ელზა პაპოშვილი
24.12.2019

 

15 წლის ლუკა სირაძის ოჯახი, რომელმაც 11 დეკემბერს პოლიციაში დაკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა და საბოლოოდ გარდაიცვალა, გამოძიების მსვლელობით უკმაყოფილებას გამოთქვამს. ოჯახი მოითხოვს, რომ გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანის გარდა სხვა პოლიციელების დაკავებაც მოხდეს, რომლებიც ბავშვზე ასევე ზეწოლას ახორციელებდნენ.

ისინი განსაკუთრებით დიღმის პირველი განყოფილების პოლიციის უფროსის მოადგილის კაბინეტში განვითარებული მოვლენების გარკვევას ითხოვენ და ამბობენ, რომ გამოძიება ამ ეპიზოდით უნდა დაინტერესდეს - რა უთხრა მაღალჩინოსანმა ლუკას ისეთი, რომ ის იქიდან ატირებული გამოვიდა და სასწრაფო დახმარება ითხოვა. 

გარდაცვლილი 15 წლის ლუკა სირაძის ძმა ბექა სირაძე „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ ის და მისი ოჯახი გამოძიებით ჯერჯერობით კმაყოფილი არ არიან, რადგანაც მხოლოდ ერთი გამომძიებლის - მარიანა ჩოლოიანის დაკავება საკმარისი არ არის. ბექა სირაძე ამბობს, რომ საქმეში კიდევ რამდენიმე პოლიციელის ბრალელულობაც იკვეთება და გამოძიება ამ მიმართულებითაც უნდა მუშაობდეს. 

ბექა სირაძე აცხადებს, რომ როდესაც დაკითხვის დროს მარიანა ჩოლოიანი ლუკას ესაუბრებდა, საუბარში სხვა პოლიციელიც ჩაერთო, რომელიც მუქარით და ყვირილით მისი ძმისგან ბრალის აღიარებას მოითხოვდა.

„გამოძიება მხოლოდ მარიანა ჩოლოიანის მიმართულებით არ უნდა მიდიოდეს. დედაჩემის ჩვენებითაც და მონაყოლიდან ირკვევა, რომ ლუკაზე ზეწოლას მხოლოდ მარიანა ჩოლოიანი არ ახდენდა. ამ საქმეში კიდევ რამდენიმე პოლიციელი იყო ჩართული და ამ ფაქტს გვერდს ვერ ავუვლით. 

„დაკითხვა დედის თანდასწრებით დაიწყო, მაგრამ მუქარა და აგრესია მაშინვე გამოიხატა. მუქარას ჯერ მარიანა ჩოლოიანი იწყებდა და შემდეგ ტემპერატურის ასაწევად გარშემო მყოფი რამდენიმე პოლიციელი აგრძელებდა. იყო ჩემი მისამართით მუქარა და ასევე ე.წ. კაპეზეთი დაშინება. სადღაც კიდევ 3-4 პოლიციელზეა საუბარი. 

„როდესაც ჩოლოიანსა და ლუკას შორის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა და უკვე სიტუაცია ყვირილში გადაიზარდა, სწორედ ამ ხმაურზე განყოფილების უფროსის მოადგილე კაბინეტიდან გამოვიდა, ლუკა 5 წუთით თავის კაბინეტში შეიყვანა და ეს დრო სრულიად საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ის იქიდან ატირებული გამოსულიყო. 

„ამ მიმართულებით რატომ არ არის გარკვეული იქ რა მოხდა?! ბავშვი გამოვიდა და სასწრაფო ითხოვა მასზე იმხელა ფსიქოლოგიური ზეწოლა მოხდა. უთქვამს, „კაპეზეთი“ დამემუქრაო, მაგრამ საეჭვოა, რადგანაც ამით ადრეც ემუქრებოდნენ და ამხელა ეფექტი არ ჰქონია. რაღაც სხვა რამეშია საქმე“, - აცხადებს ბექა სირაძე „რეზონანსთან“. 

მისივე თქმით, დედას ჯერჯერობით არ ჰქონდა ემოციურად იმის საშუალება, რომ დამატებით ესაუბრა, თუმცა მას გამოძიებისთვის კიდევ ბევრი რამ აქვს სათქმელი. ბექა სირაძე აცხადებს, რომ დედა მზად არის, თუკი საჭირო გახდა, იმ პოლიციელების ამოცნობის პროცედურა გაიაროს, რომლებიც ლუკაზე ზეწოლას ახორციელებდნენ. 

სირაძე ამბობს, რომ, მართალია, მან დაზუსტებით არ იცის სკოლაში რა მოხდა და როგორ მოახდინეს ლუკა სირაძის იდენტიფიცირება. თუმცა დარწმუნებულია, რომ ასეთ მოკლე ვადებში პოლიცია იმ ინფორმაციას და მიმოწერას ვერ ამოიღებდა, თუ მას სკოლა არ დაეხმარებოდა.

ლუკა სირაძის ოჯახის ადვოკატი რეზო აჭარაძე კი აცხადებს, რომ გამოძიების მიმართულებით პროგრესი არის, თუმცა ჯოხის მხოლოდ მარიანა ჩოლოიანზე გადატეხვა ვერ გამოვა. აჭარაძე ამბობს, რომ აუცილებელია ვიდეო მასალების დათვალიერება ლუკა სირაძის დედასთან ერთად მოხდეს, რათა მან მიუთითოს, რომელი პოლციელი რა მომენტში რა ქმედებას ახორციელებდა.

„არის გაურკვეველი სიტუაცია და როგორც ჩანს, გამოძიებას სხვა პოლიციელების იდენტიფიცირება უჭირს. ამიტომაც ვფიქრობთ, რომ ვიდეო ჩანაწერების დათვალიერება, სადაც ლუკას დაკითხვის პროცესია ჩაწერილი, დედასთან ერთად უნდა მოხდეს. მას შეუძლია სრულიად თავისუფლად აღიდგინოს და გაიხსენოს იმ დროს რომელი პოლიციელი ლუკასთან მიმართებაში რა ქმედებას ახორციელებდა. 

„არის გამოძიების მიმდინარებისას გარკვეული წინსვლა, თუმცა სხვა პოლიციელების ბრალელულობაც უნდა გამოიკვეთოს. ამ ზეწოლაში მხოლოდ მარიანა ჩოლოიანი არ მოანწილეობდა და მას სხვებიც ეხმარებოდნენ“, - აცხადებს ადვოკატი.

ლუკა სირაძის საქმეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იძიებს. შსს-ს ინფორმაციით, უფლებამოსილება უკვე შეუწყდა 2 პოლიციელს. დაკავებულია 1 გამომძიებელი – მარიანა ჩოლოიანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×