მოსახლეობას უმძიმესი თვეების გადატანა მოუხდა
რეზონანსი
26.12.2019

2019 წელი ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველოს ისტორიაში ყველაზე ძვირი წელი აღმოჩნდა. სხვადასხვა ეკონომიკურმა ფაქტორებმა და ლარის არაერთმა ანტირეკორდმა ბაზარზე ძალიან ცუდი გავლენა მოახდინა. როგორც პირველადი მოხმარების საგნები, ასევე მომსახურეობაც მკვეთრად გაძვირდა. სპეციალისტები “რეზონანსთან“ იმ გარემო პირობებზე საუბრობენ, რამაც მიმდინარე წლის უპრეცენდენტო სიძვირე განაპირობა.

საქართველოში მძიმე ეკონომიკური ფონის გამო ადამიანებს ძალიან უჭირთ.  მოსახლეობას უამრავი პრობლემა აქვს: სესხები ბანკებში, ყოველდრიური ხარჯი, სწავლის გადასახადი და ა.შ. ამ ყველაფერთან გამკლავება ყოველთვის ძალიან ჭირდა, მაგრამ 2019 წელი განსაკუთრებულად მძიმე და გამოწვევებით სავსე აღმოჩნდა.

საბანკო რეგულაციები, გაზრდილი ხარჯები და გაძვირებული მომსახურეობა, ეს არის ის რეალობა, რასთან შეჯახებაც წელს მოსახლეობას მოუწია და ყველაზე მეტად სწორედ ამის გამო დაზარალდა. სტატისტიკოსი სოსო არჩევაძე „რეზონანსთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ 2008 წლის შემდეგ არ გქვონია ასეთი "ძვირადღირებული" წელი, როცა ყველაფერი ერთმნიშვნელოვნად არის გაზრდილი. საკვები პროდუქტებისა და პირველადი მოხმარების საგნების ნახტომისებური გაძვირება ლარის გაუფასურების გამო მოხდა, რასაც სხვა გარემო პირობებმაც შეუწყო ხელი.

„არსებობს რამდენიმე მიზეზი თუ რატომ იყო 2019 წელის ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველაზე მძიმე და ძვირი. ერთ-ერთია ლარის გაუფასურება დოლართან მიმართებით. დაახლოებით 24 თეთრით მეტის გადახდა გვიწევს დოლარში შარშანდელ იანვართან შედარებით, საშუალოდ 10%-ით გაუფასურდა ეროვნული ვალუტა. ამ დროს ჩვენი სამომხმარებლო ბაზრის 70%-ზე მეტი იმპორტირებულ საქონელს უჭირავს. 

მეორე ფაქტორი, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ეს არის აქციზური განაკვეთის მატება თამბაქოს ნაწარმზე, რამაც სიგარეტის თითქმის 30%-იანი გაძვირება გამოიწვია. ამ ყველაფერს დაემატა ადგილობრივი პროდუქტების დეფიციტი, მოუსავლიანობა და ამიტომავ შემოდგომისა და ზამთრის პერიოდში  სასურსათო საქონელზე ფასები ობიექტურადაც გაიზარდა. ამას შეიძლება ინფლაციური თვეებიც ვუწოდოთ. მეტ-ნაკლებად ყველა ფაქტორმა თავის როლი შეასრულა და მივიღეთ ასეთი ინფლაცია, რომელიც 2008 წლის შემდეგ არ გვქონია,“ - განაცხადა „რეზონანსთან“სოსო არჩვაძემ.

საქართველოში 2019 წელი, როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით ძალიან მძიმე აღმოჩნდა მოსახლეობისთვის. ლარის გაუფასურებამ რასაკვირველია გაზარდა პროდუქტებზე, მომსახურებაზე და სხვადასხვა გადასახადებზე ტარიფები, რამაც მოსახლეობაზე ურთულეს მდგომარეობაში ჩააყენა.

ეკონომისტი პაატა აროშიძე „რეზონანსთან“იმ ძირითად გამომწვევ მიზეზებზე საუბრობს, რამაც 2019 წლის სიძვირეზე იქონია გავლენა.

„იმპორტირებულ პროდუქტი მომენტალურად რეაგირებს ლარის გაუფასურებაზე. ამას ემატება ადგილობრივი ბაზარზე არსებული სიტუაცია, არასტაბილური ეკონომიკური მდგომარეობა  და ვიღებთ იმ სურათს, როდესაც ყველაფერი არის მაღალ ფასში, რაც საერთო გაძვირების საფუძველია. საწყის ეტაპზე, როცა ინფლაციის ნიშნები გაჩნდა, ეროვნული ბანკი ცდილობდა პროცესები გადაებრალებინა მხოლოდ გარე ფაქტორებზე, მაგრამ ბოლოს იძულებულნი გახდნენ ეღიარებინათ, რომ მასობრივი ინფლაცია საშინაო პრობლემებით იყო გამოწვეული. 

თუ ლარის კურსის ბოლოდროინდელ დასტაბილურებას გავითვალისწინებთ, ეს, რა თქმა უნდა, აისახება დეკემბრის ინფლაციის მაჩვენებელზე, თუმცა არ მგონია წლიური საგანგაშო მონაცემები შეამციროს. როგორც მოსალოდნელია, იანვარში ისევ ელიან ლარის რყევას, თუმცა ეროვნული ბანკი ალბათ განახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს და მხოლოდ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებით არ შემოიფარგლება. ასეთ შემთხვევაში კურსი შენარჩუნდება 2.88-ის ფარგლებში და ეს უკვე ისეთ მაღალ ინფლაციას აღარ გამოიწვევს როგორც ნოემბერში ანდა როგორც მთელი წლის განმავლობაში გვქონდა", - აღნიშნა „რეზონანსთან“ საუბრისას აროშიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×