თამარ შუკვანი
27.12.2019

„სამხრეთ ოსეთის" ე.წ. პრეზიდენტის განცხადებას, რომ იმ ადამიანებმა, რომელთაც საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე სურთ გადასვლა, საქართველოს ხელისუფლებას უნდა მიმართონ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი მიუღებელს და წინდაუხედავს უწოდებს. მისთვის გაუგებარია ანატოლი ბიბილოვის ის პოზიცია, რომელსაც ახალგორებელთან აღჟერებს.

ბიბილოვმა ახალგორში ქართველ მოსახლეობასთან შეხვედრისას ქართულ საგუშაგოებზე ისაუბრა, რა დროსაც თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს გამშვები პუნქტების აღების გადაწყვეტილება. ოკუპირებული ცხინვალის ე.წ პრეზიდენტის თქმით, იმ ადამიანებმა, რომელთაც საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე სურთ გადასვლა, საქართველოს ხელისუფლებას უნდა მიმართონ და ამ საგუშაგოების აღება მოითხოვონ იმისათვის, რომ თავისუფალი გადაადგილება შეძლონ. ამის შესახებ რუსული მედია წერს.

„ეს პოზიცია არის სრულიად მიუღებელი. მას ცოცხალი ადამიანები მძევლად ჰყავს აყვანილი, რადგან ვერ აგვარებს პოლიტიკურ საკითხებს. გამაოგნებელი და წინდაუხედავია ასეთი პოლიტიკა. ახალგორში ცხოვრობს მოსახლეობა, მათ შორის ეთნიკური ქათველებიც, რომლებიც ადგილზე დარჩნენ და არ მიატოვეს თავისი საცხოვრებელი ადგილები. ხალხი გარკვეულწილად ელოდება იმ ადმინისტრაციის კეთილგანწყობას, რომლის იურისდიქციაც მათ ტერიტორიაზე ამჟამად ვრცელდება. იმის ნაცვლად, რომ ამ ხალხის მიმართ კეთილგანწყობა მოიპოვონ, აქცევენ იმ პოლიტიკის მძევლებად, რომელსაც თვითონ ვერ მართავენ," - აღნიშნა ზაქარეიშვილმა.

ოკუპირებული ცხონვალის „პრეზიდენტის" მიერ მოსახლეობასთან შეხვედრისას წაყენებულ ულტიმატუმს ქართველი მოსახლეობის გაღიზიანება მოჰყვა, რა დროსაც მათ შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

„სირცხვილით როგორ გვილოცავთ ახალ წელს ჩემნაირ ავადმყოფებს. როგორ გვილოცავთ, რომლებიც ვერ გავედით სამკურნალოდ. მე ონკოლოგიური პაციენტი ვარ, ჩემი მეუღლე გულით არის ავად," - განაცხადა ერთ-ერთმა ახალგორელმა ქალმა, ამაზე ბიბილოვმა უპასუხა, რომ გულწრფელად ულოცავს მათ და მათივე ნებაა, მიიღებენ თუ არა მის მოლოცვას.

შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ თქვა, რომ ვერ წარმოუდგენია თავისი სიცოცხლე ისეთი, რომელშიც შვილებს ვეღარ ნახავს. თუ ამისათვის საჭიროა „სამხრეთოსეთულ მოქალაქეობაზე" უარის თქმა, ის მზადაა დატოვოს პასპორტი.

„გუშინდელი ასეთი დაძაბული შეხვედრა ბიბილოვთან გამართლებული იყო. უნდა მიხვდეს, რომ ამ ხალხის ბედით მანიპულირება პირველ რიგში ეწინააღმდეგება იმ პოზიციას, რაზეც თვითონ დგას, თითქოს რაღაცას მართავენ, ვიღაცაზე ზრუნავენ. აბსოლუტურად არ შეესაბამება მათი განცხადებები იმ რეალობას, რაც იქ არის. ჭკუას უნდა მოუხმონ, არასწორად ექცევიან იმ მოსახლეობას, რომელიც მზად არის იყოს მისი მოსახლეობა.

„გუშინდელ მოვლენაში იყო დაუმორჩილეობლობის ფაქტორი. მათთვის სრულიად მიუღებელი იყო ის ფარისევლური, ცინიკური ქმედება, როდესაც (ბიბილოვი) ჩავიდა, რომ ახალოგორელებისთვის ახალი წელი მიელოცა. ეს ხალხი გამწარებულია, ის ჩადის და რას ულოცავს? - თანაც უტიფრად თავის პრობლემებს, ქართულ მხარესთან მოუგვარებელ საკითხებს, მშვიდობიან მოსახლეობას ჰკიდებს.

„წავიდეს თვითონ, მიანებოს თავი მართვას, მაშინ მოსახლეობამ იქნებ იპოვოს გამოსავალი. დე ფაქტო არჩევნებში მონაწილეობს, ჩადის ახალგორში, როდესაც არჩევნებია და ხმებს სთხოვს. ჩააბაროს ხელისუფლება ამ ხალხს და თვითონ მიხედავენ თავის თავს," - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×