ტატა შოშიაშვილი
28.12.2019

„ისინი თავს გაიმართლებენ, რადგან ძალიან ძლიერი ზეწოლა იყო, როდესაც ხანგრძლივი პატიმრობა მიუსაჯეს გაფრინდაშვილს... საქართველოში არსებობს მოსაზრება, რომ თითქოს რუსეთის ინტერესებში იყო გაფრინდაშვილის დაპატიმრება, მაგრამ პირიქით იყო", - ასე გამოეხმაურა „რეზონანსთან" საუბრისას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი.

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას. მისი თქმით, გაფრინდაშვილის გათავისუფლებას ხელი დე ფაქტო რესპუბლიკის „პრეზიდენტმა" რუსული მხრიდან ზეწოლის შემდეგ მოაწერა.

რუსული „სპუტნიკის" ცნობით, დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ქართველი ექიმის „შეწყალებას" შაბათს დილით მოაწერა ხელი. ცხინვალის დე ფაქტო უშიშროების სამსახური („კა-გე-ბე") კი ამაზე საგანგებო განცხადებას აგვრცელების და გაფრინდაშილის პატიმრობიდან გათავისუფლების მიზეზეს განმარტავს.

„გამოძიების დროს გაფრინდაშვილმა ითანამშრომლა სამართალდამცავ ორგანოებთან და იგი დარღვევების გარეშე იცავდა პატიმრობის რეჟიმს. გამოძიების მსვლელობისას, 1989, 1992, 2004 და 2008 სამხედრო დანაშაულის ჩადენასთან კავშირში მყოფი პირების შესაძლო გამოვლენის მიზნით, დაკავებულისთვის მოხდა დოკუმენტალური ვიდეომასალის ჩვენება, რომელზე სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის მიმართ გენოციდის გამოვლენა იყო აღბეჭდილი, მათ შორის ზარისა და ერედვის ტრაგედიები. ორგანიზებული იყო მისი გასვლა აღნიშნული მოვლენების მსხვერპლთა დაღუპვის ადგილებში. გაფრინდაშვილმა მისთვის წარდგენილი მასალების მიმართ დაინტერესება გამოავლინა", - ნათქვამია ცხინვალის „კა-გე-ბეს" განცხადებაში.

მათივე ცნობით, ე.წ. სასამართლო პროცესის მსვლელობისას გაფრინდაშვილმა „მისი ქმედებებით გამოწვეული დისკომფორტისთვის" ბოდიში მოიხადა და მადლობა გადაუხადა ოს ხალხს „კომფორტული პირობებისთვის".

„რეზონანსთან" საუბრისას პაატა ზაქარეიშვილმა აცხადებს, რომ „კა-გე-ბეს" მიერ გავრცელებული ცნობა არის თავის მართლება, რადგან ცინვალის საოკუპაციო რეჟიმი დიდი წნეხის ქვეშ იყო მთელი ამ დროის განმავლობაში, რის მიუხედავადაც ექიმს მაინც არ ათავისუფლებდნენ, ხოლო, სავარაუდოდ, რუსეთის ზეწოლის შემდეგ გაუშვეს და იმიჯის შენარჩუნებას ცდილობენ:

„რა თქმა უნდა, ისინი თავს გაიმართლებენ, რადგან ძალიან ძლიერი ზეწოლა იყო, როდესაც ხანგრძლივი პატიმრობა მიუსაჯეს გაფრინდაშვილს. ვფიქრობ, რომ გარკვეული სტრუქტურები, რამდენიმე ძალა, მათ შორის რუსეთიდანაც, ჩაერთო ამ პროცესში და მოხდა ზემოქმედება. მე ვიცი, რომ რუსეთის მხრიდან იყო სერიოზული ზეწოლა.

„საქართველოში არსებობს მოსაზრება, რომ თითქოს რუსეთის ინტერესებში იყო გაფრინდაშვილის დაპატიმრება, მაგრამ პირიქით იყო - ბიბილოვის პრინციპული პოზიცია იყო, რომ არ გაეთავისუფლებინათ გაფრინდაშვილი, მაგრამ ჩვენმა დიპლომატიამაც და საერთაშორისო ორგანიზაციებმაც იმუშავეს რუსეთზე და მან მოახდინა ზემოქმედება.

„ის ლეგენდა, რომელიც მათ დაწერეს, არის თავის გასამართლებელი და იმისთვისაა, რომ თავიანთი საზოგადოების წინაშე თავი იმართლონ. საზოგადოების წინაშე ანტურაჟის შესაქმნელად იყო დაწერილი, რათა გაემართლებინათ ქმედება, რომლის შემდეგაც თითქმის 2 წლიანი პატიმრობამისჯილი გაფრინდაშვილი გაათავისუფლეს", - განმარტავს პაატა ზაქარეიშვილი.

ცნობისთვის, 20 დეკემბერს, დე ფაქტო სასამართლომ ექიმი-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსით გაასამართლა და ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის ერთი წლითა და ცხრა თვით პატიმრობა მიუსაჯა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×