
(რეზონანსი) არსებული შერეული სისტემით ხელისუფლების შეცვლის ალბათობა არის იგივე, რაც ნებისმიერი სხვა სისტემით, - ამის შესახებ „დღის ქრონიკაში" „ქართული ოცნების" საზოგადოებასთან ურთიერთობის მრჩეველმა ლაშა ნაცვლიშვილმა განაცხადა.
მან ამის ერთ-ერთ დამადასტურებელ ფაქტად 2012 წლის არჩევნები მოიყვანა, როდესაც „ქართულმა ოცნებამ" იმ საარჩევნო კანონმდებლობის პირობებში „თავზეხელაღებული, ყველაფერზე წამსვლელი, მონოლითური „ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლება", შიშის და ტერორის პირობებში დაამარცხა".
„ქართულმა ოცნებამ" ამ არჩევნებით „ნაციონალური მოძრაობა", მათი სიტყვებით რომ ვთქვათ, „გახია". ხალხმა თუ მოინდომა, ვერანაირი მანიპულაცია, რეპრესია შეაჩერებს. რაც ხალხს სურს, ის მოხდება ნებისმიერი საარჩევნო სისტემით", - განაცხადა ლაშა ნაცვლიშვილმა.
რაც შეეხება პროპორციული სისტემის დაპირების ვერშესრულების საკითხს, ნაცვლიშვილის თქმით, დემოკრატიულ ტრადიციაში ყველაფერს თავისი ადგილი აქვს და თუ საქართველოს მოსახლეობა და ამომრჩეველი ჩათვლის, რომ „ქართულმა ოცნებამ" ამ დაპირების ვერშესრულებით ისეთივე უპატიებელი შეცდომა ჩაიდინა, რომლისთვისაც ღირსია, ჩამოერთვას ხელისუფლება და რასაც „ნაციონალური მოძრაობის" სისტემურ ძალადობას, ან შევარდნაძის პერიოდის სისტემურ კორუფციას გაუტოლებს, მაშინ ქართველი ხალხი ყოველგვარი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე მოახერხებს თავისუფალი არჩევანის გაკეთებას. „ქართველმა ხალხმა" ზუსტად იცის და ზუსტად აქვს გათვლილი ალგორითმი, სად აიღოს პაუზა, სად შეუტიოს, ჩვენ ბახტრიონის ხალხი ვართ", - განაცხადა ლაშა ნაცვლიშვილმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე