
„გონიერი ხელისუფლება რომ გვყავდეს, ამ განცხადებას ძალიან სერიოზულად შეხედავდა, რომ მთლად კარგად არ აქვთ საქმე და მყისიერად დაიწყებდა სამართლებრივ რეფორმას, კერძოდ პროკურატურასთან მიმართებაში, რადგან ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტი და ამ ინსტიტუტის სათავეში უნდა იყოს ხალხის რჩეული და არა ხელისუფლების მიერ დანიშნული", - ასე ეხმაურება პარტია „კანონი და სამართალის" თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მოწოდებას საქართველოს მთავრობისადმი, რომ უზრუნველყოს პროკურატურის თავისუფლება პოლიტიკური მიკერძოებულობისაგან.
„ჩემი პარტიისთვის შემთხვევით არ დამირქმევია „კანონი და სამართალი", რადგან ჩვენი მიზანი და წინასაარჩევნო ინიციატივა არის სწორედ სამართლებრივი სისტემის რეფორმა. ჩვენს პროექტში ერთ-ერთი საკითხი ეხება სწორედ პროკურატურას და ამ ინსტიტუტის განვითარებას, რა თქმა უნდა დასვლეთის გამოცდილების გათვალისწინებით.
„პროექტი პარლამენტშიც შევიტანეთ განასახილველად, მაგრამ არავინ გამოგვხმაურებია. კარგად ვიცით, რომ ხელისუფლება არასდროს დათმობს ამ ინსტიტუტს, ეს მისი ძალაა. მაგრამ ეს ინსტიტუტი ხალხს ეკუთვნის და ჩვენი მიზანია, რომ მის სათავეში იყოს ხალხის რჩეული.
„არ მინდა ვინმემ ისე გამიგოს, თითქოს დღევნდელ ოპოზიციაზე ვსაუბრობ, მაგრამ მიმაჩნია, რომ ვინც გინდა მოვიდეს ხელისუფლებაში, მთავარი პროკურორი უნდა იყოს ოპოზიციის წარმომადგენელი. გონიერი ხელისუფლება რომ გვყავდეს, ასე მოიქცეოდა და აშშ-ის სახელმწიოფ დეპარტემენტის განცხადებასაც პროკურატურასთან მიმართებაში სერიოზულად შეხედავდა, რომ საქმე მთლად კარგად არ აქვს. მაგრამ, სამწუხაროდ, გონიერი ხელისუფლება არ გვყავს", - განაცხადა „რეზონანსთან" თაკო ჩარკვიანმა.