
„სარჩელს არ ვიცნო, ამიტომ რა პერსპექტივა აქვს მელიას აღუდგეს მანდატი, ვერ გეტყვით, მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ საჩივრდება და როგორც არ უნდა გააპროტესტონ, გადაწყვეტილება საბოლოო იქნება“, - ასე ეხმაურება იურისტი და უფლებადამცველი ლია მუხაშავრია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შეტანილ სარჩელს, ნიკა მელიასათვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით.
„სარჩელის შესატანად საჭირო იყო პარლამენტის წევრთა ერთი მეოთხედის, ანუ 31 დეპუტატის თანხმობა. საკონსტიტუციო სასამართლომ დასაშვებად უნდა სცნოს სარჩელი და მერე მოაწყოს არსებითი განხილვა. შეიძლება ეს ორივე ეტაპი ერთად განიხილოს.
„რაც შეეხება რა ვადაში მიიღებს სასამართლო გადაწყვეტილებას, საკონსტიტუციო სასამართლოში ვადები გაწერილი არ არის და თანაც დღეს საკონსტიტუციო სასმართლო დიდი ოპერატიულობით არ გამოირჩევა. ზოგადად, ასეთი ტიპის სარჩელები რიგგარეშედ განიხილება.
„რაც შეეხება საქმის პერსპექტივას, სარჩელს არ ვიცნობ, ამიტომ ვერ გეტყვით რის საფუძველზე მიიღებს სასამართლო გადაწყვეტილებას. თუმცა, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ საჩივრდება და როგორც არ უნდა გააპროტესტონ, გადაწყვეტილება საბოლოო იქნება“, - განაცხადა „რეზონანსთან“ ლია მუხაშავრიამ.