
პირველი პრეზიდენტის ცოტნე გამსახურდიას დაჭრის საქმეზე ოჯახი და ადვოკატი ახალ დეტალებზე საურბობს. ისინი ნეიტრალური მოწამეების ჩვენებბეზე ლაპარაკობენ. მათი თქმით, ამ ჩვენებების მიხედვით ირკვევა, რომ სუფრაზე 10-მდე პირი იმყოფებოდა და ბრალდებულებსა და გამსახურდიას შორის რაიმე განსაკუთრებულ თემაზე დაპირისპირება არ მოსვლიათ.
გამსახურდიაზე ადრე ბრალდებულმა 4 პირმა სუფრა დატოვა და დაახლოებით 20 წუთში გამსახურდიაც სახლში წავიდა. ნეიტრალური მოწმეების მიხედვით, გამოდის, რომ გამსახურდიას ისინი სახლთან ჩაუსაფრდნენ და სასტიკად გაუსწორდნენ.
ოჯახი არ გამორიცხავს, რომ ეს იყო პირადი წყენით მოტივირებული დანაშაული და მისი ადვოკატი ამირან გიგუაშვილი გამოძიებას ამ მიმართულებით დაინტერესებისკენ მოუწოდებს. ადვოკატი ამბობს, რომ ნეიტრალური მოწმეების ჩვენებების მიხედვით, სუფრაზე იმ სიმწვავის დაპირისპირება არ ყოფილა, რომ შემდეგ ამგვარი სასტიკი სახე მიეღო.
„კახა ჩხეტიანი და დანარჩენი სამი პიროვნება ცოტნე გამსახურდიას სახლის კართან ელოდებოდნენ. ფაქტობრივად ჩასაფრება მოუწყვეს და თავს დაესხნენ, ის სასიკვდილოდ გაიმეტეს. წარმოუდგენელია, რომ იმ მოტივის გამო, რაზეც ეს ბრალდებულები საუბრობენ, რომ კამათი ღვინის გამო მოუვიდათ და კაცი ამ დონემდე გაიმეტო, წარმოუდგენელია.
“იმ ჭრილობების და სისასტიკის მიხედვით, რა ჭრილობებიც მას აქვს, ალბათ ხორავას ქუჩის საქმეს შევადარებდი. იმ სუფრაზე შელაპარაკების ისეთი უმნიშვნელო საბაბი იყო, რომ ამას ასეთი მძიმე დაპირისპირება მოჰყოლოდა, წარმოუდგენელია.
“გამოძიებამ მაინც უნდა იმუშავოს იმ მიმართულებით, გამსახურდიასა და ჩხეტიანს შორის არსებობდა თუ არა რაიმე ძველი წყენა. ჩხეტიანი სწორედ ის პირია, ვინც ჩვენების მიხედვით ამბობს, რომ გამსახურდიას ჭრილობები მან მიაყენა. თუმცა, წარმოუდგენელია, რომ ამდენი და ამ დონის დაზიანებები ერთ ადამიანს მიეყენებინა“,-აცხადებს ადვოკატი.
მისივე თქმით, მოწმეთა უმრავლესობა, რომელიც ნეიტრალურია, ამბობს, რომ კონფლიქტის ინიციატორი გიორგი სოლოღაშვილი იყო. ადვოკატი ამბობს, რომ
იმ მასალების მიხედვით, რომელსაც ის გაეცნო, ბრალდებულების ვერსია სრულიად გაბათილდა. მისი განცხადებით, ვერსია, რომ ცოტნე გამსახურდია ამ კონფლიქტის ინიციატორი იყო, ნეიტრალური მოწმეების ჩვენებებიდან არ ჩან.
„მოწმეთა აბსოლუტური უმრავლესობა, რომლებიც ნეიტრალურები არიან და იმყოფებოდნენ სუფრაზე, რომლებიც იყვნენ გამოკითხულნი, ადასტურებენ იმას, რომ კონფლიქტის ინიციატორი იყო გიორგი სოლოღაშვილი, რომელმაც იუკადრისა ცოტნე გამსახურდიას შეთავაზება გაცილებასთან დაკავშირებით. ჩვენებების მიხედვით, ძმები ქვათაძეები, ტატო ღარიბაშვილი და კახა ჩხეტიანი, როდესაც მივიდნენ, უკვე ნასვამები იყვნენ.
“ყველა მოწმე ადასტურებს, რომ ცოტნე გამსახურდია პრაქტიკულად არ სვამდა და იგი ხშირად გადიოდა და შემოდიოდა სუფრაზე. ასევე ყველა ადასტურებს, რომ ცოტნე გამსახურდია იყო კეთილგანწყობილი და იცნობდა ქვათაძეებს, რომლებსაც ძალიან გულთბილად მიესალმა, როდესაც ისინი მივიდნენ აღნიშნულ სუფრაზე. შესაბამისად, ბრალდებულების წარმოდგენილი ვერსია, რომ თითქოსდა ცოტნე გამსახურდიამ შექმნა კონფლიქტური სიტუაცია და შემდეგ დაედევნა მათ, არის ყოველგვარ საფუძველს მოკლებული“,- აცხადებს ადვოკატი.
მისივე თქმით, გიორგი სოლოღაშვილი ცდილობს, პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღოს, რითაც ხელს აფარებს თორნიკე ქვათაძეს. ის ამბობს, რომ გამსახურდიას ამ დონის და რაოდენობის ჭრილობები მხოლოდ მან მიაყენა.
„ესენი არიან ჩვეულებრივი კრიმინალები, რომლებიც ჩაუსაფრდნენ მუხანათურად ცოტნე გამსახურდიას და უსასტიკესად გაუსწორდნენ. რა მოტივი ამოძრავებდათ რეალურად, რა იყო მათი მიზანი როდესაც მივიდნენ სუფრაზე, იყო თუ არა ეს წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია, გამოძიებამ უნდა დაადგინოს.
“გიორგი სოლოღაშვილი ცდილობს, რომ პასუხისმგებლობა აიღოს თავის თავზე და ამით გაათავისუფლოს პასუხისმგებლობისაგან თორნიკე ქვათაძე. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საქმეში არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობით თორნიკე ქვათაძის მონაწილეობა აღნიშნულ საქმეში, ანუ მინიმუმ ფიზიკურ დაპირისპირებაში, ვფიქრობ დასტურდება, თუმცა, ამ მიმართულებით კიდევ არის გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები ჩასატარებელი“,- განცხადა ადვოკატმა.
ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა კი არ შეცვლილა და კვლავ სტაბილურად მძიმე რჩება, – ამის შესახებ ხეჩინაშვილის კლინიკაში ჟურნალისტებს ექიმმა ნიკოლოზ კვაჭაძემ განუცხადა.
შესაბამისად, მისი თქმით, ჯერ უცვლელია მკურნალობის მოცულობაც. ამასთან, დაგეგმილია ტომოგრაფიული გამოკვლევის ჩატარება.
„პაციენტის მდგომარეობა ბოლო პერიოდის განმავლობაში არ შეცვლილა, კვლავინდებურად მძიმე რჩება. შესაბამისად, მკურნალობის მოცულობა ამ ეტაპზე უცვლელია. დაგეგმილი გვაქვს ტომოგრაფიული გამოკვლევა, ხვალ გაკეთდება თუ შაბათს, ჯერ ვერ გეტყვით. ეს არ არის გადაუდებელი გამოკვლევა, ეს არის წინასწარ შეთანხმებით გამოკვლევა, რომელიც შესაბამისად, ხვალ, მაქსიმუმ, ზეგ გვაქვს დაგეგმილი“, – განაცხადა კვაჭაძემ.
რაც შეეხება ცოტნე გამსახურდიას საზღვარგარეთ შესაძლო გადაყვანას, ექიმი ამბობს, რომ თუ ოჯახი ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, კლინიკა მათ მაქსიმალურად დაეხმარება.
„დავაფიქსირებ კლინიკის პოზიციას – თუ მსგავსი წინადადება იქნება, ჩვენ მაქსიმალურად დავეხმარებით ოჯახს, რომ ამ საქმის ორგანიზებამ ჩაიაროს სათანადო დონეზე. საჭიროება არსებობს თუ არა, ამას ჩვენ ვერ განვსაზღვრავთ, ამას საზღვრავს ოჯახი მხოლოდ. პაციენტის მდგომარეობა რჩება სტაბილურად მძიმე. მართვით სუნთქვაზეა. მოცულობა მკურნალობისა, ამ ეტაპზე არ შეცვლილა. არ იგეგმება არანაირი ჩარევა, გარდა დაგეგმილი საკონტროლო გამოკვლევებისა“, – აღნიშნა ნიკოლოზ კვაჭაძემ.