ია აბულაშვილი
25.12.2019

"ეს სია გათვლილია დასავლეთის აუდიტორიაზე, რადგან ოპოზიციას დიდი მხარდაჭერა ჯერ-ჯერობით საქართველოში არ აქვს და ცდილობენ გარე ბერკეტების ამოქმედებით ხელისუფლების დასუსტებას" - ასე ეხმაურება ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე ოპოზიციის მოთხოვნას, რომ "ძალადობრივი რეჟიმის შექმნელებს", რომელთა შორის პოლიტიკური და სასამართლო სისტემის წარმომადგენლები არიან, სანქციები დაუწესდეთ.

ოპოზიცია 20 ივნისის შემდეგ პოლიტიკურ დევნის საკითხთა შემსწავლელ კომისიას ქმნის, რომლის მიზანია ამხილოს "რეპრესიის ავტორები, შემსრულებლები და გამოავლინოს მსხვერპლი". ოპოზიციის "შავი სიის" მთავარი ფიგურანტები ცნობილია. სიის სათავეშია ბიძინა ივანიშვილი. მეორე ადგილს იკავებს პრემიერი გახარია. სიაში მოხვდნენ, ასევე სახელმწიფო დაცვის ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძე. საპატრულო პოლიციის უფროსი ვაჟა სირაძე, ყოფილი გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე და მოსამართლეები.

დოკუმენტი ოფიციალურ სახეს 8 იანვარს მიიღებს, რის შემდეგაც საერთაშორისო პარტნიორებს გადაეგზავნებათ. ოპოზიციის მოთხოვნაა, სიაში ჩამოთვლილ ადამიანებს პარტნიორ ქვეყნებში ვიზიტი შეეზღუდოთ, სანქციები დაწესდეს ფინანსებთან დაკავშირებით და დაყადაღდეს მათი საბანკო ანგარიშები.

"რა პერსპექტივა ექნება ამ სიას, ვერ გეტყვით, რადგან სერიოზული დასაბუთება და დამაჯარებლობა უნდა ჰქონდეს, ასევე რამდენად იპოვნიან გავლენიან მოკავშირეებს, რომ დაარწმუნონ გადაწყვეტილების მიღებაში. მიდის ბრძოლა ძალაუფლებისთვის და ძალაუფლებისთვის ბრძოლაში ყველა მეთოდი იქნება გამოყენებული, რაც არც პირველია და არც უკანასკნელი. ეს სიაც ძალაუფლებისთვის ბრძოლის შემადგენელი ნაწილია. ალბათ იმუშავებენ ამაზე, რომ ეს სია სათანადო კაბინეტებში მოხვდეს და შემდეგ მსვლელობა მიეცეს. რა თქმა უნდა, ეს სია გათვლილია დასავლეთის აუდიტორიაზე, საქართველოში ოპოზიციას დიდი მხარდაჭერა ჯერ-ჯერობით არა აქვს და ცდილობენ, გარე ბერკეტები აამოქმედონ ხელისუფლების დასაზუსტებლად," - განაცხადა "რეზონანსთან" ზაალ ანჯაფარიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×