურ სპექტრს, კერძოდ „ნაციონალურ მოძრაობასა" და „ევროპულ საქართველოს" ენიჭება,

პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ ამ შემთხვევაში არსებითი მნიშვენლობა არ აქვს პროპორციული საარჩევნო სისტემა იქნება თუ შერეული, პირიქით, - ოპოზიციისთვის უფრო ხელსაყრელია შერეული სისტემა და დიდი ალბათობით, „ქართული ოცნება" ამ არჩევნებში უმრავლესობას ვერ მოიპოვებს.

ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური მდგომარეობის მთავარი გამომწვევი მიზეზი, საერთაშორისო პარტნიორების თვალში, „ქართული ოცნების" მიერ პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდებაა, რის გამოც ხელისუფლების კრიტიკა დაიწყეს ერთდროულად აშშ-მა და ევროპამ. ბოლო პერიოდში საკმაოდ აქტიურად გვესმის მოწოდება პირობის შესრულების შესახებ, თუმცა, მმართველი გუნდი ჯერჯერობით დათმობაზე წასვლას არ გეგმავს.

გაერთიანებულმა ოპოზიციამ კიდევ ერთი საპროტესტო აქცია გამართა, ამჯერად ეპიცენტი ბათუმი იყო. 22 დეკემბერს გამართული მიტინგის შემდეგ, ოპოზიციამ განაცხადა, რომ საპროტესტო აქციები დროებით შეჩერდება და ახალი წლის შემდეგ განახლდება. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის რიგით მესამე შეხვედრა კვლავ უშედეგოდ დასრულდა. ახალ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მხარეთა შორის მოლაპარაკება იანვრის თვეში განახლდება.

ოპოზიცია „ქართული ოცნების" შემოთავაზებას არ იღებს, რომლის მიხედვითაც, ხელისუფლება ოპოზიციურ პარტიებს სთავაზობს, არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემით ჩატარდეს, რომელშიც 100 დეპუტატს პროპორციული წესით, 50-ს კი მაჟორიტარული წესით აირჩევენ.

ოპოზიცია მმართველ გუნდს საყოველთაო დაუმორჩილებლობას უცხადებს. როგორც ოპოზიციონერი ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ 20 დეკემბერს შეხვედრის დასრულების შემდეგ „რეზონანსს" უთხრა, ხელისუფლებას განკითხვის დღეს მოუწყობენ.

საკმაოდ მცირე დროში, საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებით, ერთმანეთის მიყოლებით რამდენიმე მნიშვნელოვან პროცესს ჰქონდა ადგილი. ამერიკული გამოცემის სარედაქციო საბჭომ საქართველოს შესახებ 20 დეკემბერს სტატია გამოაქვეყნა, სადაც ბოლო თვეების განმავლობაში, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებია შეფასებული და საკმაოდ მწვავედ არის გაკრიტიკებული პარტია „ქართული ოცნება" და მისი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.

უნდა აღინიშნოს კონგრესმენების წერილიც, სადაც საქართველოს მთავრობის მეთაურის კრიტიკა ისმის. ისინი შეშფოთებას ვერ მალავენ პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდების გამო და ხაზს უსვამენ, რომ შექმნილ პოლიტიკურ კრიზისზე პასუხისმგებლობა მმართველ პარტიას ეკისრება.

„აშკარად ჩანს, რომ ხელისუფლება დათმობაზე არ მიდის და ეს სიჯიუტე დაღუპავს. ვერ ვხედავ ნიშნებს, რომ ნაბიჯს გადადგამენ დათმობისკენ, პირიქით, - ყოველი ნაბიჯი მათი მხრიდან არის ესკალაციისკენ გადადგმული. ის, რაც გაერთიანებულ ოპოზიციას და ქართულ საზოგადოებას შესთავაზეს, არის აბსოლუტურად მიუღებელი. ხელისუფლება არ ფიქრობს მხოლოდ 2020 წელზე, მათ სურთ საერთოდ გააუქმონ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე ლაპარაკიც კი.

„არვითარ შემთხვევაში არ შეიძელება „ქართული ოცნების" შემოთავაზებაზე დათანხმება. 20-27 ადგილის გადმოგდება სასაცილოა. ან უნდა იყოს პროპორციული სისტემა ან წავიდეთ შერეული არჩევნებზე და დავამარაცხოთ „ოცნება." მგონია, რომ ამაზე ოპოზიცია უნდა წავიდეს. ხელისუფლება აშკარად დროს წელავს ამ ფორმით. თვითონ ოპოზიციას, კერძოდ „ნაციონალურ მოძრაობას" და „ევროპულ საქართველოს," აწყობთ კიდევაც შერეული სისტემა. უფრო მეტი მოხვდება პარლამენტში, ამიტომ თავს არ უნდა იკლავდნენ რევოლუციურ სცენარებზე.

„ეჭვი მეპარება პროცესი დაძაბულობისკენ წავიდეს. დროის გაწელვა აწყობს „ნაციონალურ მოძრაობასაც" და „ევროპულ საქართველოსაც." დასავლელ პარტნიორებს აჩვენებენ თუ რამდენად უუნაროა ხელისუფლება, რომ „ქართული ოცნება" პროპორციული სისტემის წინააღმდეგი და ა.შ. თანაც, ეს დამოკიდებულება „ნაციონალური მოძრაობისა" და „ევროპული საქართველოს" წისქვილზე ასხამს წყალს.

„ნებისმიერ შემთხვევაში, მუდმივად მოგებული რჩება „ნაციონალური მოძრაობა" და „ევროპული საქართველო". კარგია, რომ მათ გარშემო მთელი ოპოზიციაა. არ მომწონს „ნაციონალური მოძრაობა," მაგრამ სტრატეგიულად სწორად აქვთ დალაგებული ვითარება და დღის წესრიგს უდგენენ „ქართულ ოცნებას". ხელისუფლების ყოველი ნაბიჯი მისთვის წამგებიანია და ამ ფონზე, გაერთიანებული ოპოზიცია განაგრძობს მშვიდობიან, წყნარ ნაბიჯებს.

„თუკი არასდროს ექნება შეხლა-შემოხლა, დასავლეთს და ქართულ საზოგადოებას შეუქმნიან განცდას, რომ მათ მშვიდობა უნდათ და ძალადობას არ აპირებენ. თუ ასე მივედით 2020 წლის ოქტომბრამდე, გაერთიანებული ოპოზიცია „ქართულ ოცნებას" შერეულ არჩევნებს მოუგებს.

"დღეს „ქართული ოცნების" მთავარი ამოცანა, გარდა იმისა, რომ როგორმე დრო გაწელოს, მეორე მთავარი ამოცანაა, როგორმე განხეთქილება შეიტანოს ოპოზიციაში. ეს არ უნდა დაუშვას ოპოზიციამ," - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

აშშ-ს კონგრესის სენატმა საქართველოში აშშ-ს ელჩად კელი დეგნანი დანიშნა. მისი კანდიდატურა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კონგრესს სექტემბერში წარუდგინა. საქართველოში ახალი ელჩის ჩამოსვლის ზუსტი თარიღი უცნობია.

ზაქარეიშვილი პროგნოზირებს, რომ ელჩი საქართველოში საკმაოდ მკაცრ გზავნილებს ჩამოიტანს და ზოგადად, აშშ-ს ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე გაიზრდება.

„ძალიან მკაფიო იქნება გზავნილები იმ მიმართულებით, რომ ყველაფერი უნდა იყოს დემოკრატიული გზით და მას (ელჩს) ეცოდინება, რომ „ოცნებამ" დაარღვია ყველა პირობა, თანაც საკმაოდ უცნაურადაც. დაიწყო გადმობრალება, „მე ხომ ხელი არ მომიწერია," - ასე არ იმართლებენ თავს პოლიტიკოსები. ამის ფონზე აშშ დაინტერესებულია, რომ მისი მთავარი საყრდენი და მოკავშირე კავკასიაში და რეგიონში, - საქართველო მდგრად დემოკრატიულ განვითარებაზე იყოს.

„დღეს საფრთხე ემუქრება არა საქართველოს ორიენტაციას რუსეთისაკენ, არამედ საქართველოს დემოკრატიის მოშლას. შემდეგი ნაბიჯი შეიძლება იყოს რუსეთისკენ გადახრა, მაგრამ ეს არ არის რუსეთისკენ მიმავალი გზა. ეს ავტორიტარიზმისაკენ მიმავალი გზაა, რაც არ უნდა დაუშვას შტატებმა.

"ახალი ელჩი მონდომებული იქნება, ყველაფერს გააკეთებს, რომ არ დაუშვას არადემოკრატიული ინსტიტუტების დემოკრატიულად გაფორმება.

„დღევანდელი აშშ არ არის მზად აპატიოს, როგორც სააკაშვილს აპატიეს 2008 წლის არჩევნები,.იგივეს არ გააკეთებს ამერიკა დღეს და თუ გამოჩნდება, რომ დემოკრატიიდან გადასვლა იყო, ამას აშშ აუცილებლად დააფიქსირებს, რაც კიდევ ერთი სერიოზული გამოწვევა იქნება საქართველოსთვის, რომელიც უნდა გადალახოს" - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×