თამარ შუკვანი
25.12.2019

„ქართული ოცნების" იმიჯი სერიოზულად არის შელახული და ეს განპირობებულია ობიექტური მიზეზებით. რაც მოხდა საქართველოში, დასავლური სტანდარტით წარმოუდგენელია. როდესაც ხელისუფლება პირდება საზოგადოებას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ, ფაქტობრივად, მიღწეული პოლიტიკური კონსენსუსი, ამ დროს ხელისუფლება ძალიან უხეში ფორმით აყირავებს ამ მაგიდას, - თავისივე დაპირებაზე უარს ამბობს," - აცხადებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ საუბრისას.

გია ხუხაშვილი: პროვინციული სპექტაკლი დადგეს ბუნტთან დაკავშირებით. ეს იყო სერიოზული ინდიკატორი დასავლეთისთვის და შესაბამისად ვითარდება მოვლენებიც. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფოს მხარდაჭერას დასავლეთი შეწყვეტს, დიპლომატიურ ენაზე ეუბნებიან ხელისუფლებას იმას, რაც სათქმელია.

ამ განცხადებაში (აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის) საყურადღებოა ერთი მომენტი, როდესაც საუბარია მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიზირების რისკებზე, ეს ძალიან სერიოზული გზავნილია. ხელისუფლება, როგორც მისთვის არის დამახასიათებელი, კონტექსტიდან ამოგლიჯა თავისთვის სასარგებლო რაღაცები და თქვა, რომ ეს მათი მხარდამჭერი წერილია. ოპოზიციამ - თავისთვის. ჭეშმარიტება დარჩა მის მიღმა.

ძალიან სამარცხვინო წელი იყო ამ ხელისუფლების მოღვაწეობის პერიოდში. მართლმსაჯულებაში მიმდინარე პროცესები, ივნისის მოვლენები, „გადაგდება..." რომელი ერთი გავიხსენოთ. ხელისუფლების დეგრადაციის ტემპი წელს განსაკუთრებული იყო.

ამერიკელებს აქვთ ყველა ის ინფორმაცია, რაც გვაქვს ჩვენ. მთავარი პროკურორის დანიშვნის საკითხი, - ეს არის მცირე დეტალი. პრობლემები გვაქვს თითქმის ყველა მიმართულებით. მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიზირებაზეა საუბარი, რომელიც პროკურატურას და სასამართლოს მოიცავს.

„რეზონანსი": როგორ ფიქრობთ, თუკი ეს ტენდენცია შენარჩუნდა და ხელისუფლების იმიჯის ვარდნა, დასავლეთის თვალში, გაგრძელდება, რას მივიღებთ შედეგად?

გ.ხ: არასტაბილურობას, მუდმივ რყევებს და შეფერხებას დასავლურ სისტემებში ინტეგრაციის კუთხით, - ეს კარგ შემთხვევაში. ცუდ შემთხვევაში კი ორიენტაციის ნელ-ნელა ცვლილებას.

ხელისუფლების რიტორიკაში ვხედავ ისეთ კონტექსტს, რომ „თუ არ ვუყვარვართ დასავლეთს, სხვა გზა უნდა ვეძებოთ." ზოგს ჰყოფნის ჭკუა, რომ ამაზე არ ილაპარაკოს. „ფეისბუქის" სკანდალს თუ გავყვებით, ხელისუფლების პროპაგანდისტული ფრთა, ანტიდასავლური ნარატივის ქვეშ მუშაობდა.

„რ": გაჩნდა მოსაზრება, რომ თუკი დასავლეთის ზეწოლა „ქართულ ოცნებაზე" გაგრძელდება, მოსალოდნელია ხელისუფლების ცვლილება. თქვენი შეხედულება როგორია ამ საკითხთან დაკავშირებით?

გ.ხ: დასავლეთს შეუძლია მხოლოდ ხელი შეუწყოს ამ პროცესს. ის, რომ დასავლეთმა გადაწყვიტოს ხელისუფლების შეცვლა, გამორიცხულია და არც არასდროს მომხდარა, მიუხედავად ათასი შეთქმულების თეორიისა.

დასავლეთი უყურებს პროცესს და ის მხარს უჭერს იმ პოლიტიკურ აქტივობას, რომელიც მისთვის უფრო გასაგებია, რომელიც უფრო ახლოს არის მის ფასეულობათა სისტემასთან. რაც უფრო შორდება ხელისუფლება ამ ფასეულობათა სისტემას, ეს დასავლეთის მხრიდან ალტერნატიული პოლიტიკური ძალების მხარდაჭერას იწვევს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×