
საქართველო 2019 წელსაც ცნობილი თავსატეხით ასრულებს - ეკონომიკური ზრდის ტემპი მაღალია, მაგრამ მოსახლეობის მდგომარეობა სულ უფრო უარესდება. ფინანსთა მინისტრის წინასწარი ინფორმაციით, დეკემბერში მშპ შთამბეჭდავად გაიზარდა და სავარაუდოდ 7%-ს მიარწევს. ეს ბოლო პერიოდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, მაგრამ სანამ ხელისუფლება თავს ციფრებით იწონებს, ქვეყანაში რეკორდული ინფლაციაა. მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა მინიმუმზეა, ხოლო მათი გაღარიბების მაჩვენებლი მატულობს.
ციფრები და მოსახლების რელური მდგომარეობა რომ აბსოლუტურად ერთმანეთსაა აცდენილი, ეს არც ახალია და არც მხოლოდ ,,ოცნების“ ხელისუფლების პრობლემა. ამ მხრივ ამჟამინდელი ფინანსთა მინისტრი მაინც მოწინავეა. ივანე მაჭავარიანმა ერთი წლის წინ თქვა, რომ ბიზნეს სექტორი ყოველწლიურად 40 000 ადამიანს ასაქმებს. ამ დროს ასეთ შედეგს 4 წელწადშიც კი ვერ მივაღწიეთ.
ამჯერად კი მაჭავარიანის პროგნოზით დეკემბერში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 7%-ის ფარგლებში იქნება. საინტერესოა ახლა მაინც თუ იქნება მინისტრის მონაცემები რეალურ სტატისტიკასთან ახლოს.
„წარმოუდგენელ ციფრებს ვხედავთ. წინა თვეში ეკონომიკის ზრდის ტემპი იყო 5,7%. არ მინდა სტატისტიკის დეპარტამენტს გავუფუჭო პირველობის უფლება ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის გავრცელებასთან დაკავშირებით, რადგან 30 დეკემბერს აპირებენ გამოქვეყნებას, თუმცა გეტყვით, რომ წინასწარი მონაცემებით, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 7%-ის მიდამოებში იქნება, პლიუს-მინუს... ეს ძალიან მაღალი მაჩვენებელია“, - განაცხადა "ფორბს ჯორჯიასთან" მაჭავარიანმა.
კითხვაზე იყო თუ არა მსგავსი მოლოდინი, ფინანსთა მინისტრმა შემდეგი პასუხი გასცა: „მოლოდინი იყო, რომ ამაზე გაცილებით დაბალი იქნებოდა მაჩვენებელი და შემდგომ გასწორდებოდა, თუმცა ეკონომიკამ მალე მოახდინა რეკუპერაცია (დაბრუნება, აღდგენა)“.
თუკი მინისტრის ეს პროგნოზი გამართლდა, არა სახარბიელო, თუმცა წლის განმავლობაში განვითარებული მოვლენების ფონზე, პოზიტიური ნიშნული დაფიქსირდება, თუმცა უფრო მწვავედ დგება საკითხი - თუ მართლა გვაქვს ეკონომიკური ზრდა, რატომ არასდროს აისახება მოსახლეობაზე?
ეკონომისტი ემზარ ჯგერენაია ფიქრობს, რომ ეკონომიკური ზრდის გავლენა მოსახლეობის კეთილდღეობაზე დაახლოებით 1 წლის შემდეგ აისახება. არსებული მდგომარეობით კი, ეკონომიკას სოცლიალურ პრიორიტეტებზე გათვლილი ბიუჯეტი აფერხებს.
"ქვეყნის ეკონიმიკა და მოსახლეობა დღეს სხვადასხვა გზით მიდიან. ამიტომაა, რომ მშპ-ის ზრდა სოციალური ფონის გაუმჯობესებას ვერ განაპირობებს. ეს პროცესები ხალხის შემოსავლებზე ასე სწრაფად არ აისახება. მშპ-ს ზრდის სიკეთე შეიძლება იგრძნონ რამდენიმე წლის შემდეგ, ჯერჯერობით ეს შეუძლებელია.
ალბათ 2020 წლის შემდეგ უფრო შესამჩნევი გახდება მოსახლეობისთვის ეკონომიკური ზრდის პოზიტიური გავლენა. მარტივი საქმე არ არის, როცა სოციალურ შემწეობას ნახევარი მილიონი ადამიანი იღებს. კარგია, რომ სახელმწიფო ეხმარება საკუთარ მოქალაქეებს, მაგრამ გაცილებით უკეთესი იქნებოდა, რომ ასეთი საჭიროება არ იდგეს. წარმოების განვითარებისა და სამუშაო ადგილების შექმნის გარეშე არაფერი გამოვა. ჩვენ გვინდა რეალური სამუშაო ადგილები და არა - პოპულიზმი, რითაც ქვეყანა ვერასდროს წავა შორს", - აცხადებს "რეზონანსთან" ჯგერენაია.
ეკონომიკური ზრდის ტემპი რომ დაბალია, ამბობენ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული დეპარტემენტის გამოქვეყნებული მონაცემები და სპეციალისტებიც, თუმცა ყველაზე აშკარად ამას მოსახლეობის სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობა წარმოაჩენს. შემცირებული მსყიდველუნარიანობა, გაზრდილი ინფლაცია და კიდევ მეტად შემცირებული განკარგვადი შემოსავალი - ამ რეალობით ხვდება საქართველო 2020 წელს. მიუხედავად ამისა, სანამ აღმასრულებელი ხელისუფლება ციფრებით იწონებს თავს, საქართველოს ევროპის ისეთ ქვეყნებამდე, როგორიც, მაგალითად, ბულგარეთია 15 წელი აშორებს.
15 წელიც ზედმეტად პოზიტიურად მიაჩნია აკადემიკოს ავთანდილ სილაგაძეს. მისი აზრით, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს დავეწევით იმ შემთხვევაში, თუკი ისინი გაჩერდებიან და აღარ განვითარდებიან.
"7% კარგია განვითარებული ქვეყნებისათვის, რომლებსაც აქვთ დიდი ეკონომიკა და შესაბამისად, ეს ზრდაც ძალიან კარგია, ჩვენს შემთხვევაში დაბალი და არასახარბიელო მაჩვენებელია. ზედმეტად პოზიტიური მგონია, რომ 15 წელში შიეძლება დავეწიოთ ევროპის სახელმწიფოებს, მაშინ ისინი უნდა გაჩერდნენ. ისინიც, განვითარედებიან და ამიტომ ყველაზე სუსტი ქვეყნის დაწევაც კი გაგვიჭირდება ამ ტემპით.
ცხოვრების დონეს ჩვენთან არც ეკონომიკური ზრდა განსაზღვრავს და არც საშუალო ხელფასი, რადგან ის იზრდება მაქსიმუმ მოსახლეობის 5%-ის ხარჯზე, რომელსაც ისედაც ყველაზე მაღალი შემოსავალი აქვს. დანარჩენის ცხოვრება კი ან უცვლელია, ან უარესდება. გადანაწილება იმდენად არათანაბარია, რომ მცირე ნაწილს მიაქვს ქვეყანაში შექმნილი დოვლათის აბსოლუტური უმეტესობა. ეს არის პასუხი კითხვაზე, თუკი სტატისტიკა უმჯობესდება, რატომ არ ასისახება ის ხალხზე“, - აღნიშნა ავთო სილაგაძემ ,,რეზონანსთან“ საუბრისას.