ახალი წლის დღეებში ისედაც ჰუმანიტარული კატასტორიფის წინაშე მყოფი ახალგორის რაიონი სრულ იზოლაციაში ექცევა. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ უსაფრთხოების კომიტეტი, წინასაახალწლოდ უსაფრთხოების ზომების გაძლიერების მიზნით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსასვლელ ერთადერთ გამშვებ პუნქტსაც ჩაკეტავს. ყოველივე ამას კი წინ უძღვოდა რუსი სამხედროების მიერ მოსახლეობაში გამოკითხვის ჩატარება.
ადგგილობრივების ცნობით, გასულ კვირას რუსი სამხედროები უშუალოდ ახალგორსა და მიმდებარე სოფლებში კარდაკარ დადიოდნენ, მოსახლეობას კითხვებს უსვამდნენ და მათ პასუხებს ინიშნავდნენ. კითხვები ძირითადად შეეხებოდა იმას, თუ რა აზრის იყვნენ ადგილობრივები ე.წ. საზღვრის ჩაკეტვაზე და მათგან ვის სურდა სამუდამოდ ახალგორში ცხოვრება.
ამის შემდეგ კი დე ფაქტო ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ საჩხერის მუნიციპალიტეტის ოკუპირებულ სოფელ ქარზმანში მდებარე გამშვები პუნქტი 30 დეკემბრის 20:00 დაიკეტება და 3 იანვრის 6:00 საათზე გაიხსნება.
კიდევ ორი ე.წ გამშვები პუნქტი ახალგორთან და სოფელ სინაგურთან ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა სექტემბრის დასაწყისში ჩაკეტა. ამის მიზეზად კი საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასთან გამწვავებულ ვითარებას ასახელებს.
ახალგორთან გამშვები პუნქტის ჩაკეტვამ მოსახლეობა სრულ იზოლაციაში მოაქცია, რეგიონში პროდუქტისა და მედიკამენტების მწვავე დეფიციტია. ადგილობრივები, რომელთა თხოვნითაც მათ ვინაობას არ ვასაჯაროებთ, „რეზონანსთან“ იმ მწვავე პრობლემებზე საუბრობენ, რომელიც ამ თვეების განმავლობაში შეექმნათ.
ახალგორში მსოახლეობის მთავარი სასიცოცხლო გზა საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიაა, რადგანაც რთული რელიეფის გამო მათ ცხინვალის მიმართულებით გადაადგილება უჭირთ. ისინი გვიყვებიან, რომ ახალი წლის დღეები მათთვის კიდევ უფრო მძიმე და გაუსაძლის აღმოჩნდება, რადგანაც რამდენიმე დღის განმავლობაში ფაქტობრივად დე ფაქტო ხელისუფლების სრულ ტყვეობაში რჩებიან.
მაღაზიებში არ არის პროდუქტი და მედიკამენტები. რაც არის, საკმაოდ ძვირია და შემოსავლსი გარეშე დაარჩენილი მოსახლეობა საკვებს მხოლოდ ნისიად იღებს, ან ერთმანეთს უნაწილებენ. ვისაც საქართველოდან რუსეთის გავლით ნათესავებისგან რამე ამანათი მიუვა, მეზობლები ერთმანეთს ასე ეხმარებიან.
26 დეკემბერს კი ახალგორში ჩასულ ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზზიდენტსა და ადგილობრივებს შორის საკმაოდ დაძაბული შეხვედრა შედგა. მოსახლეობის კითხვას „როდის გაიხსნება ე.წ. ჩაკეტილი საზღვარი“, ანატოლი ბიბილოვისგან ულტიმატუმი მოჰყვა.
ბიბილოვი გამშვები პუნქტის ჩაკეტვას წნელის-ჩორჩანის საგუშაგოების კრიზისს უკავშირებს და ამ საკითხის მოგვარებამდე გზის გახსნას არ აპირებს. დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით, თბილისისკენ გადაადგილების უფლება მხოლოდ მძიმე ავადმყოფებსა და პენსიონერებს მიეცემათ, თუმცა ჯერ არავინ იცის, პენსიონერები თანხის მისაღებად როდის გადავლენ თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე.
„ახალგორში ასეთი გაჭირვება არასდროს ყოფილა. ჩვეულებრივად გადავდიოდით და გადმოვდიოდით. მოხუცი დედამთლილი და მამამთილი მყავს და მათ ყურადღება სჭირდებათ, ამიტომ აქ ვარ ჩარჩენილი. ზაფხულში ჩამოვედი, რომ მოხუცები მენახა როგორ იყვნენ. საბუთი მოვითხოვე, რომ გადავიდე, მაგრამ უარი მითხრეს. ესენიც ვერ მიმყავს თბილისში. თანაც ამათაც წამოსვლა არ უნდათ.
„წამალი აქ არ არის და საკვები. უკიდურესი გაჭირვებაა. ისევ ვლადიკავკაზიდან ნათესავები ჩამოვიდნენ და გარკვეული რაოდენობის მედიკამენტები ჩამოგვიტანეს. დედამთლი ავად მყავს და წამალი ვერ ვიყიდე. საერთოდ გაგვიშვებენ თუ არა, ეგეც არ ვიცით.
„გავიგეთ, რომ ის ერთი გამშვები პუქტიც იკეტება. საბუთი არ გვაქვს არაფერი, ჩემი მოხუცებიანად აქ ვარ ჩარჩენილი. ამბობენ, რომ ავადმყოფებს და პენსიონერებს გაუშვებენ, მაგრამ 90 წლის მოხუცები მყავს, დამოუკიდებლად როგორ გადავლენ, თუ არ წავიყვანე?! მე არც პენსიონერი ვარ და არც ავად ვიმყოფები.
„ეს მარტო ჩემი პრობლემა არ არის, მთელი სოფელი ასეა. ახალი წელი კი არა, ნეტა ცოცხლები გადავრჩებოდეთ“, - აცხადებს „რეზონანსთან“ 55 წლის ქალი, რომელიც თბილისიდან მოხუცი დედამთილის და მამამთილის მოსანახულებლად ზაფხულში ჩავიდა ახალგორში და მას შემდეგ უკან ვეღარ ბრუნდება.
მისივე თქმით, ბიბილოვთან შეხვედრამ შედეგი არ გამოიღო. პირიქით, ადგილობრივებს, რომლებმაც პროტესტი გამოთქვეს, მიუთითეს, რომ ვისაც ახალგორში ცხოვრება, არ უნდა წავიდეს.
ადგილობრივი მცხოვრები გვიყვება, რომ მაღაზიებში საკვების და პირველადი მოხმარების ნივთების დეფიციტია. ხოლო რაც არის ყველაფერს ორმაგი და სამმაგი ფასი აქვს.
„საკვები და მედიკამენტები ცხინვალიდან ჩამოაქვთ და სასწაული ფასები აქვს. მეზობლები ერთმანეს უკვე საჭმელს ვუნაწილებთ, ისეთი მძიმე სიტუაციაა. ოსების მხრიდან არანაირი ზედმეტი სიტყვა და უარყოფითი დამოკიდებულება არ არის. არავინ არაფერს გვსაყვედურობს. პირიქით, ვცდილობთ, რომ რაც შეგვიძლია ერთმანეთს დავეხმაროთ“, - აცხადებს „რეზონანსთან“ ადგილობრივი.
ახალგორის კიდევ ერთი მცხოვრები, 70 წლის მამაკაცი „რეზონანსთან“ ყვება, რომ მას ინსულტი აქვს გადატანილი და ყოველთვე თბილისში ექიმთან კონსულტაცია სჭირდება. ასევე მედიკამენტები, რომელიც ახალგორში არ არის ად დეფიციტურია. ის მუდმივად რისკის ქვეშ არის და მისი სიცოცხლეს ფაქტობრივად საფრთხე ემუქრება.
„ძალიან გვიჭირს, მაგრამ რა ვქნა, აქ დავიბადე გავიზარდე და აქ მოვკვდები. არსად წასვლას არ ვაპირებ. პენსიონერი ვარ, მაგრამ რაც „საზღვარი“ ჩაიკეტა, მას შემდეგ პენსია არ ამიღია. რაღაც დანაზოგი გვქონდა მე და ჩემს ცოლს და ისიც გამოგველია. ნისიად გვაძლევენ და გვეუბნებიან, რომ როცა პენსიას აიღებთ მერე მოგვეცითო. ექიმთან დავდიოდი თბილისში და სექტემბრის შემდეგ აღარ ვყოფილვარ. ინსულტი მაქვს გადატანილი და ყოველთვე კონსულტაციაზე უნდა მივიდე.
„არანაირი წამლები. წნევის დამწევებს ვიღებ მხოლოდ, რომ არ განმიმეორდეს. აქ არაფერი შესაძლებლობა ჩვენ არ გვაქვს. ჩვეულებრივი ტყვეები ვართ. ომის დროს არ ყოფილა ასეთი რამ. მედიკამენტები და საჭმელი ყოველთვის გვქონდა. ასეთ ხანგრძლივ იზოლაციაში ჯერ არ ვყოფილვართ. ველოდებით აბა, იქნებ გაიხსნას, მაგრამ რად გინდა, ახალი წლისთვის კიდევ უფრო ჩაკეტეს...“ - აცხადებს ადგილობრივი „რეზონანსთან“.
ახალგორელების ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ რუსი სამხედროები გამოჩდნენ და მოსახლეობის აღწერა დაიწყეს. გამოკითხეს რა პოზიცია აქვთ ჩაკეტილ ე.წ. საზღვართან დაკავშირებით და ახალგორში მუდმივად ცხოვრებას ვინ აპირებს. მათთვის ჯერჯერობით გაურკვეველია რა არის ამ გამოკითხვის და აღწერის მიზანი.
საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილების გამო ის ახალგორელები, რომლებიც საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე რჩებიან, საკუთარ ახლობლებს სიცოცხლისთვის აუცილებელ პროდუქტს და წამლებს რუსეთის გავლით უგზავნიან.
ოფიციალურ თბილისში ახალგორელების პრობლემების შესახებ იციან, თუმცა უკვე 4 თვეა პრობლემა ვერ გვარდება, მათ შორის ვერც საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით. საოკუპაციო რეჟიმის ულტიმატუმის შემდეგ, რომელიც სოფელ ჩორჩანაში ქართული პოლიციის საგუშაგოს აღებას ეხება, სახელმწიფო მინისტრი დახმარებისთვის კვლავ საერთაშორისო საზოგადოებას მიმართავს.
სასიცოცხლო გზა, როგორც მას ახალგორელები ეძახიან, საოკუპაციო რეჟიმმა 4 სექტემბერს გადაკეტა, ისე, რომ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ადამიანებს სამკურნალოდაც არ უშვებდნენ. ამას ერთ შემთხვევაში მსხვერპლიც მოჰყვა - ოჯახის არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, საოკუპაციო რეჟიმმა ავადმყოფი ქალის საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე კლინიკაში გადმოყვანის უფლება არ მისცა.