
ცოტნე გამსახურდიას გერი, ანა ჯაბაურის ქალიშვილი, სოფო ჯაბაური, სოციალურ ქსელში, 19 დეკემბერს "მწვანე სკოლაზე" წერს:
"შვილის სიყვარულზე უფრო ძლიერი, მომცველი და უპირობო ალბათ არაფერი არსებობს, ისევე როგორც შვილის ტკივილზე მეტად გაუსაძლისი. ალბათ არაფერს ვეკიდებით იმაზე მეტი პასუხისმგებლობით და არაფრისკენ მივმართავთ იმაზე მეტ ენერგიას ვიდრე შვილისთვის სწორი გარემოს დაგეგმვა და შექმნაა.
უკვე მეოთხე წელია მწვანე სკოლა ჩემი და ჩემი შვილის ყოველდღიურობაა. ვინც მიცნობს, ზუსტად იცის რამდენად დიდი ყურადღებით და სიფრთხილით ვეკიდები ყოველ, ლევანთან დაკავშირებულ წვრილმანს.
შესაძლებელია, რომ დედა შვილს დღეში 9 საათს "SS-ის ოფიცრებთან" ატარებინებდეს და ამაზე ოდნავი ეჭვიც არ ჰქონდეს? მგონი გამორიცხულია.
შესაძლებელია, რომ "საკონცეტრაციო ბანაკში" ბავშვი თავს ისევე კომფორტულად გრძნობდეს როგორც სახლში? მგონი შეუძლებელია.
თუმცა გამოთქმულ მოსაზრებებს ლოგიკით და ფაქტებით გამყარება სჭირდება.
მე ვარ მოწმე, როგორ მოუხადა მწვანე სკოლის 8 წლის მოსწავლეს პედაგოგმა ბოდიში შენიშვნის არასასურველი ფორმით გამოთქმის გამო;
მე ვარ მოწმე, როგორ დატოვა კლასი მასწავლებელმა მოსწავლისთვის ერთი არასათანადო სიტყვით მიმართვის გამო;
მე ვარ მოწმე რამხელა სიფრთხილით და დელიკატურობით ეკიდებიან მასწავლებლები და სკოლის ფსიქოლოგი მოსწავლის (ბანალური) სიზარმაცის გამოსწორების პროცესს.
მე ვარ მოწმე როგორ ძვრებიან პედაგოგები ნემსის ყუნწში და როგორ აკეთებენ საკუთარი, მშობლის და სკოლის ფსიქოლოგიური სამსახურის რესურსების მობილიზებას იმისათვის, რომ ბავშვებისთვის სწავლის პროცესი სინათლით, სიხარულის, ცნობისმოყვარეობის და სიმშვიდის განცდებით იყოს გაჯერებული;
მე ვარ მოწმე, როგორ დაუღალავად მუშაობენ პედაგოგები იმისათვის, რომ ბავშვებს შორის თანასწორობის, მეგობრობის, სიყვარულის და ჰუმანურობის ატმოსფერო შექმნან.
მე ვარ მოწმე, როგორ მუშაობენ არასამუშაო დღეებსა და საათებში მასწავლებლები საკუთარი თავის შეცნობაზე, შემეცნების, სიკეთის, მიტევებისა და სიყვარულის პროეცირების საბავშვო პროექტებზე.
მე მიხარია, რომ ლევანი მწვანე სკოლელია.
ვერაფრით დავიჯერებ, რომ სკოლამ ითამაშა როლი ამ ტრაგედიაში. ის კი ადვილი დასაჯერებელია, რომ თვითმკვლელობის სურვილი გაუჩნდეს ადამიანს, რომელიც ასეთ ნევროტულ, სიძულვილით და პირველყოფილი აგრესიით სავსე გარემოში ცხოვრობს, სადაც თანაგრძნობის სახელით, პირველივე შემხვედრის შუბზე წამოსაგებად ირაზმებიან.
სწორედ ეს დაუნდობლობაა, რასაც მოზარდები გარდატეხის ასაკში ასე მწვავედ განიცდიან, ზუსტად იგივე დაუნდობლობა, რომლის გამოც სკოლის ათასზე მეტი მცირეწლოვანი მოსწავლე აი ახლა შიშშია, ოღონდ ჯერ ვერ გაურკვევით რისი უფრო უნდა ეშინოდეთ, სკოლის, პოლიციის თუ ც ხ ო ვ რ ე ბ ი ს.
სკოლის დემონიზებულ თანამშრომლებზე და სამართალდამცავებზე, რომლებზეც არც უდანაშაულობის პრეზუმცია და მორალის არც ერთი ნორმა არ მოქმედებს აღარაფერს ვამბობ.
...იმაზეც ჩუმად ვარ ამ ტრაგედიის პოლიტიკურად აჟიტირება და პოპულისტური განცხადებების კეთება ერთი მხრივ დიდი ნაძირლობა, მეორე მხრივ დიდი სიბრიყვე რომ არის.
ხმამაღლა კი აქსიომას გავიმეორებ_სახელმწიფო ინდივიდებისა და ოჯახებისგან შედგება, მის და ჩვენს მომავალს კი შვილები ქმნიან, რომელთაც პირველ რიგში უფროსების მაგალითი, სითბო, სიყვარული და ყურადღება სჭირდებათ."
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე