
კორუფციულ საქმიანობასთან დაკავშირებით „ქართული ოცნებიდან" დემარშით წამოსული, დამოუკიდებელი დეპუტატის ეკა ბესელიას წინააღმდეგ გამოძიებაა დაწყებული. ამის შესახებ ინფორმაციას ექსპერტი გია აბაშიძე ავრცელებს. ამაზე საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოფო კილაძე „ინტერპრესნიუსთან" გაკვირვებას გამოხატავს, პროკურატურამ შესაბამისი ნაბიჯები აქამდე რატომ არ გადადა. კილაძის ამ განცხადებას ბესელია გამოეხმაურა და თქვა, რომ „კილაძე და მისნაირები ტროლების ფუნქციას ასრულებენ."
სოფო კილაძის განცხადება დეპუტატ დავით ჭიჭინაძისთვის მიუღებელია: „როდესაც ასეთ რაღაცას ამბობენ, რომ რატომ აქამდე არ დაინტერესდაო, მე მაინტერესებს, საერთოდ მათი წარსულით რატომ არავინ ინტერესდება, როგორ მოხვდნენ იმ „ქართულ ოცნებაში," რომლის გულისთვისაც ბესელია იბრძოდა? ამ დროს ისინი მეორე მხარეს იყვნენ," - განუცხადა „რეზონანსს" ჭიჭინაძემ.
ეკა ბესელია „ბინძურ კამპანიის" ნაწილს უწოდებს ბოლო დროს მისი მისამართით კორუფციული საქმიანობის შესახებ გაჟღეებულ ბრალდებებს.
„სოფიო კილაძე მარტო ბიძინა ივანიშვილმა კი არ გააჩერა და უთხრა, რომ სისულელეებს საუბრობდა, შეხვედრაზე ვერავინ გაიგო, რაზე საუბრობდა. თავისმა კოლეგებმაც დასცინეს და უთხრეს, რომ ეს იყო ნაციონალური მოძრაობის ნარატივი, რა ნარატივშიც ისინი წლების განმავლობაში საუბრობდნენ ჩემს წინააღმდეგ. ზუსტად ამ სიტყვებით დაიწყო საუბარი და მას არც კი დააცადეს საუბარი.
„როდესაც აღარ არის ტროლები, ბოტები, გაუქმდა ეს ყალბი გვერდები ახლა მათ როლში გამოჩნდნენ კილაძეები, აბაშიძეები. ეს არის მათი ახალი როლი, რომ შეავსონ ის დანაკლისი, რომელიც გაუქმებული გვერდების შემდეგ შეექმნა ქართულ ოცნებას," - აცხადებს ბესელია.
როგორც კილაძემ აღნიშნა, მის გარდა ეკა ბესელიასთან დაკავშირებით კითხვები სხვა დეპუტატებსაც ჰქონდათ.
ჭიჭინაძე არ გამორიცხავს ეკა ბესელიას დაკავებას, თუმცა აცხადებს, რომ მსგავსი ნაბიჯი „ქართულ ოცნებას" ბუმერანგივით დაუბრუნდება, რასაც მმართველი გუნდისთვის უარყოფითი შედეგი აუცილებლად მოჰყვება:
„ვხედავთ, რომ ყველაფერი უკვე შერჩევითია. მხოლოდ ოპონენტებთან მიმართებაში არის ასეთი მიდგომები და არ მგონია, ამას მარტო სამართლებრივი მხარე ჰქონდეს და სამწუხაროა, რომ „ქართული ოცნება" იგივე გზას ადგას, რა გზასაც თავის დროზე „ნაციონალური მოძრაობა." ეს კიდევ ერთი მანიშნებელია იმისა, რომ მათ შორის დღეს ზღვარი წაშლილია.
„ქართული ოცნება" ისეთ ნაბიჯებს დგამს, თუკი ნიკა მელიას მიმართ განხორციელებულ ქმედებასაც გავითვალისწინებთ, რომელსაც მოუხსნეს იმუნიტეტი, შემდეგ დანაშაულზე წაუყენეს ბრალი და ამის გამო პარლამენტი დაატოვებინეს, გამორიცხული არაფერია, თუმცა ამას ალბათ დადებითი რეზონანსი მათთვის არ მოჰყვება და ბევრად უფრო დიდ ზიანს მიაყენებს, ვიდრე ზოგადად, სარგებელს მოუტანს.
„ქართულ ოცნებასთან" ბევრად უფრო ოდიოზური ფიგურები არიან ასოცირებული და ბევრად მეტი დანაშაული აქვთ ჩადენილი. ძველი დანაშაულის დევნას, ჯობია ახლები გამოიძიონ, რაზედაც პასუხი არ გვაქვს, თუნდაც ყალბ დღგ-სთან დაკავშირებით," - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.
ბესელიას შესაძლო დაკავშირების შესახებ მოსაზრება პირველად ექსპერტმა გია აბაშიძემ გამოთქვა. ამტკიცებდა, რომ პროკურატურამ ეკა ბესელიას მიმართ მოკვლევა დაასრულა და ახლა გამოძიებას ოფიციალურად იწყებს. მან ამ თემაზე სოციალურ ქსელში ვრცელი სტატუსი გამოაქვეყნა.
ცნობისათვის, პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა 14 დეკემბერს თავისუფლების მოედანზე მმართველი გუნდის მიერ ორგანიზებულ აქციაზე განცხადება გააკეთა, რომ „ვინც ბოლო 30 წლის მანძილზე მექრთამეობის ეტალონად იქცა პარლამენტის ტრიბუნიდან კორუფციაზე გვესაუბრება და სამართლიანი სასამართლოს მედროშედ უნდა წარმოაჩინოს თავი".
ივანიშვილს არ დაუკონკრეტებია ვის გულისხმობდა, თუმცა, მის გუნდში სჯერათ, რომ პარტიის ლიდერის ამ სიტყვების ადრესატი დეპუტატი ეკა ბესელია იყო.
თავად ბესელია დარწმუნებულია, რომ ბიძინა ივანიშვილი ამ განცხადებაში მას არ გულისხმობდა და საკითხს იმდენად არასერიოზულს უწოდებს, რომ კომენტარის გაკეთებაც ზედმეტად მიაჩნია.