რეზონანსი
27.12.2019

(რეზონანსი) ჩემი კატეგორიული მოთხოვნაა, რომ დღესვე მოეხსნას ინკასო ყველა ტელევიზიას და მე ეს ფინანსთა მინისტრსაც ვუთხარი, - ამის შესახებ ტელეკომპანია „კავკასიას" დირექტორმა ნინო ჯანგირაშვილმა ფინანსთა მინისტრთან ივანე მაჭავარიანთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ნინო ჯანგირაშვილის განცხადებით, მან მოითხოვა, რომ ყველა ტელეკომპანია თანაბარ პირობებში აღმოჩნდეს.

„ჩემი კატეგორიული მოთხოვნაა, შემდეგი ერთი თვის განმავლობაში გაგვაგებინოს მინისტრმა, რა გრაფიკზე ელაპარაკება ამათ. ასე არ გამოვა, რომ ჩვენ დაგვსაჯოს, აბა, გადაიხადეთო და ამ დროს იმათ მიუცუცქდეს ჩუმად და 10-წლიან გრაფიკებზე ესაუბროს. გაიხსნას პროცესი, გვითხრას, რა გრაფიკზე ესაუბრება მათ. მანამდე არავის არანაირი ინკასო, არავინ არაფერს არ იხდის ერთი თვის მანძილზე, მორატორიუმი ცხადდება და მერე ვიგონებთ ფორმას, როგორ აღმოვჩნდეთ ყველა თანაბარ პირობებში", - განაცხადა ნინო ჯანგირაშვილმა.

ამასთან, ნინო ჯანგირაშვილის თქმით, დადასტურდა მისი ვარაუდი, რომ მინისტრი ტელეკომპანია „იმედსა" და „რუსთავი 2-ს" ვალის 10- წლიან რესტრუქტურიზაციაზე ესაუბრება.

„ჩემი ვარაუდები, რასაც ამდენი დღე ვამბობდი და რის გამოც მე გამაჩნდა თავიდანვე პროტესტი, დადასტურდა პრაქტიკულად მინისტრის მხრიდან. მან თქვა, რომ დიახაც არის საუბარი, დაახლოებით, 10-წლიან რესტრუქტურიზაციაზე და მოგეხსენებათ, ეს არის ჩუქება ფაქტობრივად. ოღონდ ის წუხს ამავე დროს, რომ ან ეს 10- წლიანი როგორ უნდა გადაიხადონ „იმედმა" და „რუსთავი 2-მაო", ცოდოები არიანო და რა ვქნა, ხომ არ დაიხურებიანო. როდესაც ვეუბნები მინისტრს, რომ ახლა, ახალი წლის წინ ტელევიზიისთვის ინკასოს დადება, როდესაც ჩვენ არ გვაქვს დიდი საბრუნავი თანხები ნიშნავს იმას, რომ ტელევიზიამ შეიძლება, ორშაბათს უბრალოდ მუშაობა შეწყვიტოს, ამაზე პასუხი არ აქვს. მას ვერ წარმოუდგენია, რომ ეს „კავკასიის" შემთხვევაში შეიძლება, იყოს პრობლემა", - განაცხადა ნინო ჯანგირაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×