"მთელი წელი დახუნძლული იყო მარაზმით, მმართველი ჯგუფის იდიოტიზმითა და "ნაცების" დაჯგუფების პროვოკაციით, ხელოვნურად აგორებული აქციების და ყალბი სატელევიზიო უზრუნველყოფით," - ასე აფასებს ექსპერტი პეტრე მიმარაძე 2019 წლის ქართულ პოლიტიკას.
"პოლიტიკის თვალსაზრისით, 2019 წელს განსაკუთრებით რელიეფურად გამოჩნდა მმართველი დაჯგუფების და პირადად ივანიშვილის სრული არაადეკვატურობა პოლიტიკისა და ქვეყნის მმართველობისადმი. გამოჩნდა, რომ პატრონყმური სისტემა თვითონ ქმინის სრულიად უმიზეზოდ კრიზისებს, ამ კრიზისების მოგვარების დროს ისევ უშვებს შეცდომებს და საფუძველს უყრის ახალ კრიზიებს. მთელი წლის მანძილზე მმართველი დაჯგუფება იყო პარალიზებული, რადგან პატრონყმური ლოგიკით ყველას ეშინია თავის თავზე რაიმე აიღოს, რაღაც თქვას, ან მოიმოქმედოს, ვაი თუ ხაზეინს არ მოეწონოს და დაისჯება. მოქმედებენ მაშინ, როდესაც გარანტია აქვთ, რომ ხაზეინს მოეწონება. ამ წელს მმართველმა დაჯგუფებამ მშრალი ანაგარიშით წააგო ურთიერთობა დასავლეთთან, რასაც ცხადყოფს დასავლეთის წამყვან გამოცემებში მათი მისამართით გამოქვეყნებული ნეგატიური პუბლიკაციები.
რაც შეეხება ე.წ. ოპოზიციას, ვგულისხმობ "ნაცების" ყველა ფრთას, ორივე ფრაქციას პარლამენტში და "ნაცების" ყველა სატელიტს, რელიეფურად გამოჩნდა, რომ მათ აინტერესებთ მხოლოდ პირადი კეთილდღეობა და ამის მისაღწევად მზად არიან ნებისმიერი საშუალება გამოიყენონ და სულაც არ ენაღვლებათ, როგორ ზიანს აყენებს საქართველოს სახელმწიფოს და ქართველ ხალხს.
შეჯამების სახით, წელი იყო დახუნძლული მმართველი დაჯგუფების პოლიტიკური იდიოტიზმითა და "ნაცების" პროვოკაციებით, ხელოვნურად აგორებული აქციებისა და ყალბი სატელევიზიო უზრუნველყოფით. საპროტესტო აქციებზე იყენებდნენ "შტურმავიკებს", სულ რამდენიმე ათეულ ადამიანს, ხოლო ტელეკრანზე ქმნიდნენ სააკაშვილის კრედოს, უკვე მრავალჯერ ნაცადს, "შექმენი შენთვის საჭირო შინაარსის დამაჯერებელი სურათი ტელეეკრანზე, მერე რაც გინდა ის ქენი". ფაქტია, რომ ტელესურათების შექმნის ეს ტექნიკა, რომელიც ჯერ კიდევ 90-იანი წლებში შეიმუშავეს ცხონებულ ეროსი კიწმარიშვილთან ერთად, იმავე ინერციით გრძელდება. ყველაზე სამწუხარო კი ის არის, რომ მთელი ეს პოლიტიკური მარაზმი მიმდინარეობდა საკმაოდ მძიმე სოციალ-ეკონომიკურ ფონზე" - გაანცხადა "რეზონანსთან" პეტრე მამრაძემ.