თამარ შუკვანი
24.12.2019

„მას (ერეკლე კუხიანიძეს) არ უნდოდა გუნდში ყოფნა და კარგია, რომ გუნდიდან გაუშვეს. უფრო სწორიც იქნებოდა არსებობდეს მექანიზმი, რომ საკრებულოდან გაუშვან," - აცხადებს „რეზონანსთან" საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რევაზ არველაძე თბილისის საკრებულოს დეპუტატის, ერეკლე კუხიანიძის „ქართული ოცნებიდან" გარიცხვის კომენტირებისას.

თბილისის საკრებულოს დეპუტატი ერეკლე კუხიანიძე „ქართულმა ოცნებამ" უმრავლესობიდან რამდენიმე დღის წინ გარიცხა. ეს გადაწყვეტილება გუნდმა კუხიანიძის სკანდალური განცხადებების გამო მიიღო, რომელიც დეპუტატის მხრიდან ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილისა და მისი ოჯახის მისამართით იყო გაჟღერებული.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რევაზ არველაძე მიიჩნევს, რომ კუხიანიძემ დეპუტატის მანდატიც უნდა დატოვოს. არველაძემ „რეზონანსთან" საუბრისას თქვა, რომ ის კუხიანიძის ადგილას რომ ყოფილიყო, წავიდოდა.

„დეპუტატის მანდატის დატოვება-არ დატოვების საკითხი მისი (კუხიანიძის) გადასაწყვეტია. ისე, მიმაჩნია, რომ არასწორი განცხადებები გააკეთა. როდესაც გუნდი არსებობს და შენ გინდა თქვა ისეთი რამ, რაც ძალიან ორაზროვანია და შესაძლოა გუნდსაც მიაყენო ზიანი, ჯერ გუნდში უნდა განიხილო ეს საკითხი და შემდეგ თქვა, ან არ თქვა.

„მსგავსი რამ საპარლამენტო გუნდშიც იყო და რამდენიმე კაცი იძულებული გახდა, გუნდი დაეტოვებინა. მასაც ასეთი რამ მოუვიდა. სერიოზული შეცდომაა. როდესაც ასეთ რაღაცას ამბობ, წინასწარ უნდა შეუთანხმო გუნდს. თუ არ უთანხმებ გუნდს, მაშინ შენ თვითონ უნდა გახვიდე გუნდიდან. თუ არ გადიხარ, ძალიან სწორად იქცევა გუნდი, როდესაც უმრავლესობიდან გიშვებს," - თქვა არველაძემ.

მისთვის გაუგებარია რატომ ითხოვს კუხიანიძე კიდევ ერთხელ პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას.

„ივანიშვილის გადასაწყვეტია, ვის შეხვდება და ვის არა, მაგრამ ის მიკვირს, რისთვის უნდა ივანიშვილთან შეხვედრა? ერთი-ორი ხომ არ არის ასეთი. ვინც შეცდომას დაუშვებს, ყველა ივანიშვილთან უნდა მივიდეს და იმასთან გაარჩიოს საქმე? მისივე მოთხოვნა არ არის სწორი, რომ ივანიშვილთან უნდა შეხვედრა.

„კუხიანის ქალაქის მიერ არჩეული დეპუტატია, როგორ შეიძლება ის გაუშვა? ისევე, როგორც პარლამენტის დეპუტატს ვერ გაუშვებ, დეპუტატის მანდატს ვერ მოუხსნი, რადგან ის არჩეულია (ხალხის მიერ). მას აქვს უფლება თვითონ დაწეროს განცხადება და წავიდეს. გუნდი ვერ გაუშვებს," - განაცხადა რევაზ არველაძემ.

ცბობისათვის, სამშაბათს დედაქალაქის საკრებულოში გარემოს დაცვის კომისიის სხდომაზე ერთმანეთს „ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ხაბეიშვილი და უმრავლესობის წევრი გიორგი დოხტურიშვილი სწორედ კუხიანიძის საკითხის გამო ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

ხაბეიშვილი მოითხოვდა, რომ კუხიანიძეს კომისიის სხდომა დაეტოვებინა, თუმცა დაპირისპირების შემდეგ, საკრებულოს თავმჯდომარის მოთხოვნით, კომისიის სხდომა ლევან ხაბეიშვილმა დატოვა.

ცნობისათვის, კუხნიანიძემ შეურაცხმყოფელად მოიხსენია ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი. კრიტიკული პოსტი მან პირად „ფეისბუქგვერდზე" მას შემდეგ დაწერა, რაც გაფრინდაშვილის ოჯახმა „ქართული ოცნების" მიერ დაანონსებულ ღონისძიებაზე თქვა, რომ ზეიმის დრო არ არის.

შეგახსენებთ, საოკუპაციო რეჟიმის ე.წ სასამართლომ ვაჟა გაფრინდაშვილს 1 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ექიმი საოკუპაციო ძალებმა 9 ნოემბერს ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით დააკავეს. ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე ავადმყოფი ქალის დასახმარებლად გადავიდა, რომელიც თბილისში სამკურნალოდ ვერ ჩამოდიოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×