
არ არის გამორიცხული, რომ პირველი პრეზიდენტის შვილის ცოტნე გამსახურდიას საქმის ირგვლივ დაკავებულთა წრე გაიზარდოს. როგორც „რეზონანსს“ სანდო წყაროსგან აქვს ინფორმაცია, გამოძიება ჩხუბში მონაწილე, შესაძლო სხვა პირების გამოვლენაზეც მუშაობს. ასევე, დაკავებული პირებიდან სამი მათგანი სხვადასხვა საქმეებზე უკვე ნასამართლეები არიან.
„რეზონანსის“ ინფორმაციას, გამსახურდიას მეუღლის ანა ჯაბაურის განცხადებაც ამყარებს, სადაც ის არ გამოიცხავს, რომ დაკავებულთა და დამნაშავეთა რიცხვი გაიზრადოს. მისი თქმით, მას პროკურატურაში განუცხადეს, რომ საქმის ირგვლივ წინასწარი მოკვლევის შედეგად ჯერჯერობით ამბის მხოლოდ 10%-ია გამოკვეთილი. ამიტომაც არ არის გამორიცხული, რომ კიდევ ბევრი რამ გახდეს ნათელი.
"2 დღის განმავლობაში მართლაც მაქსიმალური არის გაკეთებული პროკურატურისა და საგამოძიებო უწყებების მიერ. თუმცა, ეს არ არის საკმარისი, რა თქმა უნდა, თვითონაც თქვეს, რომ ეს ინფორმაციის მხოლოდ 10 პროცენტია. ბევრი სამუშაოა ჯერ კიდევ წინ და არ არის გამორიცხული, ბრალდებულთა წრე გაიზარდოს.
“თავდამსხმელებიდან უმეტესობა არის ნასამართლევი, თანაც არაერთხელ. ორი მათგანი არის ბანალური ქურდბაცაცა. არ ვიცი ცოტნეს ვერსია, მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, სამწუხაროდ, კომენტარს ვერ აკეთებს და მხოლოდ ბრალდებულების ვერსია ვრცელდება, თითქოს ცოტნეს ბრალია ყველაფერი, რაც არ მგონია მორალურად და სამართლებრივად სწორი," - განაცხადა ჯაბაურმა.
ანა ჯაბაურისთვის გაუგებარია, რითი იხელმძღვანელა მოსამართლემ, როდესაც მისი ქმრის, ცოტნე გამსახურდიას მეგობარი, პეტრე ყუფარაძე პატიმრობაში დატოვა. ყუფარაძე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის არის დაკავებული. თუმცა, როგორც მისი ადვოკატი „რეზონანსთან’ აცხადებს, ის ბარლს არ აღიარებს და ამბობს, რომ როდესაც ადგილზე მივიდა, თავადმსხმელები გაიქცნენ და მათი იდენტიფიცირება ვერ მოახერხა.
"პეტრე ყუფარაძე არის ცოტნეს ბავშვობის მეგობარი. პეტრემ და კიდევ ერთმა მისმა მეგობარმა, ფაქტობრივად, ცოტნე გადაარჩინეს. რომ არა ისინი, შესაძლოა, ცოტნე დღეს ცოცხალი არ ყოფილიყო. ეს პიროვნება არის დაკავებული შეუტყობინებლობის მუხლით. ვფიქრობ, ეს არის ძალიან უსამართლო სასამართალი. ასე თუ დარჩა, ძალიან სამწუხარო იქნება," - აღნიშნა ცოტნე გამსახურდიას მეუღლემ.
ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დაკავებული გიორგი სოლოღაშვილი საჯაროდ დუმილს არღვევს და მომხადრის დეტალებზე საუბრობს.
სოლოღაშვილი სასამართლო პროცესზე ვერის სასაფლაოსა და გალის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის დეტალებზე ალაპარაკდა. პირი, რომელმაც გამოძიების ვერსიით, გამსახურდიას მძიმე ჭრილობები ჯგუფურად მიაყენა, მიატოვა და ადგილიდან მიიმალა, აცხადებს, რომ მას პირველი პრეზიდენტის შვილმა რამდენჯერმე დაარტყა.
პირველი პრეზიდენტის შვილის, ცოტნე გამსახურდიას დაჭრას წინ რომ სუფრაზე მომხდარი დაპირისპირება უძღვოდა, ამას განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის ტატო ღარიბაშვილის ადვოკატი რომან ნადირაძე ადასტურებს.
დაკავებულების ინფორმაციით და გამოძიების ვერსიითაც, ჩხუბის დაწყების ერთ-ერთ მიზეზად ღვინის ხარისხის განხილვის თემა გახდა. ჩვენებაში ერთ-ერთი დაკავებული საუბრობს, რომ დაპირისპირება ცოტნე გამსახურდიასა და 5 პირს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც დაზარალებულმა სუფრის წევრებს საკუთარი ალკოჰოლური სასმელი მიუტანა, რომელმაც იქ შეკრებილებში მოწონება ვერ დაიმსახურა და ცოტნე გამსახურდია გაანაწყენა. სავარაუდოდ, სწორედ ამის შემდეგ სიტყვიერი კამათი, ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
ჩხუბის დაწყების სავარაუდო მიზეზის გარდა, ერთ-ერთი მოწმე ფიზიკური დაპირისპირების დეტალებზეც საუბრობს. სამართალდამცველებისთვის მიცემული ჩვენების მიხედვით, დაჭრამდე, ცოტნე გამსახურდიამ, მონაწილე პირს ჯოხი მოუქნია, რის შემდეგაც მას დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს.
არცერთ გავრცელებულ ვერსიაზე არ საუბრობს ამ ეტაპზე დაზარალებული გამსახურდიას ინტერესების დამცველი ამირან გიგუაშვილი. ადვოკატი „რეზონანსთან’ ამბობს, რომ ის ნეიტრალური მოწმეების ჩვენებებს და საქმის მასალებს გაეცნობა, რომელშიც, სავარაუდოდ, ვიდეომტკიცებულებები დევს.
დაკავებულების ადვოკატების მხრიდან საგანგებოდ გავრცელებულ ვერსიებზე საუბრობენ ცოტნე გამსახურდიას ოჯახის წევრები და ახლობლები. ისინი არც იმას გამორიცხავენ, რომ მომხდარი წინასწარ ყოფილიყო დაგეგმილი, რომელიც ყოფით დაპირისპირებად საღდება.
ცოტნეს ძმა კონსტანტინე გამსახურდია, თვლის, რომ მიზანშეწონილია არსებულ ვერსიებზე თავად ცოტნე გამსახურდიამ ისაუბროს, როდესაც მისი მდგომარეობა გაუმჯობესდება.
"ცოტნე არის მართვით სუნთქვაზე ისევ ნარკოზის ქვეშ, რამდენიმე დღეში ჩატარდება ტომოგრაფია და შემდეგ სპეციალისტები იმსჯელებენ, როდის იქნება შესაძლებელი მისი გამოღვიძება. ვერსიების გარჩევას მე ვერ დავიწყებ, ზოგადად აჯობებს, რომ ცოტნეს მდგომარეობის გაუმჯობესებას დაველოდოთ და შემდეგ თვითონ მოყვება ყველაფერს," - განაცხადა ცოტნე გამსახურდიას ძმამ.
პირველი პრეზიდენტის შვილი 19 დეკემბრიდან, ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში, რეანიმაციაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ექიმების თქმით, მდგომარეობა კვლავ მძიმეა, თუმცა სტაბილური. რაც შეეხება დაკავებულებს, ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ 4 პირს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა, ხოლო ერთი პირი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა.
გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე სტაბილურად მძიმეა. ექიმ ნიკოლოზ კვაჭაძის განმარტებით, იგი კვლავ მართვით სუნთქვაზეა:
„პაციენტის მდგომარეობა რჩება სტაბილურად მძიმე. რაიმე ტიპის ჩარევა დაგეგმილი არ გვაქვს. არის მართვით სუნთქვაზე, უგრძელდება სამკურნალო დაცვითი ნარკოზი, უტარდება მკურნალობა დანიშნულების მიხედვით“, - განაცხადა ნიკოლოზ კვაჭაძემ. მას არ აქვს ინფორმაცია, იგეგმება თუ არა ცოტნე გამსახურდიას საზღვარგარეთ გადაყვანა. „ვერ გეტყვით. დაველაპარაკებით ოჯახს და თუ სურვილი იქნა, ყველაფერში დავეხმარებით“, - უთხრა მან ჟურნალისტებს.