თამარ შუკვანი
24.12.2019

ხელისუფლება კიდევ ერთხელ ალაპარაკდა მედიისთვის და კერძოდ, ტელევიზიებისთვის გარკვეული შეზღუდვების დაწესებაზე. შესაბამისი კანონპროექტი, რომელიც სავარაუდოდ დეზინფორმაციის გავრცელებასა და ამასთან დაკავშირებულ სანქციებს ეხება, უკვე პარლამენტშია ინიცირებული. საპარლამენტო უმრავლესობაში მიიჩნევენ, რომ ეს არა ცენზურის, არამედ გარკვეული ეთიკური სტანდარტების დაწესებას ნიშნავს.

ცნობისათვის, „ფეისბუქმა" ასობით ყალბი გვერდი გააუქმა, რომელიც, მათი ინფორმაციით, საქართველოს მთავრობასთან იყო დაკავშირებული. ამ საკითხის შესახებ საუბრისას „ქართული ოცნების" დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ დეზინფორმაცია არა მხოლოდ „ფეისბუქში", არამედ, სატელევიზიო სივრცეშიცაა. მისივე თქმით, დეზინფორმაციის წინააღმდეგ პარლამენტში მმართველ პარტიას უკვე ინიცირებული აქვს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი.

ამის შესახებ კობახიძემ 24 დეკემბერს „ქართული ოცნების" ოფისში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„მარტო „ფეისბუქი" ხომ არაა პრობლემა, პრობლემა გვაქვს სატელევიზიო სივრცეშიც, სადაც ყოველდღიურად ვრცელდება დეზინფორმაცია და აგრესია... როდესაც კონკრეტული ტელევიზია დედას აგინებს სხვას," - აღნიშნა კობახიძე და დასძინა, რომ ამ პროექტს იმ არასამთავრობოებთან ერთად განიხილავენ, რომლებიც დღეს საუბრობენ დეზინფორმაციაზე.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ გარკვეული რეგულიაციების შემოღება საჭიროა და პირადად ამ კანონპროექტს მხარს დაუჭერს.

„შესაძლებელია. ვნახოთ, კანონი როგორი იქნება. რაღაც რეგულაციები რომ სჭირდება, ხომ ხედავთ... - ზოგიერთი სადავე მიშვებულია და აბსოლუტურად აღვირახსნილ ინფორმაციებს ავრცელებენ, ისეთს, რომელსაც საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს-ხოლმე. გარკვეული რეგულაციები საჭიროა, მაგრამ როგორი, არ ვიცი. იდეის დონეზე მხარს დავუჭერ. შეიძლება ამის განხილვა," - თქვა ქანთარიამ.

მისივე შეფასებით, ეს ცენზურა არ იქნება და ამ საკითხს დარეგულირება აუცილებლად სჭირდება.

„ცენზურა არ უნდა იყოს. იქნება გარკვეული ეთიკური ნორმების დაცვა - გინება, უხამსი გამონათქვამები არ შეიძლება. (დეზინფორმაცია) შეიძლება ყველგან გავრცელდეს... ალბათ იდეის დონეზე მოხდება მისი განხილვა. ჯერ საუბარი არის აბსოლუტურად ზოგადი. იდეის დონეზე მხარს დავუჭერ, მაგრამ ჯერ უნდა ვნახოთ რა იქნება.

„დღეს რომ მედია თავისუფალია, ასე მგონი არასდროს ყოფილა, მაგრამ გარკვეული რეგულიაციები შესაძლოა საჭირო გახდეს გამომდინარე იქიდან, რასაც ვხედავთ," - განაცხადა ნურკი ქანთარიამ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის იანვარში მსგავსი განცხადება, კერძოდ ცილისწამების შესახებ კანონის შემოღებაზე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გააჟღერა. ზურაბიშვილის შემდეგ ამ საკითხზე საჯაროდ საქრათველოს პატრიარქმა, ილია მეორემ ისაუბრა. საშობაო ეპისტოლეში პატრიარქმა განაცხადა, რომ ხშირად სიტყვის თავისუფლებით „ბოროტად სარგებლობენ" და „დიდი მცდელობაა, რომ სიტყვის თავისუფლება დამახინჯებულად აღიქმებოდეს".

პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს მაშინ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „სიტყვით ძალადობა სერიოზული პრობლემაა" და აუცილებელია „შესაბამისი ზომების მიღება".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×