რეზონანსი
27.12.2019

(რეზონანსი) ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი აცხადებს, რომ 2020 წელი ძალიან რთული წელი იქნება და იგი პოლიტიკოსებს მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

„2020 წელს უამრავი ცვლილება მოხდება და ეს იქნება ურთულესი წელი ბოლო 15 წლის განმავლობაში. პოლიტიკურ სივრცეში ახალი პოლიტიკური სახეები შემოვლენ და ძველი პოლიტიკოსები ჩამოშორდებიან ამ სფეროს. ეს იქნება რთული პროცესი. პოლიტიკოსებიდან დაწყებული, გაყიდვების სფეროთი დამთარებული, უამრავი ადამიანი დაკარგავს სამსახურს. მოვლენ ახალი ძალები დემოკრატიული ფასეულობებით აღჭურვილები, რომლებიც არ იქნებიან კავშირში „ნაციონალებთან", რომლებიც ფსევდოდემოკრატიის პრინციპით სარგებლობენ და გვარწმუნებენ, რომ დემოკრატები არიან. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, იქნება დიდი დაძაბულობა, რომელიც ჩვენ დიდი ხანია არ გვახსოვს. პოზიციასა და ოპოზიციას შორის ძალიან დაიძაბება სიტუაცია. პროვოკაციების ალბათობები გაიზრდება. შეიძლება საქმე მივიდეს სისხლისღვრამდე. გვექნება არამარტო შიდა პრობლემები, არამედ გარე პრობლემებიც", - აცხადებს ცაგარელი.

ცაგარელის თქმით, მომავალ წელს რევოლუციების ალბათობა გაიზრდება.

„რევოლუციების ალბათობები რადიკალურად მოიმატებს. რუსეთი შეეცდება, აზიის და აფრიკის ქვეყნებმა აღიარონ სამაჩაბლოს და აფხაზეთის დამოუკიდებლბა. ჩვენს დიპლომატებს ძალიან დიდი სამუშაოების ჩატარება მართებთ, იმისთვის, რომ მათ შეძლონ ამ პრობლემების მოგვარება. მხოლოდ დიპლომატიით შეიძლება ამ პრობლემების მოგვარება. არავინ იფიქროს, რომ იარაღით და პარტნიორული ურთიერთობებით რაღაც მოგვარდება. ჩვენი ხსნა მხოლოდ დიპლომატიურ ნაბიჯებში იქნება".

ასტროლოგი ასევე ამბობს, რომ დაგვეძაბება ურთიერთობები მეზობელ ქვეყნებთან, ამიტომ ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ და პროვოკაციებს არ უნდა ავყვეთ.

„ეს წელიწადი უკავშირდება კადრების ცვლილებას. დაწყებული პრემიერ-მინისტრიდან, დამთავრებული მინისტრებით. „ქართულ ოცნებას" კოსმოსი არ აპატიებს შეცდომებს. პირველი სერიოზული ცვლილებები გვექნება იანვრის მეორე ნახევარში. თქვენ ნახავთ, რამდენი კადრი შეიცვლება. თებერვალი და მარტი სერიოზული კანონების მიღების დრო იქნება. რა დროსაც შეცდომა არ უნდა დავუშვათ. ამ დროს დაშვებული შეცდომა აპრილში ძალიან ცუდ გამოძახილს შეიძენს. რაც სკანდალების აგორების მიზეზი გახდება. ცვლილებები იქნება მასმედიაშიც. მოხდება ახალი ტელევიზიების გახსნა და ძველების დახურვა. საკადრო ცვლილებები ყველგან იქნება. მაისი იქნება შედარებით მშვიდი და ხელისუფლებას შესაძლებლობა ექნება, ძველი შეცდომები გამოასწოროს. თუ ეს მათ არ გააკეთეს, ივნისსა და ივლისში გვაქვს მზის და მთვარის სამი დაბნელება რაც ძალიან ბევრ ადამიანს ტვინს დაუბნელებს და მათში არაადეკვატურ მოქმედებებს გამოიწვევს. წელს ივნისი-ივლისის თვეებში იყო დაბნელებები და სწორედ ეს არის მიზეზი, რომ ახლა ამ შეცდომების შედეგს ვიმკით. ზუსტად იგივე გველოდება გაისად. ოღონდ პრობლემები ახლა შეიქმნება გაცილებით უფრო ადრე აგვისტო -სექტემბერში და არა გვიან შემოდგომაზე, როგორც წელს მოხდა. არჩევნებს „ოცნება" მოიგებს, მაგრამ გაცილებით უფრო რთულად, ვიდრე მათ ჰგონიათ. ბევრი რამ დამოკიდებული იქნება როგორ იმოქმედებენ თებერვალ-მარტში და მაისში. თუ შეცდომები არ დაუშვეს, მაშინ შანსი მეტია, რომ მეტი ხმებით მოვიდნენ ხელისუფლებაში. თუ შეცდომები დაუშვეს, მაშინ არჩევნებში მინიმალური უმრავლესობით მოვლენ და „ნაციონალურ მოძრაობას" კიდევ უფრო მეტად გააძლიერებენ, რაც შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში გაუთავებელი კონფლიქტების მიზეზი გახდება.

ცაგარელის თქმით, ცუდი წელი ექნება პარტია „ლელო საქართველოსთვის". „მათ ისეთ ცუდ დროს დააფუძნეს საზოგადოებრივი მოძრაობა, რომ შეუძლებელია, წარმატებას მიაღწიონ" , - განაცხადა ცაგარელმა.

წყარო: 2020news.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×