რეზონანსი
26.12.2019

სულ მალე ახალი წელი დადგება და ბევრმა უკვე წინასწარ დაიჭირა თადარიგი. ზოგადად, საახალწლო მზადებისთვის აუცილებელია ყველა იმ დეტალის გათვალისწინება, რაც თქვენთვის სიკეთის, პოზიტივის, დოვლათისა და იღბლის მომტანია. ხოლო, თუ რა ფერის ნაძვის ხე შეიძინოთ, როგორ მორთოთ, რა პროდუქტი უნდა მოიმარაგოთ სადღესასწაულო სუფრისთვის და როგორ ჩაიფიქროთ ახალი წლის ღამეს სურვილები სწორად, რომ მომავალში აგიხდეთ - ამ თემებზე საინტერესო და სასარგებლო რჩევებს ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი მოგცემთ.

მიხეილ ცაგარელი: აღმოსავლეთში ძველთაგანვე დიდ ყურადღებას აქცევდნენ ახალი წლის დადგომასთან დაკავშირებულ რიტუალებს, რადგან სჯეროდათ, რომ როგორც შეხვდებოდნენ ახალ წელიწადს, ისევე წარიმართებოდა მთელი წელი. აქ, რიტუალებთან ერთად, მნიშვნელოვანია, ამაღლებული ფსიქოლოგიური განწყობაც.

"აღმოსავლური კალენდრის მიხედვით, 2020 წლის 25 იანვარს იწყება თეთრი ვირთხის წელიწადი, თუმცა, ჩვენ ახალ წელს 31 დეკემბერს ვხვდებით და კარგი იქნება, თუ გაითვალისწინებთ მნიშვნელოვან რიტუალებს, რათა ღირსეულად და წინსწრებით შეხვდეთ ვირთხის წელიწადის დადგომას. ზოგადად, ჩვენ სამჯერ ვხვდებით ახალ წელს - 31 დეკემბერს, 13 იანვარს და 25 იანვარს, რაც გაახანგრძლივებს სადღესასწაულო განწყობას და მხიარულებას. პირველ რიგში, გაითვალისწინეთ, რომ 25 იანვრამდე ჯერ კიდევ გრძელდება ტახის, იგივე ღორის წელიწადი, ამიტომ, ნუ გავანაწყენებთ მას და საახალწლო სუფრაზე აუცილებლად უნდა იყოს წარმოდგენილი წლევანდელი ტახისა და მომავალი წლის მასპინძლის ვირთხის გამოსახულებიანი ფიგურები. მათ პატივსაცემად, ტახის წინ მოათავსეთ რკო, ხოლო ვირთხის ფიგურასთან კი - თხილი და ყველი, უმჯობესია, ნასვრეტებიანი. 2020 წლის ძირითადი რიცხვია 4. ამიტომ, კარგი იქნება თეთრი ან ვერცხლისფერი 4 სანთლის დანთება ახალი წლის დადგომამდე 10 წუთით ადრე, რათა მადლობა გადაუხადოთ წინა წელიწადს, დაემშვიდობოთ მას, ხოლო ახალი წლის დადგომის შემდეგ სანთლებს თქვენი სურვილები ჩაუთქვათ. კარგი იქნება, თუ ახალ წლამდე ვირთხის გამოსახულებიან ყულაბას შეიძენთ და მასში ჩაყრით ვერცხლისფერ 4 ცალ ლითონის მონეტას. გაითვალისწინეთ: ყოველ ჩაგდებულ მონეტაზე, თითო სურვილი ჩაიფიქრეთ."

- 2020 წლის მმართველი სტიქია ლითონია, ამიტომ ის გვაძლევს წლის ძირითად ფერებს, როგორიცაა: თეთრი, ვერცხლისფერი, ნაცრისფერი, მათ შემდეგ - ლურჯი, ოქროსფერი და მცირე დოზით - მწვანე და წითელი. უმჯობესია, ეს ფერები პრევალირებდეს თქვენს ტანსაცმელში. თუმცა, ასევე, შეგიძლიათ, გამოიყენოთ შავი - როგორც ნეიტრალური ტონი. რაც შეეხება სამკაულს, ახალი წლის ღამეს კარგია ისეთი ქვების გამოყენება, როგორიცაა ამეთვისტო, ბრილიანტი, ძოწი, მალაქიტი, ონიქსი, ქრიზოპრაზი, მწვანე ან ყვითელი იასპი.

- ნაძვის ხე იმ ფერებში უნდა იყოს მორთული, რომლებიც ზემოთ ჩამოვთვალე და უმჯობესია, ოთახის შუა ნაწილში იდგეს. კარგი იქნება, თუ ნაძვის ხის ტოტზე, სათმაშოების გვერდით, ტახისა და ვირთხის ფიგურებსაც ჩამოკიდებთ. წელს უპირატესობა ენიჭება თეთრ და ვერცხლისფერ ნაძვის ხეებს.

- ვირთხას ზედმეტი ხმაური არ უყვარს, თუმცა მხიარულების მოყვარულია. ყველაზე მეტად უყვარს სორო ანუ თავისი სახლი. ამიტომაც, სჯობს ახალ წელს სახლში შეხვდეთ, იმხიარულოთ, ოღონდ ზედმეტი ხმაურის გარეშე. გირჩევთ, გაითვალისწინოთ ეს ასტროლოგიური რჩევები, რომ მომავალ წელს იღბალიც გააძლიეროთ და სიხარულიც დაიბედოთ. გისურვებთ ბედნიერ ახალ წელს! "

წყარო: "თბილისელები"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×